წყალტუბოს მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დევნილთა ჩასახლება აფხაზეთის ქუჩაზე არსებული პრობლემის განხილვა გაიმართა.
საჭიროებათა კვლევის შედეგად ადვოკატირებისთვის VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავის პრობლემა შეირჩა.
აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ: აფხაზეთიდან იგპ პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის პრობლემაზე შედეგიანი ზეგავლენის მოხდენა.
შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საკითხის გადაჭრის გზები. გამოვლინდა სხვა პრობლემებიც: არ არის საბავშვო ბაღი, სარდაფებში წყალი დგას, ეზო დაბინძურებულია - უახლოეს მომავალში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ მოგვარებაზეც იზრუნებენ.
დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ჩატარებული შეხვედრის ეფექტიანობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ფონდი "სოხუმის“ მიერ შექმნილ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში თითქმის ერთი წლის წინ გავწევრიანდი და ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.
ჩემთვის ბევრისმომცემი იყო სხვადასხვა აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ვფიქრობ, რომ ფონდ „სოხუმს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობების დათბობაში. მართლაც, ჩვენი თითოეული ტრენერი და ხელმძღვანელი მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი განვითარებისთვის რაც ნამდვილად დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ფონდ " სოხუმის" თითოეულ წევრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის რაც მათთან ერთად მუშაობის დროს მივიღე.
კოვალენკოების ოჯახი ხარკოვიდან ჩამოვიდა. რამდენიმე თვე იცხოვრეს სამტრედიაში. ბევრი სიძნელე გადაიტანეს. ბავშვი ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში. ჩვენი ფონდი დაეხმარა მათ საბუთების თარგმნაში უფასო მკურნალობისთვის, ეხმარებოდა სურსათით, ჰიგიენის საშუალებებით. შემდეგ მათ უკრაინაში გამგზავრება გადაწყვიტეს. მაგრამ საამისო ფული არ ჰქონდათ.
სოფი წირღვავამ (ასისტენტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობს) გადაწყვიტა, თანხის შეგროვება მოესინჯა, თუმცა თვითონაც დიდად არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა თხოვნა, დახმარებოდნენ კოვალენკოების ოჯახს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც სოლიდური თანხა გადარიცხეს. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მითითებულ ანგარიშზე 3 და 5 ლარი ჩარიცხეს. გაკვირვებულები იყვნენ კოვალენკოები, ტიროდნენ, ამბობდნენ, ადამიანებს თვითონ უჭირთ და ჩვენ გვეხმარებიანო…
ორ დღეში 3600 ლარზე მეტი შეგროვდა.
ბაღდათის მერიაში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, პოლიციის თანამშრომლები, პედაგოგები, საკრებულოს კომისიის და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წევრები.
შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ქეისები, ამ ქეისებთან მუშაობა და შემდგომი რეაგირება. იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეებმა ფემიციდის საკითხები განიხილეს. ძალადობის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმების ჩვენებამ დისკუსიისთვის კარგი სივრცე შექმნა.
- როგორ გავარღვიოთ ძალადობის წრე, სად რომელ რგოლშია გასაძლიერებელი რეაგირების მექანიზმები - დისკუსიები ამ საკითხებზე გაგრძელდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალი არ არის დაცული, ქალი დღემდე მავნე სტერეოტიპების მსხვერპლია. განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრეს ბაღების, სკოლის როლის გაძლიერებაზე.
სტერეოტიპების მსხვრევას თუ ხელი არ შევუწყვეთ, თუ ცნობიერება არ შეიცვალა, სურათი არ შეიცვლება, - ითქვა შეხვედრებზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გააგრძელებენ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოქალაქეები, ქალები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და საჭიროების დროს შეძლონ სწორი რეაგირება.
შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, ბაღდათის, ტყიბულის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა ქსელის მიერ დევნილთა დასახლებაში შერჩეული პრობლემის გადასაჭრელად სათემო განათლების ცენტრში ჩატარდა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
ადვოკატირებისთვის გამოიკვეთა შემდეგი საკითხი: ყოფილ სამხედრო დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების დემონტაჟი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, საკრებულოს წევრი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების და არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლები.
ადვოკატირების პროცესი ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება. სწორედ განახლებადი ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც გაიმართა ხონში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, წყალტუბოსა და ტყიბულში.
მონაწილეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია მზის ბატარეა და რამდენად მომგებიანია მისი გამოყენება. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ: რამდენლიტრიანია ავზი? რა ღირს? დამოკიდებულია თუ არა ავზის ლიტრიანობაზე? კორპუსში ინდივიდუალურად თუ შეიძლება დამონტაჟება? ბუნებრივი მოვლენებისგან ზიანდება თუ არა?
საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს.
ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ჩაატარა.
ადვოკატირებისთვის შეირჩა შემდეგი საკითხი: ინგირის თემში საბავშვო ბაღი „წითელქუდასთვის“ ახალი, ტიპიური, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობის აშენება.
შეხვედრა ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა და მას როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები - სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, ა(ა)იპ სსლმ ცენტრის წარმომადგენელი, მერის წარმომადგენელი ინგირის თემში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი ქალები.
საქმიანი შეხვედრის შედეგი ის არის, რომ ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება და ის ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
თერჯოლასა და ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ფემიციდის ფაქტების გახშირების ფონზე ასეთ შეხვედრებს და სწორი ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/.
მათი თქმით, აღნიშნული საიტი უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში, რაც დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)