მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...
კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.
კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...
ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო მუნიციპალიტეტის ეთიკის დებულების პროექტის განხილვას. შეხვედრას ჯგუფის წევრების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, ისინი, ვინც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან. შეხვედრამ აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. მოხდა გამოკვეთილ რეკომენდაციებზე შეჯერება, რათა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. ასე ყველას ექნება წვდომა დოკუმენტზე, რომ მის დამტკიცებამდე თავისი წინადადება დააფიქსიროს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების #საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
გაზეთი „ახალი განათლება“ აქტიურად აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას. მარტში გამოქვეყნებულ პირველ მასალაში წარმოდგენილია მინიფილმი „გენდერული სტერეოტიპები და სკოლის როლი მათ აღმოფხვრაში“.
მეორე სტატია „ონლაინ კონფერენცია – კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“ კი ეძღვნება ახალგაზრდებთან ხუთთვიანი მუშაობის შემაჯამებელ კონფერენციას.
გაზეთთან თანამშრომლობა თებერვალში დაიწყო და უკვე 4 სტატია დაიბეჭდა. „ახალი განათლების“ მკითხველთა ფართო აუდიტორია გაეცნო ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებას და დაინახა არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სტერეოტიპების მსხვრევის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის პრევენციის პროცესში.
ეს 12 ბავშვი საბერიოში ცხოვრობს და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). ქართულ სკოლაში სწავლობს. საბერიო და ფახულანი აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა სოფლებია. პანდემიის დროს კონფლიქტის გამყოფი ხაზი ჩაიკეტა. სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. 12 ბავშვი დარჩა იზოლირებული, რადგან არ ჰქონდათ ტელეფონი, ინტერნეტი... ოჯახებში სიტუაცია დაიძაბა, გაჩნდა კონფლიქტის და ძალადობის საფრთხე.
ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის დროს გამოავლინა ეს პრობლემა. ადვოკატირება წარმატებით დასრულდა: ფონდმა „სოხუმმა“ გამონახა შესაძლებლობა და ბავშვებს გადასცა სმარტფონები, ჩაურიცხა ინტერნეტის თანხა.
ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გაგრძელდა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერიოში მცხოვრებ ბავშვებს შეღავათიანი ინტერნეტის სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ და 12 მოსწავლე დისტანციურად აგრძელებს სწავლას.
ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.
ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.
ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“.
ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:
ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.
მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და თანატოლებსაც გავუზიარებ.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა აქტუალურ თემაზე „გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის საკითხში“.
შეხვედრაზე განხილული იყო სტრატეგია და სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც მეტ ეფექტს შესძენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წლის გეგმის განხორციელებისათვის არსებული რესურსების დაგეგმვაზე, პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალურ ჩართვასა და შესრულებაზე.
დასაწყისი, როგორც ხდება ხოლმე, რთული იყო.
ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმა... მაგრამ რაც უფრო მეტად ეცნობოდნენ ინფორმაციას, მით უფრო კარგად ჩანდა, რა იყო გასაკეთებელი.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვანის მუნიციპალიტეტში:
შეიმუშავეს და დაამტკიცეს თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი!
ამ მხრივ ვანის მუნიციპალიტეტი პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის.
დოკუმენტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესში. ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ლანჩხუთის საკრებულომ 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ამჟამად ჯგუფის ყურადღება მიმართულია გეგმის შესრულების მონიტორინგისკენ.
სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა საუბარი სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე და დაისახა პრიორიტეტული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობის პროცესში.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.