
კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
როდესაც საუბარი დაიწყო ქალთა უფლებების დაცვაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ძალადობის თემა ჩვენთვის უცნობია. კოკი ძალიან მშვიდი სოფელია, სადაც არ ხდება ძალადობის ფაქტები, არ არის ქალის დისკრიმინაცია“.
შეხვედრამ დაამსხვრია მითი, რომ 8 მარტი ქალთა დღესასწაულია და დააფიქსირა, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა და სოლიდარობა თავდაცვის საუკეთესო იარაღია.
ეს შეხვედრა იმის ნიშანია, რომ სამუშაო ჯერაც ბევრია.



მაისში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდულ კლუბებში ეთიკის და ესთეტიკის ნორმებსა და სქესობრივი აღზრდის თემაზე - ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბიბლიოთეკაში და სენაკის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში
შეხვედრებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მონაწილეებმა - გოგონებმა და ბიჭებმა - საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, გულახდილად ისაუბრეს არაფორმალური განათლების მიღების და ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობაზე.



აპრილში სპეციალურად შემუშავებული ღია ტიპის კითხვარით ჩატარდა კვლევა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში. რესპონდენტთა რაოდენობა იყო 90 ადამიანი, კვლევის მიზანი კი - მუშაობის დადებითი შედეგების წარმოჩენა.
ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა კლუბების ეფექტური საქმიანობა და გავლენა არა მარტო კლუბის წევრებსა და აქტივისტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თანატოლებზე.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მიერ ინიცირებული ვორკშოპები, აქციები, საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ქუთაისის N15 და ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლებში „პროგრესი“ და „ღონე ქვეყნისა“.
კლუბების წევრები და მოხალისეები ასე აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქუთაისის 30-ე, სოფელ მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.
მონაწილეებმა ინტერესით იმსჯელეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების გზებზე, თანატოლებთან დიალოგზე, სამშვიდობო პროექტების განხორციელებაზე.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ კოკის სკოლის მოსწავლეები. მათი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია, ხშირად გადადის მშობლიურ ადგილებში და რეალურად იცის, რა შედეგები მოაქვს კონფლიქტს.
დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, რომლებზე პასუხების გაცემას ცდილობდნენ შეხვედრების დროს. შეხვედრებმა აჩვენა, რომ აუცილებელია ამ თემების განხილვა ახალგაზრდებთან, რადგანაც ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.
წყალტუბოს 1-ლ, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ახალგაზრდულმა კლუბებმა საინტერესო თემა განიხილეს - ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი.
მონაწილეებმა ეთიკა თითქოს ვერ დააკავშირეს ძალადობასთან, მაგრამ მალე გაირკვა მათ შორის კავშირი და პრაქტიკული მიზანიც. ყველგან იგრძნობოდა სამუშაო განწყობა, იყო ინტერაქტივი, საინტერესო დისკუსიები, ცხოვრებისეული მაგალითები.
დაისვა ბევრი კითხვა, რომლებზეც ერთად გასცეს პასუხი. აღინიშნა, რომ მსგავსი თემების შესახებ ინფორმაციას არავინ აძლევს მოსწავლეებს და სწორედ ეს არის არასამთავრობო სექტორის დამსახურება.