ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებისთვის ჩატარდა ვორკშოპი.

მონაწილეებმა იმსჯელეს თითოული წევრის ვალდებულებებზე, რაც აუცილებელია კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის. განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში.

აღინიშნა, რომ გადასახედია შემადგენლობა და მეტი აქტიურობისთვის დასამატებელია წევრები. ასევე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის ფაქტების პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რაოდენობრივი კვლევის "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" დაწყების შესახებ. ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა მოვალეობები, რის შემდეგაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს ონლაინ კითხვები გადაეგზავნათ.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესში და ახალი ღონისძიებები დაგეგმეს.

2023 წლის საანგარიშო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დამფუძნებელმა ალლა გამახარიამ იმ წლების და წარსულის გახსენებით დაიწყო, რომელმაც  26 წლის მანძილზე, ჩვენი მოღვაწეობის წარმატება განაპირობა

დღეს ქალთა ფონდი ,,სოხუმი" ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა არასამთავრობო სექტორში. ის მუშაობს 10 მუნიციპალიტეტში და აქვს წარმომადგენლობა თბილისში.

შემაჯამებელ შეხვედრაზე წლის მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს: ეკატერინე გამახარიამ, ლელა ჯალაღონიამ, ნინო ჭაბუკიანმა, ხათუნა გოგუამ, თეა თორინავამ, ემა კამკიამ, თეა გოლეთიანმა, მერი გელაშვილმა, გურანდა გვანცელაძემ, ლალი გახარიამ და თამარ კუხალაშვილმა.

ამ გამოსვლებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი ნაყოფიერი და შედეგიანია ჩვენი აქტიური მუშაობა ქალებთან, ახალგაზრდებთან, სხვადასხვა უწყებასთან...

სასწავლო პროექტები ქალთა ფონდი „სოხუმის“ განსაკუთრებული ხელწერაა. ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები ახალ უნარებს დაეუფლნენ.

მათ მიიღეს კომპიუტერული უნარების (Windows, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet Explorer, Skype, E-mail) საბაზისო ცოდნა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპიუტერული კურსი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს კომუნიკაციაში, დასაქმებასა და თვითრეალიზებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის სათემო განათლების ცენტრში ტრენინგს თემაზე „ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“ ესწრებოდნენ დევნილთა დასახლების ამხანაგობების წარმომადგენელი ლიდერი ქალები.

ტრენინგზე ერთმანეთს ცვლიდა პრაქტიკული სავარჯიშო და თემატური ვიდეორგოლი, დისკუსია და ინდივიდუალური მუშაობა... ასე სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით მიიღეს მონაწილეებმა სასარგებლო ინფორმაცია ლიდერის მნიშვნელოვან უნარებზე, სწორ პრეზენტაციასა და საჯარო გამოსვლაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი თემის პრობლემების მოგვარების პროცესში.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

სატრენინგო კურსი აქტიურად გრძელდება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ახალგაზრდები ინტერესით ეცნობიან ახალ თემებს, ეჩვევიან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ მუშაობას, სწავლობენ დისკუსიების კულტურას.

დეკემბრის ტრენინგები დაემთხვა საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ამიტომ გადაწყდა, რომ ათივე ცენტრი (სამტრედია, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური) ჩართულიყო კამპანიაში.

ახალგაზრდებმა ნოემბრიდან დაიწყეს მზადება და ყველა დაგეგმილი ინიცირებული აქტივობა დროულად ჩაატარეს: კრეატიული ღონისძიებები, ინტერვიუები, გამოფენები, აქციები... ყველაფრის ავტორები და შემსრულებლები თვითონ იყვნენ. ორგანიზებაში მაქსიმალურად ჩაერთნენ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალგაზრდებმა დიდი გამოცდილება მიიღეს წლევანდელ კამპანიაში აქტიური ჩართულობით. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უკრაინელების თქმით, ჩვენ ვრჩებით ერთადერთ ორგანიზაციად, რომელიც მათ მუდმივად ეხმარება ბევრ საკითხში.

ჩვენს მონაცემთა ბაზაში 387 ადამიანია, დეკემბერში 17 ახალი დაგვემატა. ვაუჩერებით დახმარება გაეწია 39 ოჯახს. ასევე იყო სხვა სახის მხარდაჭერა: 4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური გადასახადები, 6 ოჯახს - ბინის ქირა, ხოლო ერთ ადამიანს - ტელეფონის ხარჯები.

11 უკრაინელი ქალი მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დასრულებას. სამმა მათგანმა მადლობა გადაუხადა და მაღალი შეფასება მისცა ფონდის მუშაობას, ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციებს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე უწევდნენ და აგრძელებენ მათ დახმარებას. ამ შეხვედრაზე ქალებმა ერთმანეთი გაიცნეს და რეგულარული კომუნიკაცია გადაწყვიტეს. იულია რეზვანმა განსაკუთრებული მადლობა გადაიხადა იმისთვის, რომ ამ შეხვედრისთვის ეკლერები შეუკვეთეს (ის ნამცხვრებს აცხობს). ეს მისთვის დიდი დახმარებაა და მოხარულია, რომ „ამ რთულ პერიოდში ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ უკრაინელ ქალებს“.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება ახალგაზრდების აქტივობები.

10 მუნიციპალიტეტში დღემდე 1000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა თემატურ დისკუსიებში, ტრენინგებში, გამოფენებში, ქუჩის აქციებსა და პერფორმანსებში, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ეხებოდა.

„უმთავრესი, რაც წელს გამოიკვეთა, არის ადგილობრივი თვითმმართველობების, განათლების რესურსცენტრების, ახალგაზრდული დეპარტამენტების, სკოლის დირექციების, პედაგოგების და მშობლების განსაკუთრებული პარტნიორობა ჩვენს კამპანიაში. ჩვენმა კონსტრუქციულმა და შედეგიანმა ნაბიჯებმა განაპირობა მთავარი - ნდობა: რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ახალგაზრდების სწორ განათლებას ემსახურება,“ - აღნიშნა ახალგაზრდებთან მუშაობის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა.

კამპანიაში ახალგაზრდების მნიშვნელოვან წვლილზე საუბრობენ ტრენერები, რომლებიც 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ატარებენ ტრენინგებს:

კარზეა მომდგარი ახალი წელი და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მასპინძლებმა და სტუმრებმა ლამაზი საახალწლო გარემო შექმნეს.

დეკემბერში აქ იმყოფებოდა ძალადობის მსხვერპლთა კიდევ ერთი ჯგუფი - ორი ქალი ბავშვებთან ერთად, სულ 6 ადამიანი. ორი კვირის განმავლობაში მათ გაიარეს კომპლექსური მუშაობა ფსიქოლოგთან, იურისტთან და სოციალურ მუშაკთან. ბავშვები საინტერესოდ და კრეატიულად ატარებდნენ დროს პედაგოგთან ერთად.  

2023 წელს შვილებიანად 30-ზე მეტმა ქალმა მიიღო ჩვენი მხარდაჭერა.

ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ერთ-ერთი ქალის ისტორია გაგვიზიარა. ნანი (პირობითი სახელი) 45 წლისაა. ის ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს ორ შვილთან ერთად.

ნანი რამდენჯერმე წავიდა სახლიდან და მოლაპარაკებების და ხვეწნა-მუდარის შემდეგ ისევ დაბრუნდა. სამი წლის წინ პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ შემდეგ განცხადება გამოითხოვა.

„ჩემზე ახლაც ამბობენ, ეს ის ქალია, ქმრის ჩასმა რომ უნდოდაო ციხეში. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქმართან დავრჩენილიყავი - არ არის კარგი, განქორწინებულს რომ დაგიძახებენ, მოითმინე, დაგეხმარებით, სად დაბრუნდები, შენი რძალია სახლში და შენი ადგილი აქ არ არის, უკვე სტუმარი ხარო. გათხოვების შემდეგ დავიკარგე და დღემდე ვერ ვპოულობ ჩემს თავს. მხოლოდ ბავშვები მაძლევენ სტიმულს, მაგრამ უკვე არ მინდა, ამ გარემოში მყავდეს ბავშვები. მანამდე კარების სრულად გამოხურვა ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად შევძლებ.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები