აქტიურად გაგრძელდა სატრენინგო კურსი კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში. თერჯოლის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ტრენინგები ჩატარდა ერთსა და იმავე თემაზე: გენდერული თანასწორობა, ტრადიციები და სტერეოტიპები ძალადობის პრევენციისთვის. კონფლიქტის გადაჭრის გზები.

ყველა ტრენინგი თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განსხვავდება მონაწილეთა ჩართულობით. ახალგაზრდულ ჯგუფებზე აისახება ლიდერების აქტიურობა, ტრენინგების დასრულების შემდეგ იწყება ინიცირებული ღონისძიებები, რაც ჩვენი მუშაობის თვალსაჩინო შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაიარა ყველა ის ეტაპი, რაც ოჯახურ ძალადობას ახლავს. გაიარა ყველა იმ განცდით, რომელიც დასაწყისში პროტესტის გრძნობას აღძრავს, შემდეგ - დანაშაულს და საბოლოოდ ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

დეტალებს არ ყვება. ამბობს, რომ ამბის მოყოლაც ამძიმებს და ტკივილს უახლებს. თუმცა ყველაფერი ახსოვს. უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში მის ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყო უიმედობა და სასოწარკვეთა, რადგან იცოდა, რომ ორი პატარა შვილით კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ყველასთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. ამ ტვირთმა განსაკუთრებით დაამძიმა. ვერავის დაეყრდნო...

ეს სალომეა (სახელი პირობითია) ქობულეთიდან. მისი ისტორია ძალიან ნაცნობია. თითქოს სადღაც წაგვიკითხავს, ან ვიღაცისგან მოგვისმენია. ეს ისტორია გზავნილია, კიდევ ერთი გზავნილი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადამიანებისგან ითხოვენ მხარდაჭერას და ხშირად ვერ იღებენ...

სალომემ შეძლო ცვლილება - ცხოვრების ყველაზე მძიმე ისტორიის ფურცლები საბოლოოდ ჩაკეცა და ახალი ცხოვრება დაიწყო:

შეხვედრების ფორმატით გათვალისწინებულია მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“: რა მიზნით შეიქმნა, რა მასალებია განთავსებული, როგორ დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. მონაწილეები ასევე ეცნობიან ინტერნეტსივრცის გამოყენებას.

ასეთი შეხვედრები სისტემატურად ტარდება ქალთა ჯგუფებთან. მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ბაღდათის, ზუგდიდისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.

შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ბენეფიციარები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტექნიკური საშუალებებით ბენეფიციარების დახმარების აქციას. ითქვა, რომ მათთვის ეს არის დიდი იმედი, რომ მარტო არ არიან და მათზე ზრუნავენ. საუბარი ასევე შეეხო ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრს - ცენტრში ძალადობის მსხვერპლები ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადიან, რაც მათთვის დიდი ფუფუნებაა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მუშაობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში დაიწყო კოალიციური პროექტი, რომლის სახელწოდებაა: „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დევნილებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

ერთ ოჯახს სახლი გადაუთოვლეს, მეორეს შეშა მისცეს, ერთგან შიდა გზა გაწმინდეს - ეს ჩვენი მუშაობის შედეგებია.

სამობილიზაციო შეხვედრები ხელს უწყობს იმ პრობლემების გამოვლენას, რომლებიც სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად რეაგირებენ გამოვლენილ პრობლემებზე. ადვოკატირების პროცესი ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობით მიმდინარეობს,  რაც გამოვლენილ  ქეისებს დასრულებულ სახეს აძლევს.

საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა წალენჯიხის, სენაკის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში მოხვდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დროულად გადაიჭრა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური სამუშაო პერიოდი აქვთ კოკის და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიიპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფებს. ჯგუფის წევრები კვლევაში არიან ჩართულნი: ფოკუს-ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს ატარებენ. კვლევის მიზანია იმ ბარიერების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.

კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფს კი სხვა დღის წესრიგი აქვს. მორიგ შეხვედრაზე  ფონდი „სოხუმის“ იურისტი ახალგაზრდებს ესაუბრა თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები ახლავს.

შეხვედრის ბოლოს ჯგუფის წევრების უკუკავშირი იყო ასეთი:

- შეხვედრა იყო ცოდნის მომცემი, საინტერესო და დამაფიქრებელი.

- გავიგე ნაადრევი ქორწინების შემდგომ რისკებზე და დასჯის მეთოდებზე.

- აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ჩატარება მოზარდებთან.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

10 იანვრიდან განახლდა მუშაობა ახალგაზრდებთან. დაიწყო ტრენინგების ციკლი - ჩატარდა 5  შეხვედრა-ტრენინგი.

თვის პირველი ხუთეული: ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ქობულეთის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები.

ტრენინგის თემები: გენდერული თანასწორობა, ტრადიციები და სტერეოტიპები ძალადობის პრევენციისთვის. კონფლიქტის გადაჭრის გზები.

შეხვედრების მონაწილე მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, ონლაინ ფორმატის მიუხედავად. სამტრედიასა და ტყიბულში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმაც. როგორც აღინიშნა, ეს მუშაობა ზრდის  ლიდერულ უნარ-ჩვევებს ახალგაზრდებში და მეტის გაკეთების მოტივაციას აძლევს მათ. ცენტრების წევრებმა უკვე ინიცირებული ღონისძიებების ჩატარების გრაფიკი შეადგინეს - როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. ისინი დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა ფორმას არჩევენ (შეხვედრა თანატოლებთან, ვიდეორგოლის მომზადება, ესეს დაწერა და ა.შ.).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ინფორმაცია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემა ოჯახში ძალადობას ეხება“; „ყველასთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომლებიც მოვისმინეთ. გავავრცელებთ ყველგან, რადგან ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რა მექანიზმები არსებობს ქალთა მხარდაჭერის კუთხით“, - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს ზუგდიდში, ვანსა და ბაღდათში გამართულ  შეხვედრებზე.

მონაწილეთა თქმით, ინფორმირებულობა ხელს უწყობს ძალადობის შემთხვევების გამოვლენას ადრეულ სტადიაში და დროულ რეაგირებას. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული ქეისები და ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალები გადამისამართდნენ ფსიქოლოგთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის საინიციატივო ჯგუფებში

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფები კვლევის პროცესში არიან ჩართულები. მალე პირველი შედეგებიც გამოჩნდება. მორიგ შეხვედრებზე ორივე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების ტექნიკა და ვადები, განსაზღვრეს რესპონდენტთა კატეგორიები. ჯგუფის წევრების გამოცდილება ხელშემწყობი ფაქტორია დავალების წარმატებით შესრულებისთვის.

ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან იურისტმა ბავშვთა უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მოსწავლეებმა  ბევრი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები