ეს ახალი ვებგვერდია „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.

ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.

ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.

http://gbvdigitalresourcecenter.ge/

1 ივნისს ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთთვიანი მუშაობა შეაჯამეს: ერთმანეთს ინფორმაციები გაუცვალეს და  ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთაც ადგილზე აწყდებიან ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციის კუთხით. 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმა განიხილეს. მათი წინადადებები აისახა სამუშაო მოდულში, რაც მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში ფსიქოლოგის ტელეფონზე 56 ზარი შევიდა ქუთაისიდან და იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მუშაობენ. ეს ადამიანთა საგანგაშო-ტრავმატულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

10 ბენეფიციარი ონლაინ და ათიც ოფლაინ განაგრძობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას - მათ შორის სამი მოზარდია.

თვის განმავლობაში ფსიქოლოგთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობდა ფონდი „სოხუმის“  იურისტი. გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ბენეფიციარებთან. წარიმართა შეხვედრები კრიზისული ოჯახების წევრებთან. ყველა კმაყოფილებით აღნიშნავს ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელიც უფასოდ ტარდება და ხშირად სერვისს ადამიანები სახლიდან გაუსვლელად იღებენ.

მრგვალი მაგიდა ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.

ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს  და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე.  შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთის, ზუგდიდის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მობილიზატორებმა ჩაინიშნეს საკითხები,  რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი მობილიზატორებისთვის

  • პარასკევი, 07 მაისი 2021
  • 1772 ჯერ

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

ფონდმა „სოხუმმა“ ზუგდიდში მრგვალი მაგიდა ჩაატარა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრაზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე (სოციალური თანამშრომლობის რეფერირება), ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციის ანალიზსა და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრაზე ასევე მოხდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. 

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.

სამტრედიის, წალენჯიხის, ზუგდიდის და ვანის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  და სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრების მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი. ადგილობრივი თვითმმართველობები მზად არიან, აქტიურად  ჩაერთონ ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები