დასრულდა საჭიროებათა კვლევა, პრობლემათა იდენტიფიცირება და იწყება ადვოკატირება.
როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი, რა პრინციპები უნდა დავიცვათ გზავნილის ფორმირებისას, რა არგუმენტებით დავამტკიცოთ პრობლემის აქტუალობა და პრიორიტეტულობა? - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი იმერეთისა და სამეგრელოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის 21 და 25 მაისს.
მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტულ პრობლემებზე, განსაზღვრეს ადვოკატირების კამპანიის დეტალები.
უკუკავშირის დროს გამოჩნდა, რომ ტრენინგი ნაყოფიერად წარიმართა:
„როგორც თემის ლიდერს, უნდა მცოდნოდა და უკვე ვიცი ადვოკატირების გზებზე. ეს დამეხმარება პრობლემებზე რეაგირებაში“.
„გავეცანი ადვოკატირების გეგმის სპეციფიკას. განსაკუთრებით მომეწონა ტრენინგის პრაქტიკული. ბევრი რამ ვისწავლე“.
ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები აქტიურად არიან ჩართულები დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა, კონფლიქტის მიმდებარე ტერიტრიაზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების ადვოკატირებაში.
მათ სისტემატური დიალოგი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დევნილთა სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციებთან. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრების „სამიზნე“ საერთაშორისო ორგანიზაციები გახდნენ.
ნონა ბუკიას - სოფელ ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერს - საშუალება ჰქონდა, მისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა გაეროს მუდმივი კოორდინატორთან საქართველოში, საბინე მახლთან, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა ანაკლიაში.
ქობულეთის, ტყიბულის, სამტრედიის, ვანის და თერჯოლის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე „ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში. კონფლიქტის მართვა. ბულინგი“.
ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლება, საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა. ყველა მონაწილე მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ახალ უნარ-ჩვევას დაეუფლოს.
გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ „საშინაო დავალებებს“. მაისში მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ტოლერანტობის, კონფლიქტის და ბულინგის თემებზე. ასეთი შეხვედრები კიდევ გრძელდება...
2021 წლის, 24 მაისს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო, ერგნეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები.
შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ყურადღება გაამახვილა შერიგების სახელმწიფო მინისტრის მიერ დაანონსებული შერიგების მიმართულებით ექსპერტთა ჯგუფში გენდერული საკითხებში ექსპერტიზის მქონე ქალთა ორგანიზაციების ჩართვის, არჩეული ექსპერტების ვინაობის საზოგადოებისთვის გაცნობის და ჯგუფის მუშაობის მეტი გამჭვირვალობის, კონკრეტულ პროფილში პროფესიონალების (ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა მიმართ ძალადობა, გენდრული თანასწორობა და ა.შ) საექსპერტო ჯგუფში ჩართვის აუცილებლობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.
ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.
სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.
ვანის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის სამუშაო გეგმის ცვლილებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გეგმაში უნდა აისახოს ის საკითხები, რომელთა მოგვარება მათ კომპეტენციაში შედის: ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის რეკომენდაციები. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რომლის განახლებაც მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან გვერდზე ინფორმაციის განთავსების პროცესში.
თავისი აქტიურობით ვანის სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.
ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით რეგიონალური საჭიროებების შეფასება - ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისათვის“ (ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი). ტრენინგს ესწრებოდა 35 ადამიანი 3 რეგიონიდან (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი). ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს სამიზნე ჯგუფების საჭიროებების კვლევისათვის (გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, ინკლუზიურობა), ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს კვლევის კითხვარების შემუშავებისა და სამუშაო ვერსიების განხილვისათვის. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პირველადი ანგარიშების დამუშავება, რეკომენდაციების მომზადება, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების მეთოდები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ბევრი რამ აქვთ გაკეთებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ორჯერ ჩაატარეს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი და ორჯერ - საჭიროებათა კვლევა.
საჭიროებათა კვლევა იყო საუბრის ძირითადი თემა ფორუმის მორიგ შეხვედრაზე: რა შეიცვალა პირველი კვლევის შემდეგ, რა მოგვარდა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და რა არის გასაკეთებელი.
შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ მუშაობაზე ისაუბრეს 8 მუნიციპალიტეტში (ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ცაგერი, ამბროლაური). განსაკუთრებული აქცენტი გამოწვევებზე გაკეთდა.
ფორუმი შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „მეფე დავითში“ მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და იმსჯელეს, როგორ უნდა ასახონ ეს პრობლემები სამუშაო ჯგუფის გეგმაში. გამოიყო და პრიორიტეტებად დალაგდა შესასრულებელი რეკომენდაციები. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებს მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების პროცესი. ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. დაიგეგმა, რომ მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებენ ჯგუფის განახლებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.