9 ახალი ადამიანი დაემატა უკრაინელთა რაოდენობას იანვარში და ახლა 387 ადამიანია. როგორც წინა თვეებში, ახლაც გაეწია მათ დახმარება სხვადასხვა სახით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სურსათის ვაუჩერების დარიგებაა. იანვარში ორგანიზაციამ შეისყიდა 52 ცალი 100-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც დაურიგა 39 ოჯახს. ამას გარდა, 4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები, 6-მა ოჯახმა კი მიიღო თანხა ბინის ქირის დასაფარად.
საჭიროებების მიხედვით, არის სხვა სახის მხარდაჭერაც: ტელეფონის საფასურის გადახდა, ონკოავადმყოფებისთვის კონსულტაციების, გადასხმების და წამლების ხარჯის ანაზღაურება.
ყველაფერი ეს შეიძლება მცირეა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი გვემადლიერება ამ სტაბილური მხარდაჭერისთვის, რომელიც თითქმის ორი წელია გრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებთან იანვარში აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი. მას 16 ლტოლვილთან ჰქონდა შეხვედრა - ჩატარდა ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა: ანამნეზის შეგროვება, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება. ზრდასრულებთან ერთად ფსიქოლოგი აქტიურად მუშაობდა სამ მოზარდთან. მათ აწუხებთ ჰიპერაქტიურობის, მარტოობის და ახალ გარემოში ადაპტაციის პრობლემები. ფსიქოთერაპიული სესიების შედეგები თანდათან ვლინდება და უკრაინელების სულიერი მდგომარეობაც უჯობესდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში - სკოლის დირექციის, პედაგოგების და მშობლების მონაწილეობით.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების ოჯახების ფსიქოსოციალურ მდგომარეობას.
ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ წარდგენა. კვლევის რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, სკოლებთან თანამშრომლობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა გააგრძელა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს დაეთმო.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პროგრამა, რაც, მათი აზრით, დიდი მხარდაჭერაა ისეთი ოჯახებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შვილების განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე შეხვდა რისკის ჯგუფის და სოციალურად დაუცველ ქალებს, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. შეხვედრები წარიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრის ძირითადი თემა „კონფლიქტის მოგვარება“ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა განიხილეს ქეისები კონფლიქტთან დაკავშირებით. კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, თითქმის ყველა ურთიერთობაში იჩენს თავს. რადგან კონფლიქტი გარდაუვალია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ ეს არ მოინდომა მასში ჩართულმა ყველა მხარემ. შეხვედრაზე მყოფ ქალებს ფსიქოლოგმა გაუზიარა რჩევები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვარი მოკლე სამუშაო თვე იყო. მეორე შემაფერხებელი ფაქტორიც გამოჩნდა - სეზონური გრიპის ვირუსი. ამის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრებთან. მუშაობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდა - 5 ტრენინგი ადგილებზე გაიმართა, 5 კი - ონლაინ ფორმატში.
ეს იყო საინტერესო, აქტიური და დასამახსოვრებელი ტრენინგები მონაწილეებისთვის: აქტუალური თემების განხილვა, გულახდილი საუბრები საკუთარ პრობლემებზე. პარალელურად დაიწყო ლიდერების მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით საინტერესო ეტაპია მათ ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მოკლე სამუშაო თვის მიუხედავად, აქტიური იანვარი გამოუვიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს. მან ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამას გარდა ონლაინ 12 ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა რეგიონებში და 13 ინდივიდუალური ფსიქოტერაპიულ სესია - ქუთაისში. უპასუხა 8 სატელეფონო ზარს და დაეხმარა ბენეფიციარებს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.
ფსიქოლოგი ყოველდღე მუშაობდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. აქ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობდა იურისტი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ატარებდა სახალისო-შემეცნებით საათებს.
ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „აქ ისე კარგად ვგრძნობ თავს, წასვლა არ მინდა. მიხარია, რომ ახლა მეტი ვიცი, უფრო ინფორმირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო... დიდი მადლობა თქვენ - 34 წლის მანძილზე ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი, თბილი და სასიამოვნო დღეები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის სათემო განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე.“
ტრენინგს ესწრებოდნენ დევნილთა დასახლების ამხანაგობების წარმომადგენელი ლიდერი ქალები. მათ განიხილეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების ჩატარების შემაფერხებელი ფაქტორები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები, შეიმუშავეს ადგილობრივ თემში არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.
ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ჩვენ დღეს ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვძებნოთ ყველაზე მოკლე გზა ჩვენი თემის საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად“.
„ამოვირჩიეთ პრიორიტებული საკითხები და დავსახეთ სტრატეგია, როგორ დავიწყოთ ცვლილებებზე ზრუნვა. მათი გადაჭრის გზების კონტურებიც მოვინიშნეთ და ჩვენი შესაძლებლობები უფრო კარგად დავინახეთ“.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების და მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპი-ების წარმომადგენელები. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, ძალადობის რისკ-ჯგუფებზე, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის აუცილებლობაზე, ინტერსექტორული რესურსების გაერთიანების საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მერიის სამსახურების, გენდერული თანასწორობის საბჭოს, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ აქ ჩაატარა მრგვალი მაგიდა - გენდერულ საბჭოსთან განხორციელებული ერთობლივი მცირე პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დროს. ამას გარდა მოხდა ქალთა საჭიროებების შესწავლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გამოიცა კვლევის ანგარიში.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რაც გაკეთდა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)