მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, ჩვენი ქალბატონები აგრძელებენ აქტიურ რეჟიმში მუშაობას და ახალი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ.
ქალთა საინიციატივო ჯგუფები უკვე მუშაობს იმ საკითხებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება უახლოეს მომავალში.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც მოხდა ადვოკატირების გეგმების საბოლოო ვარიანტების შემუშავება და გაცნობა.
ამ ეტაპზე შემდეგი თემების ადვოკატირება მოხდება: „ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში სანაგვე ურნების დამატებით განთავსება.“
„ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა და ნაკლები ჩართულობა. “
„ქალთა პასიურობა, ინდიფერენტულობა, გულგრილობა, ნაკლები ჩართულობა, მენტალიტეტი, ეკონომიკური საქმიანობის არცოდნა.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქუთაისის „სიყვარულის ბაღში“ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკრაინელი ლტოლვილების ინიცირებული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
ისმოდა უკრაინის ჰიმნი. ჟღერდა სევდით და ტკივილით გაჯერებული, მაგრამ სიამაყით და გამარჯვების რწმენით ანთებული მესიჯები.
მშვენიერმა უკრაინელმა გოგონებმა ფერადოვანი უკრაინული სიმბოლიკა, ხელნაკეთი ნივთები, უგემრიელესი უკრაინული ტკბილეული გამოფინეს. დონაციის ყუთით ლტოლვილი ოჯახების დასახმარებელი თანხაც შეგროვდა.
პატარებმა განსაკუთრებით იხალისეს, რადგან ბავშვები ომშიც ბავშვები არიან და არავინ დარჩა გულგრილი ანიმატორების პროგრამის მიმართ.
აქციის ორგანიზატორებმა მადლიერება გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რომელიც განსაკუთრებულად ეხმარება უკრაინიდან ლტოლვილებს.
მძიმე დღეები უდგას უკრაინას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვება გარდაუვალია!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას. საერთო გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული საკითხი უკვე შერჩეულია: სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, სერიოზული პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა - იტბორება სარდაფები, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე შეაგროვა პრობლემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები, ხელმოწერები, რაც შესაბამის უწყებებს წარედგინება. ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემაზე მუშაობას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გააგრძელებს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.
ამ თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს ფონდი „სოხუმიც“, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობს ახალგაზრდებთან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, გააკეთეს პრეზენტაციები, მიაწოდეს თავის თანატოლებს ამომწურავი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ, აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ხოლო შეხვედრების ბოლოს მოაწყვეს დისკუსია თემაზე თუ რა გამოწვევებს ხედავს ახალი თაობა დღევანდელ რეალობაში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა რეგიონული ქსელის შექმნას. მასში გაერთიანდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ, შეფასდა არსებული სიტუაცია და გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იკვეთება გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესში.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელის შექმნა? ამ ინსტრუმენტის გამოყენება რას შეცვლის საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაში და როგორია მოსალოდნელი შედეგები? - დისკუსია, ძირითადად, ამ მიმართულებით გაგრძელდა.
ივლისის თვეში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში წყალტუბო, სენაკი, ხონი, ქუთაისი, წალენჯიხა და ზუგდიდი ჩატარდა საინფომაციო შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან.
ძირითადი საკითხი, რომლის განხილვაც მოხდა შეხვედრებზე იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
ქალბატონებს მიეწოდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროგრამები არის წარმოდგენილი მათ მუნიციპალიტეტებში, როგორ ჩავერთოთ ამ პროგრამებში, თანამშრომლობის რა შესაძლებლობები არსებობს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხუთი თვეა, უკრაინაში ომია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მატულობს ლტოლვილთა რიცხვიც.
წინა თვის ბოლოს ჩვენს ბაზაში უკრაინიდან ჩამოსული 122 ადამიანი იყო, ახლა კი 197-ია. მათი ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, ნაწილი - წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდში, ტყიბულში, ხარაგაულში, ვანში, სამტრედიაში.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივლისში 15 ოჯახს გაუწია დახმარება. დაეხმარა ცალკეულ ადამიანებსაც. ვინაიდან აგვისტო საშვებულებო პერიოდია, მხარდაჭერის ჯგუფი ცდილობს, ამ თვეში კიდევ დაარიგოს დახმარების პაკეტები.
2 ივლისს ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა საინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები. დაისვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს, მაგ., მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის, მშობიარობის, უფასო აცრების საკითხი.
ქსელურ მუშაობაზე, ქსელის წევრების პასუხისმგებლობასა და გუნდურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირების და პრობლემების გადაჭრის პროცესში.
შეხვედრაზე მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ფართო ქსელური მუშაობა ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს ქსელის შექმნის და მუშაობის პრინციპები: თუ რა სტრატეგიული მიმართულებები უნდა ჰქონდეს ქსელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ჯგუფის წევრები მოტივირებული არიან როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ქსელში აქტიური ჩართვისთვის. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივი თემისთვის ყველაზე სენსიტიური პრობლემები.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ნახეს კლიპი, რომელშიც პროექტში ჩართული ქალები ტრენინგების ციკლზე საუბრობენ. ტრენინგების შედეგად ყველა მათგანის კომპეტენცია გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ თავიანთ თემში, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ დევნილი ქალების და გოგონების ცხოვრება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით