ფონდი „სოხუმი“ უერთდება საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ და ჩვენი მოწოდებაა „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასამდე ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, მრგვალი მაგიდების სერიას მართავს იმერეთის, გურია-აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაძლიერების ხელშესაწყობად.
მიმდინარე შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გრძელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შეხვედრები. ამჯერად შეხვედრა გურია-აჭარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე - ელისო შონია წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვის საქმეში - ექსპერტმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით - ემა კამკიამ გაუზიარა. მან ყურადღება ძირითად მიღწევებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების შესაძლო გზებზე გაამახვილა.
ფონდი "სოხუმის" ახალი მონიტორინგის ანგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.
რა შედეგები მოიტანა ორწლიანმა მუშაობამ 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რამდენად გაძლიერდა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები? რა შეიცვალა თვითმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის თვალსაზრისით? როგორ აფასებს პროექტის დასასრულს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდობას იმერეთის, გურისა და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა? ამ კითხვებს პასუხობს შემაჯამებელი, რიგით მე-6 გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „რიონმა“ გააშუქა.
მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
შეხვედრების მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“ შესახებ. დაისვა არაერთი შეკითხვა იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია, თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს. დიდი ინტერესი გამოიწვია ვებგვერდის იმ ბლოკმა, სადაც აღწერილია ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. დაფიქსირდა, რომ ეს ისტორიები მაგალითი იქნება ბევრი ქალისთვის.
ნოემბერში ონლაინ შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხონის საინიციატივო ჯგუფებთან ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და იმსჯელეს, რა ღონისძიებებს ჩაატარებენ კამპანიის ფარგლებში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი აქტიურად განიხილეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს და ონლაინ ანკეტირების ჩატარების ტექნიკური მხარეები. ორივე ჯგუფის წევრებს აქვთ მსგავსი კვლევის ჩატარების გამოცდილება. შეხვედრებზე მათ გააანალიზეს გამოწვევები, რომელთაც წააწყდნენ წინა კვლევის პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ისინი დეკემბერში შეუდგებიან კვლევით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სოფელ ინგირში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში არის საბავშვო ბაღი „წითელქუდა“, სადაც დადიან დევნილი და ადგილობრივი ბავშვები.
ბაღი 1997 წლიდან ფუნქციონირებს, არის ნაქირავებ არასტანდარტულ ორსართულიან შენობაში და ვერ აკმაყოფილებს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების საჭიროებას სკოლამდელი სერვისის მიღების კუთხით.
ადვოკატირების ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები და მერიაში შეიტანა წერილი თხოვნით, მოხდეს 150 ოჯახის აღსაზრდელთა დაკმაყოფილება სათანადო ინფრასტრუქტურით. ჯგუფის წევრები დაესწრნენ ბიუჯეტის განხილვას და მერიისგან მიიღეს უკუკავშირი მათ მიერ დაყენებულ საკითხზე.
პარალელურად ადვოკატირების ჯგუფს შექმნილი აქვს არაფორმალური სივრცე, სადაც ბაღის პედაგოგები, ფსიქოლოგები ხვდებიან მშობლებს და იმართება საინტერესო დისკუსიები სააღმზრდელო პროცესთან მიმართებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მომდევნო კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ იმსჯელეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკურ მხარეზე. განსაზღვრეს ონლაინ გამოკითხვასთან დაკავშირებული რისკები.
ჯგუფის წევრებს აქვთ კვლევის ჩატარების პრაქტიკა. გარდა ამისა, გაიარეს თემატური ტრენინგი ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების უნარ-ჩვევებზე. ეს გამოცდილება დაეხმარება მათ პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.
წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა მორიგ შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრებით, 16-დღიანი კამპანია კარგი შესაძლებლობაა ძალადობის მიმართ პროტესტის გამოსახატად, ორივე ახალგაზრდული კლუბი საერთაშორისო კამპანიას რამდენიმე აქტივობით შეუერთდება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე მონაწილეებმა ფოკუს-ჯგუფების და ინტერვიუების პროცესის ძირითად დეტალებზე ისაუბრეს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება: რა არის მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რა უნდა გაითვალისწინონ რესპონდენტების შერჩევისას. ჯგუფის წევრები მომავალი თვიდან კვლევაში ჩაერთვებიან და მსგავსი კონსულტაციები კვლევის პროცესზე პოზიტიურად იმოქმედებს.
სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს და საერთო მოსაზრებებზე შეჯერდნენ. ვიდეომიმართვები, აქციები, ქუჩის გამოკითხვები - ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო პროტესტს სენაკელი ახალგაზრდები რამდენიმე აქტივობით შეუერთდებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით