შეხვედრები (663)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გრძელდება მუშაობა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
20 მაისს შედგა მეორე საინფორმაციო შეხვედრა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ მცირეა მათთვის გამოყოფილი პენსია (I ჯგუფი - 150 ლარი, II ჯგუფი - 100 ლარი, III ჯგუფი - 70 ლარი). მართალია, ჯანდაცვის პროგრამით ისინი ფინანსდებიან ფსიქოტროპული მედიკამენტებით, მაგრამ ბევრი სხვა წამალიც სჭირდებათ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს სხდომის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მათგანი ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად დაესწრება 27 მაისს.

მაისში 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილას - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფლებში: ტერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მობილიზატორებს არ გამორჩენიათ თვის მნიშვნელოვანი თარიღი: 17 მაისი - ოჯახის დღე. ამასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახის მნიშვნელობაზე, მის სიმტკიცეზე და ქალის როლზე ოჯახში.

შეხვედრებზე, ძირითადად, იმსჯელეს ოჯახში ძალადობისაგან ქალთა დაცვის მექანიზმების შესახებ. აღინიშნა, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერაც არ არის მიღწეული მისი მოქმედების ეფექტურობა. სამობილიზაციო შეხვედრების შემდეგ ქალებმა მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ ღონისძიებებში და ბევრმა მათგანმა შეძლო თავისი პრობლემის მოგვარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციების გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარდება.
17 მაისს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მასტერ-კლასი კულინარიაში. 11 ქალბატონი დიდი ინტერესით გაეცნო პიცის ცხობის საიდუმლოს. ბოლოსკი ყველამ ერთად დააგემოვნა.
მათ აღნიშნეს, რომ ასეთი აქტივობები, კულინარიული ცოდნის მიღებასთან ერთად, განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა მათთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრები ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივი სოციალური ჯგუფების გენდერულ საჭიროებათა კვლევას ატარებენ. კიდევ ერთხელ დაზუსტდა კვლევის გრაფიკი, განისაზღვრა ანგარიშის წარდგენის ვადები. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ისევე, როგორც შარშან, მოხერხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის კუთხით.
საბჭო ცდილობს თავისი წვლილის შეტანას ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერის საკითხში. ამას მოწმობს ფონდი „სოხუმიდან“ ნაწილობრივი დაფინანსებით მერიისთვის „თავისუფალი ინიციატივების კონკურსში“ წარდგენილი პროექტები. ჩვენდა სასიხარულოდ, თვითმმართველობიდან ამ დროისათვის უკვე მიღებულია ერთ-ერთის დაფინანსების თანხმობა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პრობლემის ადვოკატირების მიზნით საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები.
სხდომაზე განიხილეს ქუთაისის მერიისთვის წარდგენილი პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ თანადაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოიკვეთა მერიის მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ადვოკატირების პროცესი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრით გაგრძელდა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივად ეძებონ სამართლებრივი მექანიზმები პროექტის თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
4 წელია, ვითარდება პარტნიორობა ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან - დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა - NESEHNUTI: ახალგაზრდული ფორუმ-თეატრების ფესტივალის მოწყობა; ქუთაისში გენდერული საკითხების ადვოკატირების პროცესის მხარდაჭერა; ქუთაისში გამართული BarCamp; ახალგაზრდული საერთაშორისო ჯგუფის მასპინძლობა ფონდ „სოხუმში“.
ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტი წარმომადგენელი აქტიურად ეცნობოდა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოვლინდა დიდი ინტერესი ქალთა ორგანიზაციის მიმართ.
პარტნიორობის განვითარების ფარგლებში იგეგმება ფონდის თანამშრომლის სტაჟირება აღმოსავლეთ პარტნიორობის 4 ქვეყანაში.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დევნილთა ახალ დასახლებაში ჩატარდა. აქ 22 სამსართულიან კორპუსში 3000-მდე ოჯახია ჩასახლებული. მათი უმრავლესობა წყალტუბოს კოლექტიური ცენტრებიდან გადაიყვანეს.
დევნილებმა ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს. მათ აღნიშნეს, რომ გადაუხდელობის გამო, ხშირად არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და გაზი. ბევრი ადამიანი საბანკო ვალშია გახვეული.
დასახლების მეორე კორპუსის ბინადრის ჯაბა ბერიძის თქმით, გასულ წელს მათ სართულზე ხანძარი გაჩნდა, ამიტომ დერეფანი გარემონტებას საჭიროებს. ამ საქმეში მობინადრენი დახმარებას ადგილობრივ სტრუქტურებს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს სთხოვენ.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
1 მაისიდან ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით დაიწყო მუშაობა ახალ ბენეფიციარებთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
13 მაისს ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 14 ბენეფიციარი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
განისაზღვრა, რომ სამთვიანი მუშაობის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რათა ამ კატეგორიის ადამიანებმა შეძლონ თავიანთი პრობლემების ადვოკატირება, პროექტების წერა და დაფინანსების მოპოვება.

11 მაისს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთექვსმეტე სხდომა.
მონაწილეებმა პირველ საკითხად განიხილეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ თანადაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები და პერსპექტივები. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები. პაატა კლდიაშვილის (მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი) თქმით, პროექტის თანადაფინანსება აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მოხდება, რაც ერთობლივი ხელშეკრულებით გაფორმდება.
გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ იმუშავა აგრეთვე იმაზეც, როგორ ჩატარდეს ეფექტურად სოციოლოგიური კვლევა „გენდერული საჭიროებების შეფასება ადგილობრივი განვითარების კონტექსტში“.
კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ საბჭოს წევრებმა ფუნქციები გაინაწილეს და ორგანიზაციულ საკითხებზე შეთანხმდნენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ოზურგეთში, დაბა ნასაკირალის პირველ რაიონში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი რეპატრიანტ მესხებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
პრობლემა ბევრია - აქაური მცხოვრებნი, ძირითადად, უმუშევრობას უჩივიან, უამრავი ყოფითი საკითხი აწუხებთ.
ნასაკირალში არ არის ბაგა-ბაღი. რაც შეეხება სკოლას, ამასთან დაკავშირებით როზეტა სკამკოჩაიშვილმა (სოფელ დვაბზუს დეპუტატი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი) აღნიშნა: - 30 მოსწავლეზე სკოლას არავინ გახსნის, აქაური ბავშვები მეზობელ სოფელში სწავლობენ და მათ ავტობუსი ემსახურებათ.
არის კონკრეტული პრობლემებიც - 45 წლის ნაილი ბიწაძე (ფეხზე ნაოპერაციები), რომელიც დალოგინებულ 87 წლის პაშა ბიწაძეს უვლის, ოჯახთან ერთად ავარიულ შენობაში ცხოვრობს (დაზიანებულია კიბეები, ფანჯრები, ჩამონგრეულია ჭერი). რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ სოციალური დახმარება შეუწყდათ - ისინი ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბს და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
