ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.
- ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით - ამ საკითხებზეა ფოკუსირებული ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა თერჯოლის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია მათი ინტერესის სფეროა და მზად არიან ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობისთვის.
„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.
პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.
ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.
ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.
ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.
ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.
მრავალფეროვნება იგრძნობოდა ამ დღეებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 8 მარტი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნა: საინფორმაციო შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან, მრგვალი მაგიდები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ლიტერატურული საღამო.
შეხვედრებზე ხაზგასმულ იქნა, რომ ეს დღე არის ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.
ფონდების მოძიება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება, თვითპრეზენტაცია, შედეგების წარმოდგენა - ყველა საკითხი ერთმანეთზე საჭირო, საინტერესო და სასარგებლო იყო. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად ჩაერთნენ ორდღიანი ონლაინ ტრენინგის პროცესში.
მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცედურებს, საჭირო დოკუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ის ნაწილი, რომელიც ეთმობოდა თვითპრეზენტაციის უნარების გაღრმავებას, საქმიანობის შედეგების წარმოჩენას და ამ შედეგების ფორმულირებას წარმატების ისტორიად.
„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.
- როგორ აისახა პანდემიის გავლენა ოჯახურ ურთიერთობებზე. რა პრობლემები აქვთ ოჯახურ წყვილებს და რა რესურსები არსებობს ოჯახური კონფლიქტების ადრეული პრევენციისთვის - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ საუბარი თერჯოლაში, სენაკში, ქუთაისში, ხონში მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს ამწვავებს უმუშევრობა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. მათი თქმით, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ადაპტაციის პერიოდი დაწყებითი კლასის მოსაწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ ონლაინ ფორმატიდან უშუალო სწავლებაზე გადასვლა.
აღინიშნა, რომ ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეიქმნას კონფლიქტური სიტუაცია. მსგავსი შეხვედრები, კომუნიკაცია, ინფორმირება ამ თემებზე ამცირებს წყვილებს შორის დაპირისპირებას და ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციას.
ისინი უკვე არიან ლიდერები, რადგან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას წარმართავენ 11 მუნიციპალიტეტში. ტრენინგიც ბევრი გაუვლიათ, თუმცა სწავლება არასოდესაა ზედმეტი. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც განხილული იყო აქტუალური თემები: ლიდერობის ფენომენი, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირების სტრატეგია.
ონლაინ სივრცე მონაწილეებისთვის იქცა ადგილად, სადაც მათ შეძლეს თავიანთი ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის, ახლებური რაკურსით დაინახეს ლიდერობა, გუნდთან მუშაობის და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების საკითხი.