შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

6 აპრილს წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ სხვა ქალაქების ქალთა ჯგუფები, რა გამოცდილება აქვთ, რა მიღწევები დაუგროვდათ.
ჯგუფის წევრების კომენტარებში გამოიკვეთა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციებს, რა კეთდება ხონში, ქუთაისში რისკების შესამცირებლად და უსაფრთხოების მისაღწევად, რათა სხვათა გამოცდილების გაზიარება მათ საქმიანობაშიც აისახოს.
წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე ახალ პრობლემაზე მუშაობს, რომელიც სასტუმრო „მერანის“ კოლექტიურ ცენტრში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას შეეხება. მოდერატორმა ადვოკატირების პროცესი გააანალიზა. პროცესის დასაჩქარებლად ჯგუფის წევრებმა მოამზადეს წერილები სხვადასხვა სტრუქტურის მისამართით.

გაზაფხული დედათა და ქალთა დღეებთან ასოცირდება საზოგადოებაში. ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა, ტრადიციულად, ქალთა სოლიდარობის კვირეული ჩაატარეს - 33 სამობილიზაციო შეხვედრა და 6 მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ამ შეხვედრების დროს ისაუბრეს ქალთა მოძრაობის ისტორიაზე, წარმატებულ ქალებზე, გენდერული თანასწორობის ქართულ ფესვებზე და მის მნიშვნელობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე. ხაზი გაესვა ქალთა პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობას საქართველოში.
ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს, რა მდგომარეობაა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ლოკალურ თემებში და გამოყვეს საკითხები ადვოკატირებისათვის.
გამოიკვეთა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია დონორი ორგანიზაციების მოძიება. იდეაზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა დასახელებულ იდეას პროექტის სახე მისცენ და გაუგზავნონ დონორ ორგანიზაციას „ორბელიანი საქართველო“, რომელსაც გამოცხადებული აქვს კონკურსი.

სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, ჯგუფი მუშაობს ახალ პრობლემაზე, რაც კულტურული უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. ადვოკატირების პროცესი უკვე დაწყებულია. მონაწილეებმა შეადგინეს ოფიციალური წერილები და გაუგზავნეს სხვადასხვა სტრუქტურას. განსაზღვრეს მხარდამჭერები და ისაუბრეს იმ რისკებზეც, რომლებიც, შესაძლოა, მუშაობისას წარმოიქმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)


თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა ექსპერტული კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ექსპერტული კვლევა - სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need-ის დაკვეთით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა განახორციელა ხონის, ტყიბულის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
პრეზენტაცია შეეხო სოციალური მომსახურების სისტემის მიმოხილვას და გამოწვევებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს დევნილთა რეფორმის პროექტი. გამოიკვეთა რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
PIN-ის სოციალური პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

6 მარტს წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა ადვოკატირების გეგმა განიხილეს და, შესაბამისად, ახალი აქტივობები დაგეგმეს.
ადვოკატირების პროცესის ეფექტურად გაგრძელებისათვის ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გენდერულ საბჭოსთან, ლობირების თვალსაზრისით პროცესში ჩართული იქნება წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი და მასთან შეხვედრაც ჩაინიშნა.

თებერვალში სამობილიზაციო შეხვედრებზე იმსჯელეს დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ მოსამზადებელ დოკუმენტზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
დევნილთა აზრით, აუცილებელია რეფორმის სახეების განხილვა და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა. აქტუალურ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა დევნილთა საჭიროებები და წინადადებები, რომელთა შესახებ ფონდმა „სოხუმმა“ ინფორმაცია მიაწოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა შეხვედრაზე ქუთაისსა და თბილისში.
დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ამ საკითხს მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა რეფორმასა და ცვლილებებზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც განხილვისათვის მიეწოდება დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პრობლემათა ადვოკატირების მიმართულებით. 9 თებერვალს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ადვოკატირების გეგმა. გაიწერა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ წევრს საკუთარი უფლებამოსილება განესაზღვრა. ადვოკატირების გეგმაში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვიზიტები, რადგან პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით, მათთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-8 სხდომაზე საბჭოს წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ სერვისების სიცოცხლისუნარიანობას. ამისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება გარკვეული თანხები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადვოკატირების თემას. განხილული იყო დევნილთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ რეფორმამდე საჭიროა კონსულტაციები უშუალოდ ბენეფიციარებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეფორმა მაქსიმალურად იყოს მიმართული დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.
