ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის საქმეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლის წარმოჩენას.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა საჯარო მმართველობის პროცესში ახალგაზრდობის როლისა და მათი საჭიროებების განხილვას. სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ახლახან შექმნილი ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ და „რუდუნი“ - წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე საჯარო მმართველობის დანერგვის მიმართულებით. გამოიკვეთა ახალგაზრდების მაღალი მოტივაცია და მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციების - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - წარმომადგენლებმა.
ფონდ „სოხუმს“ ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრი აქვს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ახალი წლიდან ცენტრების მობილიზატორებმა მუშაობა განაახლეს - რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ჩატარდა ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრები. ამ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ორგანიზაციის სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ამჟამინდელ რთულ პერიოდში იმატა კონფლიქტებმა, ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი პროფილის შეხვედრების ჩატარება და სასარგებლო რჩევების მიცემა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ადვოკატირების არსის, ეტაპებისა და განხორციელების ფორმების მოკლე მიმოხილვა. დისკუსიების და ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის ჯეროვნად გატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, განსაზღვრეს და გააანალიზეს ადვოკატირების სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები. ტრენინგზე საფუძველი ჩაეყარა თვითმმართველობებში არსებული საჭიროებების ადვოკატირების გეგმის სამუშაო დოკუმენტს, რომელზეც მომავალში დაეფუძნება „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის“ წარმომადგენლებისა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი ადვოკატირების სტრატეგია რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
სამოქალაქო საზოგადოების სამი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა თერჯოლაში - როგორც იყო გათვალისწინებული პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
ეს არის პროექტის ერთ-ერთი კარგი შედეგი, რადგან თერჯოლაში ცოტაა ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების მოგვარებისთვის მუშაობს.
ამ ორგანიზაციებთან ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრეს დასახულ გეგმებზე. ამ გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსი, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან ახალი ორგანიზაციები და ეს მათთვის საქმიანობის კარგი სტარტი იქნება.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ახალი წელი 16 იანვარს დაიწყო საინტერესო შეხვედრებით. გულახდილი საუბრისკენ განაწყო მონაწილეები შერჩეულმა თემამ „ნაადრევი ქორწინება“. მათ ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, მშობლებისა და საზოგადოების როლზე. არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როგორ დაინგრა ადრე შექნილი ოჯახი, როგორ დარჩა მარტო 17-18 წლის გოგონა შვილთან ერთად. ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააფიქსირეს განათლების და დასაქმების პრობლემები.
აღინიშნა, რომ ქორწინებას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ და ასეთი საუბრები სწორედ ამის გააზრებას უწყობს ხელს.
იანვარში ფსიქოლოგმა და იურისტმა 6 ჯგუფური დისტანციური შეხვედრა გამართეს ხონის, სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის - მონაწილეობა მიიღო 28-დან 67 წლამდე 35-მა ადამიანმა.
შეხვედრებზე საუბარი იყო იმის შესახებ, როგორ უნდა მართონ ნეგატიური ემოციები და რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი Covid-19 პანდემიის დროს და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში.
ფსიქოთერაპიულ და იურიდიულ კონსულტაციებს იღებენ ასევე ოჯახური წყვილები და ინდივიდუალური ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს უფასო სერვისი, თანაც - სახლიდან გაუსვლელად, მათთვის ძალიან დიდი დახმარებაა.
ფორუმ-თეატრის იანვრის ცხოვრება ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ აქტიურად. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ახალგაზრდა მსახიობების მომზადებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოკოლაჟები.
დაიწყო ახალი რუბრიკა - ფორუმ-თეატრის ყველა მსახიობი გადაიღებს პერსონალურ ვიდეოს.
აქტიურად გრძელდება სარეპეტიციო პერიოდიც. უკვე შეიმუშავეს თებერვლის გეგმა. ფორუმ-თეატრის ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე შეხვდება მაყურებელს...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალი წლიდან აქტიური მუშაობის გეგმა - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა: „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“. შეხვედრაზე შეირჩა პრეზენტატორი, რომელიც თვის ბოლოს ფორუმზე წარადგენს ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და გავლენას მუნიციპალიტეტზე.
ასევე საუბარი შეეხო მესამე მონიტორინგს და საგრანტო კონკურსს, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.