უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც  იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში. 

ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.

უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.

მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.

მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინელი ქალებისთვის უკრაინელმა ფსიქოლოგებმა მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „როგორ ამოვიცნოთ ძალადობა“.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ძალადობრივი ურთიერთობის გამოვლინება და უნარები ძალადობის წინააღმდეგ. ტრენერებმა ისაუბრეს სახელმწიფოს და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერაზე საგანგებო სიტუაციების დროს.

მონაწილეების თქმით, განსაკუთრებული იყო ტრენინგის მშობლიურ ენაზე ჩატარება. თემებიც სწორად იყო შერჩეული და ეს კარგი შესაძლებლობაა ქალების გაძლიერებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა კამპანია „ქუთაისი დნიპროსთვის“.  

ერთი თვის მანძილზე შეგროვდა 30 000 ლარი! თანხა სრულად გადაირიცხა დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე.

შემაჯამებელი ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. მოეწყო ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ორგანიზება გაუკეთა უკრაინელი ქალების მონაწილეობას, რომლებმაც გასაყიდად გაიტანეს თავიანთი კულინარიული და საკონდიტრო ნაწარმი. ეს მათი ნახელავის ერთგვარი რეკლამაც იყო.

ჩვენმა ორგანიზაციამ დნიპროს ფონდში 300 ლარი გადარიცხა. თანხები გადარიცხეს ორგანიზაციის ცალკეულმა წევრებმაც.

მშვიდობა და გამარჯვება დნიპროს და მთელ უკრაინას - ასეთია ჩვენი ორგანიზაციის და კამპანიაში ჩართული ყველა მონაწილის სურვილი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- უკრაინელი ქალის ბავშვი ფოთიდან ქუთაისში ჩამოიყვანეს საავადმყოფოში. სანამ პატარა რეანიმაციაში იყო, დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობდა. ის დღეები ორივეზე ვზრუნავდით - დედაზეც და ბავშვზეც. ვიყიდეთ ყველაფერი, რაც ბავშვს დამატებით სჭირდებოდა: პამპერსი, საკვები, წამალი. ახლა ის უკვე გამოწერეს და  თავს კარგად გრძნობს, - ამბობს სოფი წირღვავა, უკრაინელებთან მუშაობის ასისტენტი.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ რამდენიმე ადამიანს გაუწია ასეთი სახის დახმარება: ორ ონკოდაავადებულს აუნაზღაურდა კვლევების თანხიდან 375 და 370 ლარი. ერთ ქალს დავეხმარეთ ქიმიოთერაპიის რეფერალური დაფინანსების  მიღებაში.

კვლავინდებურად გრძელდება დახმარება ბინის დაქირავების (გაიცა 19 ოჯახზე) და კომუნალური გადასახადების კუთხით (ეს დახმარება მიიღო 5-მა ოჯახმა). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროდუქტების გაცემას. ამ თვეში  20-მა ოჯახმა მიიღო სურსათი და ჰიგიენური საშუალებები.

ჩვენს საინფორმაციო ბაზას თებერვალში 15 ადამიანი დაემატა და უკვე 467 ადამიანია.

ძვირფასო უკრაინელო ქალებო!

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ისევ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ქალებს და მათ ოჯახებს!

ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით და კვლავაც ვეხმარებით უკრაინას და ამ ქვეყნიდან ლტოლვილებს:

პირველ დღეებში ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ლარი და ამანათები გავაგზავნეთ.

8 მარტს ჩავატარეთ სოლიდარობის აქციები ქუთაისში და სხვა მუნიციპალიტეტებში.

გადავიღეთ ვიდეორგოლები.

დავეხმარეთ ოკუპირებული მელიტოპოლის ქალებს - გავუგზავნეთ მათ 55 800 გრივნა და მოხალისე ქალებმა თანაქალაქელებისთვის შეიძინეს საკვები და წამლები.

აპრილში, როცა უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ საქართველოში, შევქმენით მხარდაჭერის ჯგუფი და დავიწყეთ მათი დახმარება.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელმაც რუსეთის აგრესია იწვნია. 14 იანვარს 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. 75 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. ამიტომაც შეიქმნა ჯგუფი „ქუთაისი დნიპროსთვის“. პირველ ონლაინ კომუნიკაციას დნიპროსთან უკრაინულ მხარეს წარმოადგენდა საქველმოქმედო ფონდის „TAPS Ukraina“-ს დირექტორი იულია დმიტროვა, რომელიც მჭიდრო კოორდინაციაშია ქალაქის მერიის სტრუქტურებთან. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თორინავა.

ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც სერიოზულ დახმარებას უწევს უკრაინიდან ლტოლვილებს, ამ ფართომასშტაბიან კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთო: ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას კამპანიის, ანგარიშების ნომრების შესახებ და რიცხავენ თანხას უკრაინელების დასახმარებლად. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების საუკეთესო პრაქტიკა“ - ეს იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის გამართული ტრენინგის თემა.

ტრენერმა ქეთი ვასაძემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამის შესახებ და მისცა საშუალება, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით ემსჯელათ გარკვეულ იდეებზე, ქმედებებსა და ადვოკატირების გზებზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს ომით დაზარალებული ადამიანების უფრო ეფექტიან მხარდაჭერას.

მოყვანილ იქნა უამრავი პოზიტიური მაგალითი, თუ რა საქმიანობას ეწევა ფონდი „სოხუმი“ ამ ეტაპზე უკრაინელი ლტოლვილების დახმარების კუთხით და რა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო სამომავლოდ, რათა მათ გაუადვილდეთ დასაქმება და ინტეგრაცია ადგილობრივ თემში. 

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

ამ მესიჯების ადრესატი სოფია წირღვავაა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელი, რომელიც უკრაინელებთან მუშაობს. სამადლობელი სიტყვები საერთო ჩათში იწერება. ამ ჩათში სოფია აწვდის მათ ყველა ინფორმაციას, რომელიც გამოადგებათ (მაგ., ვაკანსიაზე, ან იუნისეფის დახმარების შესახებ ბავშვებისთვის)...

ჩვენი ორგანიზაციის დახმარება მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ძნელბედობამ საქართველოში ჩამოიყვანა.

ჩვენი მხარდაჭერა არის:

დახმარება სურსათით და ჰიგიენის საშუალებებით - იანვარში ასეთი პაკეტები 45-მა ოჯახმა მიიღო.

კომუნალური გადასახადების დაფარვა - გაეწია 9 ოჯახს.

საცხოვრებლის დაქირავება - ეს დახმარება 13-მა ოჯახმა მიიღო.

უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო:

„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“

ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც  ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის.

პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად შემოვიდა. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები, ამიტომ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში ბევრი სათამაშოა. თაროზე უწყინრად იდო კურდღელიც. უკრაინელმა ბიჭუნამ უცებ იყვირა: ბაჭია! მერე ფსიქოლოგს ჰკითხა: შეიძლება ხელში ავიყვანო? რა თქმა უნდა, მისცეს. ეხუტებოდა, ეფერებოდა... მიხვდა მანანა გოცირიძე - რატომაც და უთხრა, თუ გინდა, გაჩუქებო. დედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ასეთი ჰქონდა სახლში და ძალიან უყვარდაო...

ბედნიერი წავიდა პატარა ბიჭუნა.

ყველა კმაყოფილი რჩება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ. ზოგს ნაკლები პრობლემა აქვს და უფრო მალე სრულდება რეაბილიტაციის პროცესი, ზოგს მეტი ვიზიტი სჭირდება.

უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრები მანანა გოცირიძის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იანვარში ის 6 ოჯახს შეხვდა - 17 ადამიანს. ჩატარდა პირველადი კონსულტაცია, ანამნეზის შეგროვება და მათ შესთავაზეს უფასო ფსიქოთერაპიის გაგრძელება. ოჯახებს ასევე გადაეცათ საჭირო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები