ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს კამპანია აძლიერებს ქალებს და ადგილობრივ დონეზე მეტი მხარდამჭერის პოვნაში ეხმარება.

ყველა ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ცდილობს პრობლემების მოგვარებას. რამდენიმე შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც, რომელმაც მძიმე ქეისებზე დაიწყო მუშაობა.

ჯგუფის წევრები გახსნილად საუბრობენ პრობლემებზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ მერიის, სოციალური სამსახურის, გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და დაეხმარონ ქალებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.

დეკემბრის შეხვედრები გამორჩეული იყო იმით, რომ ჯგუფის წევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ეს დიდი სტიმულია მათთვის.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ტრენინგი წყალტუბოში

„ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“ - ამ თემას მიეძღვნა წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩატარებული ტრენინგი.

ტრენინგში მონაწილეობდნენ დევნილთა თემში მცხოვრები ამხანაგობების წარმომადგენელი ლიდერი ქალები. თეორიულ მასალას ამყარებდა პრაქტიკული სავარჯიშოები, თემატური ვიდეორგოლები, სავარჯიშოები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ტრენინგები მნიშვნელოვანია, რადგან ანვითარებს მათ უნარებს და კომპეტენტურობას.

ტრენინგზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ცენტრი „აფხაზეთის" წარმომადგენლებისთვის და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომელთაც ისინი სთავაზობენ დევნილებს.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

შეავსე კითხვარი! - ასეთი თხოვნა გამოჩნდა ჩვენს ვებგვერდზე.

შესავალში წერია:

მეორე წელია, ფუნქციონირებს ჩვენი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა ციფრული რესურსცენტრი“ - https://sosfsokhumi.ge/

მომხმარებელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

ეს ნიშნავს ვიზიტორთა დაკვეთის გათვალისწინებას - ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.

თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ საიტის დახვეწაში!

უკვე ათობით ადამიანმა შეავსო კითხვარი, რომელშიც არის შეკითხვები, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საინფორმაციო პლატფორმა, რამდენად აქტიურად სარგებლობს ადამიანი ვებგვერდით, არის თუ არა განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის/პოტენციური მსხვერპლისთვის.

მშვიდობა, მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო მოლაპარაკებები - ამ საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულ ჯგუფთან ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში, დისკუსიის ფონზე გაანალიზეს რა არის საჭირო მშვიდობის მისაღწევად და რა როლი აქვთ ახალგაზრდებს ამ პროცესებში. გაიგეს რა არის მოლაპარაკება, რა სეგმენტების გათვალისწინებაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისთვის. როლური თამაშების დახმარებით ტრენინგში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კამპანიის ფარგლებში დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ბევრი ღონისძიება და აქცია ჩაატარეს. მომზადდა კედლის გაზეთები, სლოგანები, გადაიღეს ვიდეორგოლები, მოეწყო ფილმების ჩვენება ძალადობის თემაზე, ჩატარდა გამოკითხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ქალის როლზე. აქციას მამაკაცებიც შეუერთდნენ. სკოლის მოსწავლეებმა, ფორუმ თეატრის წევრებმა, ძალადობის წინააღმდეგ მინი სპექტაკლები წარადგინეს. მიზანი ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა.

შეხვედრები სოფლებში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ქალებთან. შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჯვარში და სოფლებში: ნაკიფუ, ლია, ფახულანი, საჩინო, ჯგალი.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, დარიგდა საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები. ნარინჯისფერი ბაფთებით შეხვედრების მონაწილეებმა კამპანიის  მხარდაჭერა გამოხატეს.

ვინ არის ლიდერი, რა თვისებებით გამოირჩევა, როგორია სასურველი და არასასურველი ლიდერი, რა არის პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა, როგორ უნდა წარვადგინოთ საკუთარი თავი - ეს და სხვა საინტერესო საკითხები იყო განხილული ტრენინგზე - „ლიდერობა, პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლა“, რომელიც   ზუგდიდში გაიმართა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები აქტიური დევნილი ქალებისთვის.

მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ლიდერულ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებზე, მოიყვანეს არაერთი წარმატებული მაგალითი.

დასასრულს მათ აღნიშნეს, რომ  ტრენინგი საჭირო და საინტერესო იყო და მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

 

საშა შვიდი წლისაა, კირილი - რვის, არტიომი - 15-ის, დედით უკრაინელი და მამით ქართველი ლევანი კი - ათის.

ეს ბავშვები დედებთან ერთად ხშირად მოდიან ფსიქოლოგ მანანა გოცირიძესთან. იმიტომ რომ დახმარება სჭირდებათ - ომმა შეცვალა მათი ცხოვრების სტილი, ხასიათი...

მარტოობის შიში, ადაპტაციის სირთულე, ჰიპერაქტიურობა, ჩაკეტილობა - ამ პრობლემებზე მუშაობს ფსიქოლოგი უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებთან.

ბავშვების პარალელურად, მიმდინარეობს კონსულტაციები ზრდასრულებთან ნეგატიური ემოციების „ვენტილაციაზე.“

დეკემბერში ფსიქოლოგი 14 უკრაინელ ლტოლვილს შეხვდა. მათთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და საჭიროა ეს შეხვედრები, ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციები, სასარგებლო რჩევები და დახმარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოში მოქმედი ქალთა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ეძღვნებოდა თემას: „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში.“ ტრენინგს ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია უძღვებოდა.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ომისა და კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობის ტიპიურ ფორმებს და იმსჯელეს ქალებსა და გოგონებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტების პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენაზე. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს ომის შემდგომი პერიოდის პირად გამოცდილებას და მსჯელობდნენ იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქალების ძალადობისგან ეფექტიანი დაცვისთვის.

ტრენინგი გაიმართა WAVE ქსელში გაერთიანებული ქალთა ორგანიზაციების: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო); გაერთიანებულ ქალთა ფონდი „ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) შემუშავებული ტრენინგ მოდულის გამოყენებით, რომელიც დაეყრდნო 2022 წელს გამოცემულ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში: ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.

გზამკვლევი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR3BARq16d_osbFVok5ogeTVDevjYSeVIkdY2zTYzR6zg0sJWSSH6wO9sa8

 ხონის ახალგაზრდული კლუბის დეკემბრის თვის ტრადიციულ შეხვედრაზე წევრებმა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელი შეხვდა. შეხვედრას ქალბატონებთან ერთად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ნინო ხონელიძემ აუდიტორიას ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების არსებობის, მათი ფუნქციონირების, დაყოვნების წესებისა და ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რაც შეეხება ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფს, მათ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები