ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.
რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხზე გაიმართა ვორკშოპები ქალების ჯგუფებთან ხონში, ქუთაისსა და ხურჩაში.
მუშაობისას მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს, ამ მეთოდის გამოყენებით გააკეთეს ანალიზი და დაასკვნეს, რომ კონფლიქტების განვითარების ძირითადი მიზეზი არასწორი კომუნიკაციაა. ვორკშოპების მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები განიხილეს, რამაც შეხვედრები განსაკუთრებით ეფექტური გახადა.
- როგორია მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, რატომ ხდება კონფლიქტები თაობათა შორის - ამ საკითხის განხილვამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში.
- მშობლები შვილებისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვენ. მაგალითად, ჩემი უფროსი და წარმატებული მოსწავლეა. დედა ჩემგანაც იგივეს მოითხოვს, მე კი არ შემიძლია და ეს ვერ გავაგებინე.
- მშობლები ყოველთვის მათი საზომიდან ხედავენ ყველაფერს. არ უნდათ, ჩვენ შეცდომები დავუშვათ. ხშირად ეს გამაღიზიანებელია და აქედან იწყება დაპირისპირება.
ასეთი იყო ახალგაზრდების მოსაზრებები. მათ შვილების ვალდებულებებზეც გაამახვილეს ყურადღება. მიაჩნიათ, რომ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია მშობლებთან, ისწავლონ ურთიერთობების მართვა, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტები.
ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, ფოთში, სენაკში. მუშაობისას გამოყენებული იყო როლური თამაშები, ინდივიდუალური სავარჯიშოები, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში.
მარტში სამი ვორკშოპი ჩატარდა ქალების ჯგუფებთან ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეობდა 39 ქალი. მათ იმსჯელეს თემაზე: რა იწვევს თაობათა კონფლიქტებს და როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა შვილებთან.
ქალების უმრავლესობამ აღნიშნა: ურთიერთობები უნდა ისწავლებოდეს, არაერთხელ ყოფილან ისეთ სიტუაციაში, როცა არ იციან, როგორ განმუხტონ შვილებთან დაძაბული ურთიერთობა.
- ის მეთოდები, რომელთაც ჩემი მშობლები იყენებდნენ ჩემს აღზრდაში, მე არ გამომადგა შვილებთან მიმართებაში, რადგან დროსთან ერთად იცვლება დამოკიდებულებები.
მონაწილეების აზრით, კონფლიქტების მართვა რთული პრობლემაა. ასეთი შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ, ანალიზი გააკეთონ და სხვისი შეცდომები არ გაიმეორონ.


ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). თემის ირგვლივ დისკუსია ყველა ჯგუფში საინტერესოდ წარიმართა.
ცოცხალი, რეალური ისტორიების განხილვისას გამოჩნდა, რომ ჯგუფებს შორის იყვნენ ქალები, რომელთაც ფასილიტაციის გამოცდილება გააჩნიათ. მათ გულახდილად ისაუბრეს საკუთარ შეცდომებზეც.
დისკუსიისას ჩამოყალიბდა, რა თვისებები სჭირდება კარგ ფასილიტატორს. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მედიატორი ვერ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მოსმენა, მოთმენა. რომელიც იმპულსური და ფეთქებადია.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები: რას ნიშნავს მოლაპარაკება, მედიაცია, როდის უნდა ჩაერიოს მესამე მხარე. მათი შეფასებით, ისინი უკვე გარკვეულნი არიან, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში დროულად უნდა ჩაერიონ და შეძლონ მისი დარეგულირება.
წყალტუბოში, ხონში, სენაკში ახალგაზრდების ჯგუფთან კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტის ანალიზის მეთოდებს: „ხახვი“, „კონფლიქტის ხე“. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რომლებიც კონფლიქტების განვითარებას უწყობს ხელს.
საინტერესო დისკუსია გაიმართა სოფელ ივანდიდში (ხონის მუნიციპალიტეტი). მსგავსი ფორმატის დისკუსიაში ახალგაზრდები პირველად მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, პრაქტიკაში გამოიყენონ ეს მეთოდები და შეძლონ კონფლიქტების მართვა.
ვორკშოპებზე ახალგაზრდების მხრიდან დაფიქსირდა ინიციატივები, დისკუსიები ამ თემაზე სკოლებშიც გააგრძელონ.
რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რამდენად მნიშვნელოვანია ის კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფებთან გამართულ ვორკშოპებზე.
მონაწილეებმა ანალიზი რეალური ისტორიების განხილვით დაიწყეს. გამოკვეთა შეცდომები, რომელთაც ადამიანები ხშირად უშვებენ ურთიერთობებში და ამით ხელს უწყობენ კონფლიქტების განვითარებას.
სოფელ კოკში ვორკშოპი პედაგოგების ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ უნარ-ჩვევებს მოსწავლეებთან ურთიერთობებში გამოიყენებენ.
- როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს. ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე ჩატარდა ვორკშოპები ახალგაზრდების და ქალების ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
- ძალადობასთან ბრძოლა საზოგადოების აქტივობით უნდა იწყებოდეს, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ძალადობის შემთხვევაში და დროულად ჩაერიოს მეზობლის, მეგობრის... ოჯახურ კონფლიქტებში, - აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.
დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. მათი მოსაზრებით, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
ვორკშოპების მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ 16-დღიან კამპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირებას, პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთ სერიოზულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ნოსირის, ძველი სენაკის და ნოქალაქევის საჯარო სკოლებში ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ვორკშოპების მონაწილეები იყვნენ მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. ბრეინშტორმინგის მეთოდით მოხდა ახალგაზრდების შეხედულებების და მათი დამოკიდებულებების განსაზღვრა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ძალადობის შედეგებზე,ზეგავლენაზე ქალებსა და ბავშვებზე.
შემდეგ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან. ნოსირსა და ძველ სენაკში მოსწავლეებმა აქციების ორგანიზებაც შეძლეს მოწოდებებით „არა - ძალადობას!“
ბულინგი - როგორც ძალადობის ფორმა მოზარდებში. ბულინგის მიზეზები, სახეები, შედეგები, პრევენციის გზები - ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს ბავშვთა სოფლის სააქტო დარბაზში შეკრებილმა მოზარდებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად.
მრავალფეროვნებისთვის ვორკშოპი სხვადასხვა სახით წარიმართა: როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. ზოგიერთისთვის ეს ნაცნობი თემა იყო. ზოგიერთს თავად განუცდია ბულინგი ან უძალადია სხვებზე... გულახდილმა საუბრებმა ვორკშოპს საინტერესო სახე მისცა.
ვორკშოპი გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.