https://www.facebook.com/watch/?v=702768274079179
თებერვალში ფორუმ-თეატრი ცოცხლადაც მუშაობდა და ონლაინაც. ტარდებოდა რეპეტიციები, ვიდეორგოლების ჩაწერა. ახალგაზრდა მსახიობებმა ორი წარმოდგენა გამართეს ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მართალია, თეატრს არ ჰყავდა ბევრი მაყურებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმოდგენების ჩატარება მაინც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ფორუმ-თეატრის მსახიობების მონოლოგები, რომელთაც ასობით ადამიანი გაეცნო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს ყველაფერი ჩვენი შეხვედრების შემდეგ ხდება. თვეში ერთი შეხვედრა/ტრენინგი ტარდება და ტრენინგიდან ტრენინგამდე ბავშვები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ სათქმელს - იმას, რაც ისწავლეს, რაც მოსწონთ და აღელვებთ.
სამტრედიის ჯგუფის მომზადებული ვიდეორგოლი, ზუგდიდისა და ქობულეთის ჯგუფების ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და კიდევ უამრავი რამ: დიაგრამები, წერილები მშობლებს, კომიქსები, ვიდეორგოლები, ნახატები, პრეზენტაციები...
ამ ღონისძიებებს ინიცირებულ ღონისძიებებს ვეძახით, რადგან ისინი ჩვენი ტრენინგების გამოძახილია. თებერვალში ათ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული შეხვედრების თემები იყო: კონფლიქტი, ეთიკა, ესთეტიკა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები. ცენტრების ლიდერების მიერ ჩატარებული აქტივობებიც ამ საკითხებს მიეძღვნა.
Haven House 1964 წელს გახსნილი პირველი ქალთა თავშესაფარია კალიფორნიაში, რომელიც ალბათ ლამაზ მწვანე ეზოში იდგა. ისეთივე, როგორც ჩვენი სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრია ქუთაისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში. აქ ყველა კუთხეში სიმყუდროვეა, ისეთი, რომ შეხვალ და დამშვიდდები.
აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს შეუძლია ამ არაჩვეულებრივ გარემოში დაჰყოს გარკვეული ხანი.
სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი ძალადობაგამოვლილ ქალს სამომავლო გზის გარკვევაში ეხმარებიან: უმსუბუქებენ მდგომარეობას. თუ საჭიროა, ამზადებენ საჭირო საბუთებს.
ბიზნესის დაგეგმვა, მარკეტინგის არსი და მისი მნიშვნელობა, მარკეტინგული სტრატეგია, ბიზნეს ოპერაციები, მენეჯმენტი და იურიდიული საკითხები, ფინანსური მენეჯმენტი - ამ საკითხებზე გაიმართა ორდღიანი ტრენინგი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მათ მისცა შესაძლებლობა, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, ტრენინგის შემდეგ კი ბიზნესპროექტების დაწერასაც შეძლებენ.
მომდევნო ეტაპი ბიზნესიდეების კონკურსია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები ჩაერთვებიან კონკურსში. საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- ბავშვის უფლება ოჯახზე
- ბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე
- ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება
- ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
- ბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებსა და განვითარებაზე
- ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება
- ბავშვის მავნე ზეგავლენიზგან დაცვის უფლება
ეს საკითხები იყო 17 თებერვლის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის თემა.
„ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ისინი არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები.
- კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„თანასწორობა ნიშნავს თანაბარ უფლებებს, თუ ეს უფლება დარღვეულია იქ უკვე ძალადობა იწყება.“
„გენდერი საზოგადოებას არასწორად ესმის, რაც ინფორმირების უკმარისობით არის გამოწვეული. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ის იცავს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უფლებებს. “ - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს საინფორმაციო შეხვედრებზე.
მონაწილეების აზრით, გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია, ის ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰარმონიის შექმნას, ადამიანების უფლებების დაცვას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
16 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან თემაზე - „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.
მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება თემის ირგვლივ და ბევრ საკითხს სხვა რაკურსიდან შეხედეს.
ტრენინგი ჩატარდა აქტიური დისკუსიის რეჟიმში:
-„ძალიან საინტერესო იყო თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია“;
- „თითქოს ეს თემა არ იყო ჩემთვის უცნობი, მაგრამ დღევამდელმა ტრენიმა ძალიან ბევრ საკითხზე სხვაგვარად დამაფიქრა“;
- „სიამოვნებით ვისმენდი და გავიღრმავე ცოდნა“.
ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა მათთვის ჩატარებული ტრენინგი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქალთა გაძლიერება, მათი მხარდაჭერა გულისხმობს იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალებისათვის. ზამთრის უამინდობამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან მომართვიანობაც გაიზარდა. ცენტრების მობილიზატორები პრობლემათა მოგვარებას თვითმმართველობის დახმარებით ცდილობენ.
ქობულეთში მარტოხელა დედას, ტყიბულში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს მუნიციპალური პროგრამებით შეშის მორები გადაეცათ. სენაკში წარმატებით დასრულდა ადვოკატირების პროცესი ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდასაჭერად - ოჯახი თვითმმართველობის პროგრამით ისარგებლებს.
აღნიშნული საკითხები გამოვლინდა იმ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელთაც ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ეწევიან. ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრებს 47 ადამიანი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც 15 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ სენაკის, სამტრედიის, თერჯოლის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ზუგდიდის, ხონის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები, ჟურნალისტები ტყიბულის, ფოთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თერჯოლის მედიაორგანიზაციებიდან, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები.
ღონისძიების პირველ ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პროექტის არსზე ისაუბრეს, ასევე მის ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ და დღესდღეობით ყველაზე საჭირო ვებგვერდზე - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრულ რესურცენტრსა (http://gbvdigitalresourcecenter.ge/) და მის პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტებში - შედეგები და გამოწვევები.