პრობლემები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და უსაფრთხოების კუთხით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომობლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და რომელთა მოგვარება სამთავრობო სტრუქტურებს ხელეწიფება.

აფხაზეთიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი შეხვდნენ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ზუგდიდის და სენაკის საინიციატივო ჯგუფების ხუთი წარმომადგენელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კოალიციურ  პროექტში „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ასოციაცია „თანხმობამ“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენმა თანამშრომელმა - ლინდა ჩიხლაძემაც მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს  გადაჭრის გზებზე. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ასე გულმოდგინედ ალაგებს მანანა ფიფია უკრაინელებისთვის გასატნევ პარკებს. ეს საქმე მას აბარია ქალთა ფონდ „სოხუმში“. თვითონ ყიდულობს ყველაფერს და ყველა პარკში ერთნაირად იდება უამრავი საჭირო რამ: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, კარაქი, კვერცხი, მაწონი, რძე, არაჟანი, ტკბილეული, შაქარი, ყავა, ჩაი, ტომატი, ბოსტნეული, ქათამი, შამპუნი, ფხვნილები, საპონი, ჭურჭლის სარეცხი, ხელსახოცი...

როცა იცის, რომ ოჯახს პატარები ჰყავს, ჩანთაში დამატებით ჩნდება პამპერსი, ბავშვის საკვები, იოგურტი. ზოგისთვის წამლებს ყიდულობს, ზოგს სათვალე სჭირდება,  ზოგს - ოთახის ჩუსტები ან თბილი პლედი...

მერე მიემგზავრება ეს ნობათები - ტყიბულში, სენაკში, ჩხოროწყუში, ლანჩხუთში...

ვინც ქუთაისში და მის შემოგარენში ცხოვრობს, ჩვენს ოფისში მოდის და მანანა თვითონ  აძლევს მათთვის განკუთვნილ საჩუქრებს. ფოტოებსაც უღებს. არავინ არ ამბობს ფოტოების გადაღებაზე უარს.

დააკვირდით, როგორი ლამაზები არიან. უდიდესი ტკივილი გამოიარეს, ჯერ კიდევ არ ჩანს მათი დარდის დასასრული, მაგრამ მაინც იღიმიან.

ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ნოემბრის 10 დღე გაატარა 5-მა ადამიანმა - იყო სამი ხანდაზმული ქალი და ერთ-ერთის ორი შვილიშვილი. ყველა ცდილობდა მათთვის ოჯახური სიმყუდროვე შეექმნა - სტუმრებს გემრიელი სადილებით უმასპინძლდებოდნენ. რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ბავშვებთან მასწავლებელი მუშაობდა. მოხდა ტრავმების, შიშების, წყენის და სტრესის გადამუშავება, თვითშეფასების ამაღლება.

ქალებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს:

- ცხოვრებაში ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი თბილი დამოკიდებულება არსად მიგრძვნია, ფსიქოლოგის რჩევები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისა და სიკეთისთვის.

- ხანდაზმულებს სითბო სჭირდებათ. აქ დიდი სითბოა - განსაკუთრებით ადამიანური. ყველა გეხმარება, იღიმება, ცდილობს, გასიამოვნოს. ჩემი სული გაახალგაზრდავდა და განახლდა.

- ბევრი წელი ვითმენდი ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრების მხრიდან. და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს - ასე მასწავლეს აქ და ამ პრინციპით ვიცხოვრებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, სამშვიდობო აქტივობების მნიშვნელობა და შედეგები-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკსა და წყალტუბოში, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეთა აზრით, წარმატებული ქალების მოსმენა, სამშვიდობო ინიციატივები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას და სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას.

 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის- ამ საკითხზე კი წყალტუბოსა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრამ ორივე ქალაქში  დისკუსიის ფონზე , საინტერესო იდეების ერთმანეთში გაცვლით და სამომალო გეგმებზე მსჯელობით ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფი, წინა თვეების მსგავსად, ნოემბერშიც აქტიურად მუშაობდა. ამ დროისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვყავს 383 ადამიანი, ნოემბერში დავამატეთ 53 ახალი ადამიანი. ამ თვეში 42 ოჯახს (95 ადამიანი) დავეხმარეთ, 3 ოჯახს ვუყიდეთ თბილი პლედი, 4 ოჯახს - გამათბობელი. ერთ მამაკაცს სამედიცინო პროცედურების (ონკოლოგიური) საფასურის გადახდაში გავუწიეთ დახმარება და სპეციალური საკვებიც შევიძინეთ მისთვის. ასევე დარიგდა ჩუსტები და თეთრეული.

- გრძელდება დახმარება ბინის ქირის გადახდაში, ამ თვეში კიდევ 4 ოჯახი დაემატა,  ერთი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, რადგან ასაკოვანი წყვილია, გამონაკლისის სახით, ფონდმა თავის თავზე აიღო მათი ქირის გადახდა.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელდება უფასო ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა.

შეხვედრების სტატისტიკა ნოემბერში:

სამი გასვლითი ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ჩოხატაურის, ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ონლაინ შეხვედრები ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში - 47 მონაწილე.

23 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია, მათგან 12 - ონლაინ.

5 ფსიქოთერაპიიული სესია დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, რომლებიც სწავლობენ პოლიმერულ თიხასთან მუშაობას.

განსაკუთრებული იყო ჯგუფური შეხვედრა სენაკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ ისაუბრეს თავიანთ წარმატებებზე. იმაზე, რომ სამსახური იშოვეს და ფინანსური მდგომარეობა გამოუკეთდათ.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ძალადობის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში და ონლაინ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯგუფთან. აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.

ქვეყანაში ფემიციდის ფაქტების გახშირებულ ფონზე, დამსწრე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდმა „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“. ისინი მიიჩნევენ, რომ საიტის შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში - ეს დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები