შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დადგა პროექტის „ქალები იმპლემენტაციას უწევენ ინკლუზიურ მიდგომებს ადამიანური უსაფრთხოების სფეროში მდგრადი მშვიდობის დამყარებისათვის“ მომდევნო ეტაპი. უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპების ჩატარების შემდეგ წყალტუბოში, ქუთაისში, ხონში ქალთა საინიციატივო ჯგუფები იქმნება.
წყალტუბოში საინიციატივო ჯგუფი 6 ქალისაგან შედგება. თითოეული მათგანი საგანგებოდ შედგენილი ანკეტებით შეირჩა. ერთ-ერთ პუნქტში, რატომ გსურთ გახდეთ საინიციატივო ჯგუფის წევრი, აქტივისტები წერენ, რომ მათ ირგვლივ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე, ამიტომ სურთ აქტიურად ჩაერთონ პრობლემების ადვოკატირების პროცესში.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც პრობლემათა ადვოკატირების პროცესებში ჩაერთვებიან.

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ საინფორმაციო-სამობილიზაციო მუშაობას ბენეფიციარებთან.
ივლისის თვეში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო - დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც მსხვერპლის დაცვის მექანიზმი.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან. იყო დისკუსიებიც, შეკითხვებიც, რომლებზეც მობილიზატორებმა პასუხები გასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს საქმიანობას და ხელს შეუწყობს საზოგადეობრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას - აღინიშნა დასკვნით კონფერენციაზე, რომელმაც შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები. კონფერენცია გაიმართა 25 ივლისს, სასტუმრო „ოსკარში“. ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (აბაშა, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
გამომსვლელებმა შეაჯამეს საბჭოს სამწლიანი გამოცდილება, შეკრებილებს გაუზიარეს ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, ადგილობრივი საჭიროებების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, ამომრჩეველ ქალთა კლუბთან და ადგილობრივ მასმედიასთან თანამშრომლობაზე.
კონფერენციაზე მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მის გაგრძელების და მხარდაჭერის აუცილებლობას. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო გამოცდილება დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი გენდერული საბჭოები საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული შესწორებების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს გენდერული საბჭოების შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან.

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამართა საინფორმაციო ფორუმი დევნილებისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“.
იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებული სერვისები (დასაქმება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება...) შესთავაზეს

გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან სამწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყო - ასეთი შეფასება გაკეთდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონფერენციაზე, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა ოზურგეთში საბჭოს მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები, გურიის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის) და აჭარის (შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ და მოიაზრებს მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოების შექმნას. ეს პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საპილოტე საბჭოების მუშაობა და შედეგები კი სამაგალითო უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო 8 პროექტს ითვლის. შეხვედრაზე გაანალიზდა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხაზგასმულ იქნა საბჭოს მიერ ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება, როგორც საყრდენი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გეგმა.

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმ ძირითად შედეგებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც სამწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვდა. აღინიშნა, რომ საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შექმნაში - შედეგად 2016 წლის ბიუჯეტში აისახა გენდერული საკითხები.
შედეგებში მოხვდა გენდერული საკითხების აქტუალობა ადგილობრივ მედიაში, გენდერული ბიუჯეტირების მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, საკონონმდებლო ცვლილებები, რაც მუნიციპალურ დონეზე გენდერული საბჭოების შექმნას გულისხმობს.
როგორც კონფერენციაზე ითქვა, საბჭოს გამოცდილება, მიღებული შედეგები კარგ საფუძველს შეუქმნის ქუთაისის მომავალ საბჭოს გენდერული მიმართულებით ეფექტური მუშაობისთვის.

სოფელ ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) „სოფლის სახლში“ ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღე“.
ფილმის დამთავრების შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა, აქტიური დისკუსია ფილმის და მასში დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ეს ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის“ ფარგლებში. მოწვეულები იყვნენ ქალბატონები ინგირიდან და დიდინეძიდან.

18 ივლისს ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მოწვეული იყო საკრებულოს დეპუტატი ლელა ქელბაქიანი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რიგ პრობლემებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს მათი მოგვარების გზების მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

ქუთაისის გენდერული საბჭო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს: ამ მიზნით ტარდება საკმაოდ მასშტაბური კონფერენცია. სხდომაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. შეადგინეს მონაწილეთა სია. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრების აზრით, კონფერენცია კარგი არენაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს იქნება ანგარიში, შეფასება და გენდერული მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგების წარმოჩენა.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დაეთმო კონფერენციისთვის მზადებას. კონფერენციის ჩატარება ოზურგეთში პროექტის შეჯამებისა და საბჭოს მუშაობის პრაქტიკის გაცნობის მიზნით დაიგეგმა.
შეხვედრაზე ოზურგეთის თვითმართველობების გარდა მოწვეულნი იქნებიან გურიის გუბერნიის წარმომადგენლები, გურიის სხვა მუნიციპალიტეტების და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. აქცენტი გაკეთდება საკანონმდებლო ცვლილებაზე ყველა საკრებულოში გენდერული საბჭოების შექმნის კუთხით, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
