დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“. მის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და ორი ტრენინგი. 13 დეკემბერს საკრებულოს დარბაზში ჩატარდა მეორე ტრენინგი საბავშვო ბაღის მენეჯერებისა და აღმზრდელებისთვის თემაზე „გენდერის არსი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.
ტრენინგზე აქცენტი გაკეთდა ბულინგის პრობლემაზე. მონაწილეების თქმით, აუცილებელია ყველა პედაგოგს ჰქონდეს ინფორმაცია ძალადობის ფორმების, კანონის, დამცავი მექანიზმების შესახებ.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გამოირჩეოდნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.“
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩაატარეს 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ჯგუფში - ქალებთან, მამაკაცებთან, დევნილებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან.
საინფორმაციო შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც ქალთა ჯგუფებს გააცნეს მუნიციპალიტეტების 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის სოციალური მიმართულება.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ინიციატივით ჩატარდა სამდღიანი სემინარი მოზარდებთან და მათ მშობლებთან „თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით. ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან ერთად სემინარზე განხილულ იქნა ძალადობის მიზეზები, მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობები.
შეხვედრებზე ყველა მონაწილე გაეცნო 16-დღიანი კამპანიის ისტორიას. მათ დაგმეს ძალადობა და სოლიდარობა გამოხატეს კამპანიის მიმართ.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის მიმდინარეობა დაემთხვა საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ამიტომაც შეხვედრების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.
სოფელ მათხოჯში პროექტის ახალგაზრდა მონაწილემ მაყურებელებს წარუდგინა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“. შემდეგ გაიმართა მსჯელობა ფილმში დასმული პრობლემების შესახებ.
3 დეკემბერს კი საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის აქტივობებში ჩართულმა ახალგაზრდებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მუშაობასა და მიღებულ შედეგებზე.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის 9 ცენტრის მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრების თემა იყო ოჯახში ძალადობა და სტამბოლის კონვენცია. დამსწრეები ინტერესით გაეცნენ სტამბოლის კონვენციას, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს.
თერჯოლაში 24-25 ნოემბერს კლინიკა „თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და კონსულტაცია მოზარდებთან. შემდეგ შედგა მოზარდებისა და მათი მშობლების ერთობლივი შეხვედრა, სადაც ფსიქოლოგთან ერთად უამრავ აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს.
25 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე - ფონდი „სოხუმი“ უერთდება კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
კამპანია წელს იმართება მოწოდებით „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში!“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტები კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შრომის ბაზარზე.
სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში იგეგმება ათობით ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით. გავრცელდება საინფორმაციო მასალები.
ფონდმა „სოხუმმა“ პირველი დღე ფეისბუქკამპანიით დაიწყო.
https://www.facebook.com/fsokhumi/posts/2248868235345483?__tn__=C-R
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, სენაკის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე გაკეთდა ჩატარებული სამთვიანი მუშაობის მოკლე ანგარიში. მობილიზატორებმა ისაუბრეს პრობლემებზე და მომავალ გეგმებზე. უახლოესი გეგმაა - აქტიური ჩართვა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
გრძელდება წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენლის, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების და აქტივისტი ქალების მონაწილეობით გაიმართა ტრენინგი თემაზე „გენდერი, გენდერული ძალადობა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება“.
ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები გულისტკივილით აღნიშნავენ ძალადობის შემთხვევების სიხშირეს. მათი თქმით, საჭიროა ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე და იცოდნენ, ვისთან ითანამშრომლონ, ვის შეუძლია მათი დახმარება. აღინიშნა ისიც, რომ საჭიროა მეტი საშუალება იყოს მსხვერპლების რეალური დახმარების აღმოსაჩენად.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ქალებთან ორსანტიასა და კახათში.
ტრენინგზე განიხილეს ძალადობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ისაუბრეს კანონზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დამცავ მექანიზმებზე, რეფერირების სუბიექტებზე,
მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ქალების უმეტესობა არ არის ინფორმირებული დაცვის მექანიზმებზე. უნდა ითქვას, რომ კანონის არსებობაც არ არის ყველასათვის ცნობილი.“
„ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდაჭერის პროგრამების ნაკლებობა ქმნის ქალს იძულებულს, რომ დაბრუნდეს მოძალადესთან და ითმინოს ძალადობა.“
ტრენინგმა მათ ბევრი საჭირო ინფორმაცია და ცოდნა მისცა.
გამორჩეულად ბევრი ღონისძიება ჩატარდა ნოემბერში ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“ ფარგლებში: საინფორმაციო შეხვედრები კუხსა და მათხოჯში მერის წარმომადგენლებთან, კუხის საბავშვო ბაღის გამგესთან, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „კონფლიქტები და ბულინგი“.
კუხის და მათხოჯის საბავშვო ბაღებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენა, ნაჩვენები იყო სპექტაკლი „თალგამი“. სოფელ ნახახულევში კი პროექტის ახალგაზრდა მონაწილემ მოაწყო ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“ ჩვენება.
პროექტში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება და სწორედ ეს არის მისი მთავარი ამოცანა.
გრძელდება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“. ფოთის საკრებულოს დარბაზში საბავშვო ბაღის მენეჯერებისა და აღმზრდელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერის არსი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.
ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია ბაღების პედაგოგებისათვის, რადგანაც ახალ ინსტრუქციებში მითითებულია ამ კუთხით ჩართულობა. ტრენინგზე დიდი აქცენტი გაკეთდა ბულინგის თემაზე. მონაწილეთათვის საინტერესო აღმოჩნდა ბულინგის ფაქტების გამოკვეთის მეთოდები.
ბოლოს დაისახა სამომავლო მუშაობის გეგმები.
მონაწილეებმა განაცხადეს:
„მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ ყველა პედაგოგთან და აღმზრდელთან“.
„საინფორმაციო შეხვედრას ჩავატარებ მშობლებთან და აღმზრდელებთან. მივხვდი, რომ აუცილებელია, მშობელმა იცოდეს, ჩვენ რაზე გვევალება რეაგირება, რომ მისთვის უცხო არ იყოს“.