ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ოზურგეთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები და სესიები ბენეფიციარებთან. აპრილში ის 13 ოჯახურ წყვილთან მუშაობდა, მათგან სამი ახალია. სასიხარულოა, რომ ხუთმა წყვილმა უკვე გააუმჯობესა ურთიერთობები და შეიცვლა ოჯახური კლიმატი.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისში, სადაც ფსიქოთერაპიული კონსულტაციების მიღებას განაგრძობს 13 ბენეფიციარი.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის მიხედვით გრძელდება ვორკშოპების ციკლი. აპრილში წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა ვორკშოპი ახალგაზრდებთან და საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექციასთან.
შეხვედრებში აქტიურად ჩაერთო გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი. ახალგაზრდები ინტერესით გაეცნენ საკითხს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის არსებობა, რა როლი უნდა ჰქონდეთ მათ ამ პოლიტიკის დანერგვასა და გატარებაში.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს თანატოლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარების ინიციატივა. შეხვედრების ორგანიზება-ჩატარებაში კი მხარდაჭერა ექნებათ სკოლის დირექციის მხრიდან.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრების ციკლი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან.
აპრილში შეხვედრები ჩატარდა სოფელ ზედა სიმონეთში, ჩხარსა და ჭოგნარში თემაზე „ძალადობა - საზოგადოების პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ვალდებულება“.
შეხვედრებს უძღვებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: ნინო დოლაკიძე და რუსუდან კოვზირიძე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის მეთოდებზე.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა მერის წარმომადგენელთან ნოსირში. ამ სოფლის უფროსკლასელებთან კი გაიმართა ვორკშოპი თემაზე „ალკოჰოლი და მისი მავნე ზეგავლენა“. მუშაობამ ახალგაზრდების აქტიურობის ფონზე ჩაიარა. დამსწრე პედაგოგებმა დააფიქსირეს მსგავსი შეხვედრების და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მნიშვნელობა. შეხვედრის ბოლოს ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
საბავშვო ბაღებს ეხება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. აპრილში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა 1-ლ და მე-3 ბაგა-ბაღებში პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით. მათ გარდა ჩართულნი იყვნენ ფოთის სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი, უბნის ინსპექტორი, იურიდიული ბიუროს იურისტი და ბავშვთა ფსიქოლოგი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა იყვნენ პედაგოგები ჩართულნი ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენაში, როგორ მოახდინონ რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების იდენტიფიკაცია და ფაქტებზე დროული რეაგირება. ორივე ბაღში შეიქმნა ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ჯგუფები.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ თანახმად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ექიმების როლი ძალადობის პრევენციაში“. ტრენინგს სამედიცინო პერსონალის გარდა რეფერირების სხვა სუბიექტებიც ესწრებოდნენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, სოციალური მუშაკები, ადგილობრივი გენდერული საბჭოს წევრები.
- როგორ გაძლიერდეს სამედიცინო რგოლის ფუნქციები ძალადობის პრობლემის იდენტიფიცირებაში, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამ სუბიექტებს შორის - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი ტრენინგის მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით და დისკუსიის ფორმატით.
აქტიურად ხორციელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტი „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“. ორ სოფელში გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში შექმნილმა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თანატოლებთან ჩაატარეს შეხვედრები აქტუალურ თემებზე: ქალთა უფლებები, ადრეული ქორწინება და მისი შედეგები. ეს თემები განხილულ იქნა სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების მაგალითზე. შეხვედრები დიდ დაინტერესებას იწვევს.
გოგონებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში, ორი საინიციატივო ჯგუფი შექმნეს გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში. ჯგუფის წევრებმა თანატოლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყეს აქტუალურ თემებზე: ქალთა უფლებები, ადრეული ქორწინება და მისი შედეგები.
შეხვედრების მონაწილეები ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიებში. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები იძლევა შესაბამის განათლებას და ეხმარება მათ, გახდნენ თავდაჯერებულები და შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.
თვის განმავლობაში ჩატარდა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების თემა იყო კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შესახებ. საუბარი შეეხო მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს (დამცავი და შემაკავებელი ორდერები), უწყებათშორის საბჭოს, ბავშვთა უფლებებს და დაგროვებითი პენსიის საკითხს. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ და აინტერესებთ.
ქალთა სოლიდარობა – ასეთი იყო ფსიქოლოგთან ჯგუფური შეხვედრების თემა ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ესწრებოდა 26-დან 65 წლამდე 48 ქალი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე. ქალებმა მიიღეს რჩევები კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.
ამასთანავე გაგრძელდა ოჯახური წყვილებისა და კრიზისული ოჯახის წევრების ფსიქოთერაპიული კონსულტაციები. მსურველებმა გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაციები (მაგალითისთვის, სამ მოზარდთან ჩატარდა მუშაობა ტრავმატიზმის პრობლემაზე - მშობლების განქორწინების შემდეგ).