„ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“ - ამ თემაზე თვითდახმარების ჯგუფის წევრ ქალებთან მეორე ტრენინგი ჩატარდა ზუგდიდში, სასტუმრო „დადიანი ინში“. ამჯერად ტრენინგის ორგანიზატორი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრი და მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები სენაკიდან, ფოთიდან, წალენჯიხიდან, მესტიიდან, ზუგდიდიდან. 

ტრენერმა და მონაწილეებმა განიხილეს ლიდერობის არსი და მახასიათებლები, გაარკვიეს, რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ქალთა ლიდერობის განვითარება თემს, ყურადღება გაამახვილეს თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობაზე.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში. 

 

 

ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“. მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ხაშურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან.  

ამ ტრენინგით დაიწყო პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი. ტრენინგების მიზანია თვითდახმარების ჯგუფის წევრთა მომზადება სათანადო  ცოდნით და უნარებით, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებისთვის. 

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი იყო: საინტერესო, აქტიური, დინამიური, პროდუქტიული.

ტრენინგის პირველი ნაწილი ქალთა ლიდერობის, ლიდერობის მახასიათებლებისა და ძირითადი კომპონენტების განხილვას დაეთმო. მეორე ნაწილი იმიტაციური სავარჯიშოებით და თემატური ვიდეორგოლებით გაგრძელდა. პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობა მონაწილეებმა აქტიური  ინტერაქციით დაასაბუთეს. 

მონაწილეთა აზრით, ქალთა ლიდერობის განვითარება მნიშვნელოვანია ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და უზრუნველყოფისთვის. ლიდერობის თემაზე სხვა ჯგუფებიც გაივლიან ტრენინგებს, ეს ჯგუფი კი ახალ თემაზე იმუშავებს. 



ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები მერი გელაშვილი და ლარისა შენგელია და ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი) სათემო მუშაკები მონაწილეობდნენ ორდღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში სოციალური აქტივობის და ქცევითი ცვლილების თემაზე. 

ტრენინგს ესწრებოდა 24 ადამიანი სამი პარტნიორი ორგანიზაციიდან (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი). 

მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების ჯგუფების ფუნქციონირების და ქცევითი ცვლილების მოდელს. ჯგუფური მუშაობის პროცესში მათ განსაზღვრეს თემის საჭიროებები, ქცევითი ბარიერები და შეიმუშავეს პრაქტიკული იდეები თემის საჭიროებებზე მორგებული ცვლილებებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ქცევითი მეცნიერების მოწვეული ექსპერტები. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს თავიანთ თემებში თანმიმდევრული ცვლილებების მიღწევაში.

 

 

შეხვედრის მთავარი თემა

სოციალური აქტივობის თემა იყო მთავარი წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა ოთხი დასახლებიდან.

მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათ გაიაზრეს, რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რას ემსახურება, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს… 

შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება. საუბარი ასევე შეეხო ოთხივე დასახლების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების გზების დაგეგმვას. 

 

 

სენაკში თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სოციალური აქტივობა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რა უნდა გაკეთდეს, ვინ არიან მთავარი აქტორები, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა თემებში და რა სარგებელს მოიტანს. 

მონაწილეების ინფორმირების მაჩვენებელი საკითხზე პრე- და პოსტტესტებით დაფიქსირდა. 

ჯგუფის წევრებმა ხელი მოაწერეს წესდებას, რაშიც კონკრეტულად არის გაწერილი ჯგუფის მიზნები, მენეჯმენტი, ჯგუფის წევრთა უფლებები და მოვალეობები.  ისინი მზად არიან,  წესდების შესაბამისად იმუშაონ სათემო პრობლემების მოსაგვარებლად. 

შეხვედრის ბოლო ნაწილი სწორედ პრობლემების განხილვას მიეძღვნა. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაძლიერდება  სოციალური აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს სათემო პრობლემების  იდენტიფიცირებას და  მათ მოგვარებას რესურსების გაერთიანებით.

 

 

სოციალური აქტივობის კონცეფციას მიეძღვნა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები ჭომის და ნიკეას დევნილთა დასახლებებიდან.

მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათთვის უკვე სრულიად გასაგებია ამ ტერმინის განმარტება, არსი,  მიზანი და შედეგები. შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასახლებების პრობლემების იდენტიფიცირება. ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის უნდა იზრუნოს.



 

აფხაზეთის ქუჩაზე, ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა შეხვედრა თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან. 

ჯგუფის წევრები გაეცნენ სოციალური აქტივობის არსს, მიზანს, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების აქტიურობა საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა შეავსეს პრეტესტი, ხოლო მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ - პოსტტესტი რითაც  შეფასდა მათი ცოდნა და შეხედულებები  სოციალური აქტივობის შესახებ.

ბოლოს მონაწილეები გაეცნენ და მიიღეს თვითდახმარების ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ შემუშავებული წესდება: ზოგადი დებულება, ჯგუფის მიზნები, წევრების არჩევა/შერჩევის წესი, უფლებები და მოვალეობები, მენეჯმენტის სტრუქტურა, შეხვედრების პერიოდულობა.

დათქვეს, რომ მოისმენენ თემში მცხოვრები ადამიანების მოსაზრებებსაც - თუ რა აწუხებთ და რა მიაჩნიათ პრიორიტეტულ პრობლემად, რისი მოგვარებაც უნდათ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში.

 

 

მორიგი შეხვედრა ფოთში

ფოთის დევნილთა დასახლებაში გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სოციალური აქტივობის არსი, გააანალიზეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თემის პრობლემები და ქალთა გაძლიერების სტრატეგიები.

დასაწყისში მონაწილეები გაეცნენ სოციალური აქტივობის კონცეფციას - როგორია, როგორც ინსტრუმენტი ინდივიდუალური თვითდახმარებიდან კოლექტიურ ცვლილებამდე; როგორ უწყობს ხელს აქტიური თანამონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გაძლიერებას პიროვნულ და თემის დონეზე. აღინიშნა, რომ ჯგუფური მუშაობა, რესურსების გაზიარება და მხარდამჭერი ქსელების შექმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური რისკების წინაშე დგანან.

მონაწილეებთან ერთად შემუშავდა და ხელმოწერით დადასტურდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება, რომელიც განსაზღვრავს შიდა წესებს და სამუშაო პრინციპებს. ასევე შეივსო პრე- და პოსტკითხვარი სოციალური აქტივობის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება: ჯგუფის წევრებმა დაასახელეს დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევები და დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით

შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ გაძლიერებაში, ისე ქალთა სოლიდარობის და თემზე ზრუნვის კულტურის განვითარებაში - პროცესში, რომელიც სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.



18-19 ივნისს, სტოკჰოლმში, შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში გაიმართა Feminist Fest 2025, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფემინისტ აქტივისტებს, მკვლევრებსა და მშვიდობის მშენებლებს აერთიანებდა. ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო წიგნის „მამაცი ქალები: ბრძოლა სამართლიანობისთვის 21-ე საუკუნეში“ პრეზენტაცია. მასში წარმოდგენილია ეკატერინე გამახარიასა და ფემინისტი მკვლევრის, მაგდა კარდენასის თანაავტორობით დაწერილი თავი, რომელიც ასახავს დევნილი ქალების ტრანსფორმაციას - მსხვერპლიდან ლიდერობამდე. ტექსტი ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მრავალწლიან გამოცდილებას და აერთიანებს როგორც პირად ისტორიას, ისე აქტივიზმის პრაქტიკულ და აკადემიურ ანალიზს.

„ეს გამოცდილება ჩემთვის უნიკალური იყო. ამ თავში მე აღარ ვიყავი მხოლოდ კვლევის რესპონდენტი, ვიყავი ავტორი, რომელსაც ჰქონდა თავისუფლება, ეამბნა თავისი სიმართლე,“ - აღნიშნა ეკატერინე გამახარიამ.

მისი თქმით, დღეს, როცა სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება და გენდერული საკითხები პოლიტიზებული ხდება, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები მაინც აგრძელებენ ბრძოლას – „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენს გარეშე!“

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები