ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ხონის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში ნახახულევისა და გოჩა ჯიხაიშის სკოლებში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია მოაწყვეს. აქციაში ჩართულები იყვნენ პედაგოგები და დირექტორები. აქციის მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. როგორც სკოლების დირექციების მხრიდან დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია მოზარდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში, რათა მათ გაიაზრონ გარემოს დაბინძურების მწვავე შედეგები და იზრუნონ მის დაცვაზე.
აქტიურად წარიმართა ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები და სესიები ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ოზურგეთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მუშაობა მიმდინარეობდა 41 ბენეფიციართან, მათგან 11 მამაკაცია. რეგიონში ფსიქოლოგი 10 ოჯახურ წყვილთან მუშაობდა, რომელთაგან სამი ახალია. ოზურგეთსა და კოკში ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ბულინგის და სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების თემაზე.
შეხვედრები მიმდინარეობდა ქუთაისშიც. აქ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს იღებს 10 ბენეფიციარი, 7-თან კი ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები. მთელი ეს მუშაობა ხელს უწყობს შეხვედრების მონაწილეთა ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებას.
- ურთიერთობის დაბალანსება ოჯახში, სწორი და ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების კონტროლი და მართვა, თანამშრომლობა ოჯახის წევრებს შორის - ამ საკითხებზე გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის საუბარი ოჯახურ წყვილებთან წყალტუბოს, ხონის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების მიზანია ოჯახური კონფლიქტების მართვა ადრეულ სტადიაში.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან და სკოლის დირექციასთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ოჯახში ძალადობაზე, მწვავე შედეგებზე.
მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რა სერიოზულ გავლენას ახდენს ძალდობრივი გარემო მოზარდის განვითარებაზე და ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
აქტიურ ეტაპზეა ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მაისში ჩატარდა ტრენინგი მერის წარმომადგენლებთან შვიდ სოფელში და აქტივისტებთან. ისინი გაეცნენ მექანიზმებს, რომლებიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაში დაეხმარებათ. ოზურგეთის საბავშვო ბაღების პედაგოგებთან გაიმართა იურისტისა და ფსიქოლოგის შეხვედრა. საუბარი მიეძღვნა ბავშვთა მიმართ ძალადობას - თუ როგორ გამოავლინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ვის მიმართონ რეაგირებისთვის.
ასევე გაგრძელდა შეხვედრები პროექტის ფარგლებში შექმნილი ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრებთან.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან. შეხვედრების მიზანი იყო სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. ამის შედეგად ისინი დაინახავენ, რეალურად რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ძალადობის პრობლემის პრევენციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი შეხვედრების პრაქტიკა არ არსებობს და ეს მეტად მნიშვნელოვანია.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი 9 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან. შეხვედრაზე შეჯამდა მიმდინარე მუშაობა. ასევე გამოვლინდა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომლებზეც სამომავლო საპროექტო იდეები შემუშავდება.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
მაისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 27 სამობილიზაციო შეხვედრა გაიმართა და მათი თემა იყო ოჯახის საერთაშორისო დღე. შეკრებილებმა განიხილეს აქტუალური საკითხები: ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობა, გენდერული როლები, შიდა და გარე ფაქტორები...
შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. აღინიშნა, რომ მსგავს თემაზე საუბარი განსაკუთრებით კარგია ახალგაზრდებთან, რათა მათ გაიაზრონ ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა. ბენეფიცარებმა ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს ინფორმაცია, მათ შორის მუნიციპალიტეტში არსებულ სერვისებზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მაისში გაიმართა იურისტის შეხვედრები ჯგუფებშიც და ინდივიდუალურადაც. თვის დასაწყისში სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო შეხვედრა, შემდეგ კი იურისტი მიიწვიეს ხონის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები ტარდებოდა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ოფისშიც. შეხვედრების თემები სხვადასხვა იყო, მაგრამ, ძირითადად, საუბარი მიმდინარეობდა ოჯახში ძალადობასა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე.
აპრილის ბოლოს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა მუშაობა ერთი ქალისთვის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების კუთხით. ფონდი „სოხუმი“ ამ მხრივ აქტიურად ეხმარება ყველას, ვისაც ეს სჭირდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტურნირი ჭადრაკში - ამ სპორტულ აქტივობას უმასპინძლა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლამ. შეჯიბრება თეკლათისა და ნოსირის სკოლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს. ასპარეზობის ბოლოს გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ამ ორი სკოლის პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ კარგია მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით. ტურნირი ორგანიზებული იყო სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.