შეხვედრები (642)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

             

რესტორან „ამირანში“ გაიმართა შეფასებითი ვორქშოფი, რომელზეც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა შეაფასეს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, ფონდის აქტივისტებმა, ბენეფიციარებმა.

მუშაობის ფოკუსი იყო ორგანიზაციის საქმიანობის აქტუალურობა; პარტნიორების მიერ დანახული ცვლილებები და მიღწევები; ხედვა ორგანიზაციის პოტენციალზე და ინსტიტუციური ზრდის დინამიკის შენარჩუნების სურვილი; გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ ისურვებდნენ ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევის მიმართვას.

ფონდის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს  პარტნიორებს, ბენეფიციარებს. ითქვა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ საქმიანობას შეხედო „გვერდიდან“ და მოისმინო საქმიანი რჩევები სამომავლო სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

      

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ – ფარგლებში ორგანიზებული იყო ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“. 
შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა მიღწევები არსებობს გენდერული პოლიტიკის კუთხით მუნიციპალურ დონეზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოები, რა მიმართულებით ისურვებდნენ მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებისგან, საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოსგან, სამინისტროებისგან ადამიანები, ვისაც შეხება აქვს ადგილებზე გენდერული დღის წესრიგის დანერგვასთან?

საინტერესო დისკუსიების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები ჩამოყალიბდნენ რეკომენდაციებზე, რაც საფუძველს დაუდებს დიალოგს ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის შემუშავებისა და მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვისათვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

 

  

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებს პროექტის ახალი მენეჯერი ნინო მარკოზაშვილი გაეცნო. მოეწყო 2017 წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის ვიდეოჩვენება. საბჭოს წევრებმა განიხილეს დაფინანსებული პროექტების სიცოცხლისუნარიანობის საკითხი, მიმოიხილეს მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და შედეგები, ისაუბრეს 2018 წლის სამუშაო გეგმის შედგენაზე.

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების დანერგვის ტენდენცია გაგრძელდება.

პროექტიხორციელდებაჩეხურიორგანიზაციაადამიანიგაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით 

      

7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისათვის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, სახელმწიფო სტრუქტურების, ომბუდსმენის აპარატის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მკვლევარმა ეკატერინე გამახარიამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა კვლევის შედეგად გაკეთებული ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები. ამის შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსიები, რაც იყო ნაშრომის საზოგადოების ფართო წრეებისთვის გაცნობის შედეგად მიღებული უკუკავშირის გაგრძელება. შედგა კიდევ ერთი დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის.

 

 

ქუთაისში, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში, იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“, ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა.

ფონდის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები, ჩატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩეხეთის გამოცდილებას სამოქალაქო მონაწილეობის და გენდერული მარკერების გათვალისწინების კუთხით; ასევე კვლევებს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ადგილობრივი გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია. კვლევები შეეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკას და გამოწვევებს; გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს და სხვ., დახატავს საინტერესო სურათს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოცდილების, გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებებით.

შეხვედრის მონაწილეების აზრით, არის შესამჩნევი უკუსვლა ადგილებზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენების კუთხით. მიზეზად დასახელდა არჩევნების შედეგად ახალი ადამიანების მოსვლა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც გენდერული განათლების, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენების, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან  მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას უჩვენებს.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

  

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობები და ახალი სამოქმედო გეგმის ასპექტები - ამ თემაზე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“.

შეხვედრას უძღვებოდნენ სოფიო ჯაფარიძე - პრემიერ მინისტრის თანაშემწე; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები და ამ თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ხონის გამგეობის სააქტო დარბაზში სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

მრჩეველთა საბჭოს წევრების გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თემის აქტიური ჯგუფები, სოციალური პროექტების ბენეფიციარები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა, დანერგილი ინოვაციური სერვისები, რომლებიც, როგორც გამომსვლელთა შეფასებებში ჩანდა, დიდი მოწონებით სარგებლობს ხონში.

პროექტიხორციელდებაჩეხურიორგანიზაციაადამიანიგაჭირვებაში“ PINმხარდაჭერით

      

ნიქოზია კონფლიქტის შედეგად გაყოფილი ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში - არის ევროკავშირის წევრი კვიპროსის რესპუბლიკის და ნაწილობრივ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის დედაქალაქი. სწორედ ამის გამო გაიმართა აქ ერთობლივი შეხვედრები. განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის მიზნით ჩატარებული და  გამოცემული კვლევები.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ნიქოზიასა და ლიმასოლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუმრობა ბუფერულ ზონაში, ე. წ.  მწვანე ხაზზე მდებარე „თანამშრომლობის სახლში“. ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ბერძენი და თურქი კვიპროსელები, თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტში, მუშაობენ, ატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ერთად  სვამენ ყავას...

კვიპროსში გატარებული რამდენიმე დღე - ეს იყო კვიპროსული და ქართული-აფხაზური გამოცდილებების გაზიარება, ძალიან საჭირო და სასარგებლო პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა

ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

  

 

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგროვებს ინფორმაციას „საქართველოს კანონის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ განხორციელების მონიტორიგის ფარგლებში. ოქტომბერში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მედიკოსებთან და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან. ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრთან და ქუთაისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა კანონში შესულ ცვლილებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმი“ მასპინძლობდა ანიკა ბეკერს - დონორი ორგანიზაციის Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst (გერმანია) კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში. ფონდის თანამშრომლებმა სტუმარს გააცნეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული სიტუაცია და ორგანიზაციის მუშაობა ამ კონტექსტში. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

ამ დღესვე ანიკა  ბეკერი შეხვდა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორს და აქტივისტებს, აგრეთვე დაესწრო ფორუმ-თეატრის წარმოდგენას წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში.

ამრიგად, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა საინტერესო ინფორმაცია მიიღო ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები