შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საახალწლო დღეების შემდეგ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქალაქებსა და სოფლებში - დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასათან.
შეხვედრებზე განხილული იყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში მიმდინარე ცვლილება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.


სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 2016 წლის პირველი სხდომა 22 იანვარს გაიმართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს 2016-2017 წლების ღონისძიებების გეგმაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით (კერძოდ, იმ მუხლებზე, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება) და წარმოადგინეს გარკვეული ცვლილებები და დამატებები.
საბჭოს სხდომაზე აქტიურად განიხილეს ახალი საპროექტო იდეები, დიდი აქცენტით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებზე. თებერვალში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე სოფლის რწმუნებულებისა და დეპუტატებისთვის.
22 იანვარს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც დევნილებთან ერთად ადგილობრივებიც ცხოვრობენ. შეკრებილები იცნობენ ფონდ „სოხუმს“, მაგრამ მათ ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს აქტიური მუშაობის შესახებ - განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საბჭოს მიერ წარდგენილი გენდერული რეკომენდაციები.
დევნილებმა ისაუბრეს თავიანთი პრობლემების (დაუკანონებელი ფართები, გაზიფიცირება, დატბორილი სარდაფები) შესახებ.
გადაწყდა, რომ ადვოკატირებაში ჩაერთოს ფონდი „სოხუმის“ იურისტი, რათა დაჩქარდეს პრობლემების მოგვარება.

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას ოზურგეთში, რომელსაც ახორციელებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი. გაიგეს გენდერული პოლიტიკის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ახალ ბიუჯეტებში.
პირველი გამოხმაურებები მოჰყვა „C“ ჰეპატიტით და ონკოდაავადებულთა პროგრამებს. დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სოციალურ სამსახურში.
დაიგეგმა იურისტის ვიზიტიც, რომელიც შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხის ადვოკატირებაში დაეხმარება მუზეუმის თანამშრომლებს.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში.
საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრება რომ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ოჯახში ძალადობის პრევენციაში, რაც შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და ანალიზს, მედიაციას და ა.შ.
აგრეთვე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში, რაც თავის მხრივ შეიძლება მოიცავდეს – ადგილებზე კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას, დასაქმებაში ხელშეწყობას.
აღინიშნა, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივ დონეზე ზუსტად თვითმმართველობა უნდა იყოს.

ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს კოლექტიურ ცენტრში გაიმართა შეხვედრა დევნილებთან. ისინი გარემონტებულ შენობაში ცხოვრობენ, მაგრამ საცხოვრებელი ფართები ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არ არის და, ცოტა არ იყოს, შიშის გრძნობა ეუფლებათ.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები (პროექტის ასისტენტი და იურისტი) დაეხმარნენ დევნილებს წერილის მომზადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ წერილი გაიგზავნება უწყებაში და ასე დაიწყება საკითხის ადვოკატირება.


- ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი პროექტი, მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, საზოგადოების ინფორმირება საბჭოს მუშაობაზე ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობით, გენდერული საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება. გენდერული პოლიტიკის გეგმის წარდგენა ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული მხარდაჭერა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ შედეგებით ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იყო საუბარი პრობლემებზე, ხარვეზებზე, სამომავლო გეგმებზე.

ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანი იყო ერთწლიანი მუშაობის შეჯამება. შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორის მოადგილე, დეპუტატები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბჭო უკვე მოიაზრება ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმართველობების დამაკავშირებელ რგოლად.
გამომდინარე იქედან, რომ ერთობლივი მუშაობით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ოზურგეთის მოსახლეობისთვის, გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ გურიის გუბერნიის მხრიდან მიიღო წინადადება, ხელი შეუწყონ საბჭოების შექმნას გურიის მასშტაბით.


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ერთწლიანი მუშაობის შედეგები.
საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები და გაწეული საქმიანობის შეფასება. გამოიკვეთა საბჭოს მიერ 2015 წელს ინიცირებული პროგრამები და პროექტები, განხილულ იქნა ახალი იდეები და გეგმები მუშაობის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად 2016 წელს.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები, აპარატის თანამშრომლები.
