ბათუმში გაიმართა ტრენინგი ორგანიზაციული განვითარების მიზნით. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: როგორი სქემითაა ორგანიზაციაში როლები, ავტორიტეტები და პასუხისმგებლობები, როგორ განისაზღვრება მენეჯმენტის განსხვავებულ დონეებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი, როგორია დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობა, რა უნარ-ჩვევებია საჭირო თანამშრომელთათვის და როგორ შეიძლება გავზარდოთ ფონდის საქმიანობის შედეგები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულ ჯგუფში ფორუმ-თეატრზე მუშაობა გრძელდება.ახალგაზრდებმა ბულინგის თემაზე სცენარი დაწერეს . ეს მათთვის პირველი, დამოუკიდებელი მუშაობაა ფორუმ-თეატრის პრაქტიკაში.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

რაც შეეხება ქალთა საინიციატივო ჯგუფს, მათ ამჯერად ქალურ სოლიდარობასა და მის მნიშვნელობაზე , ასევე მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ისაუბრეს.

„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“ - ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ამ თემაზე გამართა სამოქალაქო ფორუმი ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“.

ფორუმში მონაწილეობდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, ქალთა სამუშაო ჯგუფების წევრები.

მონაწილეები გაეცნენ იგპ და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საჭიროებათა შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგებს და რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესის დინამიკას ხუთივე მუნიციპალიტეტის მაგალითზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია დევნილ ქალთა სამუშაო ჯგუფების წარმატებულ ადვოკატირებაზე. ასევე მოისმინეს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ.

ფორუმის მეორე ნაწილში, ჯგუფური მუშაობის დროს განისაზღვრა გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამომავლო პერსპექტივები ცალკეულ მუნიციპალიტეტებში.

ფორუმის დასასრულს ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადაეცათ მადლობის სიგელი აქტიური თანამშრომლობისათვის.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ქობულეთის, ტყიბულის, ჩოხატაურის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ვანის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით თებერვალში  ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები, რომლებმაც 53 ბენეფიციარი მოიცვა. მოთხოვნის საფუძველზე ინდივიდუალური შეხვედრებიც გაიმართა, მათ შორის ონლაინ - მესენჯერისა და სკაიპის საშუალებით. ქუთაისში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში 12 ბენეფიციართან ფსიქოთერაპიული სამუშაოები ჩატარდა.

3 ბენეფიციარმა შეძენილი უნარების მეშვეობით შეძლო განცდების ფოკუსირება პოზიტიურ პოზიციაზე, გაუმკლავდა პირად პრობლემებს, ტრავმებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მინდა მოგიყვეთ არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ. მან მე ცხოვრების სხვა მხარე დამანახა - ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო! ქალბატონო მანანა, თქვენ ჩემი უახლოესი მეგობარი გახდით. ძალიან მენატრება თქვენთან საუბრები, მადლობა  თქვენთან გატარებული ყოველი დღისთვის!“ - ეკა ჯ.

ამ წერილის ადრესატია ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე, რომელიც ბევრს მუშაობს ქალებთან. პირისპირ შეხვედრების დროს. ინტერნეტით. მუშაობს 10 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისში, სარეაბილიტაციო ცენტრში. და მადლიერებაც ხშირად ისმის მისი მისამართით.

ქალების შეცვლილი ცხოვრება ფსიქოლოგისთვის მუშაობის დიდი სტიმულია.

- უკრაინელი ქალის ბავშვი ფოთიდან ქუთაისში ჩამოიყვანეს საავადმყოფოში. სანამ პატარა რეანიმაციაში იყო, დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობდა. ის დღეები ორივეზე ვზრუნავდით - დედაზეც და ბავშვზეც. ვიყიდეთ ყველაფერი, რაც ბავშვს დამატებით სჭირდებოდა: პამპერსი, საკვები, წამალი. ახლა ის უკვე გამოწერეს და  თავს კარგად გრძნობს, - ამბობს სოფი წირღვავა, უკრაინელებთან მუშაობის ასისტენტი.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ რამდენიმე ადამიანს გაუწია ასეთი სახის დახმარება: ორ ონკოდაავადებულს აუნაზღაურდა კვლევების თანხიდან 375 და 370 ლარი. ერთ ქალს დავეხმარეთ ქიმიოთერაპიის რეფერალური დაფინანსების  მიღებაში.

კვლავინდებურად გრძელდება დახმარება ბინის დაქირავების (გაიცა 19 ოჯახზე) და კომუნალური გადასახადების კუთხით (ეს დახმარება მიიღო 5-მა ოჯახმა). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროდუქტების გაცემას. ამ თვეში  20-მა ოჯახმა მიიღო სურსათი და ჰიგიენური საშუალებები.

ჩვენს საინფორმაციო ბაზას თებერვალში 15 ადამიანი დაემატა და უკვე 467 ადამიანია.

ჩოხატაურის მერიაში მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მერიის ხელმძღვანელი პირები, სამართალდამცავები, საგანმანათლებლო სექტორის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში, ბავშვთა მიმართ და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და არიან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფემიციდის ფაქტებზე, ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ყურადღება გამახვილდა რეფერირების გზებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მიმართვა უკრაინელ ქალებს

ძვირფასო უკრაინელო ქალებო!

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ისევ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ქალებს და მათ ოჯახებს!

ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით და კვლავაც ვეხმარებით უკრაინას და ამ ქვეყნიდან ლტოლვილებს:

პირველ დღეებში ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ლარი და ამანათები გავაგზავნეთ.

8 მარტს ჩავატარეთ სოლიდარობის აქციები ქუთაისში და სხვა მუნიციპალიტეტებში.

გადავიღეთ ვიდეორგოლები.

დავეხმარეთ ოკუპირებული მელიტოპოლის ქალებს - გავუგზავნეთ მათ 55 800 გრივნა და მოხალისე ქალებმა თანაქალაქელებისთვის შეიძინეს საკვები და წამლები.

აპრილში, როცა უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ საქართველოში, შევქმენით მხარდაჭერის ჯგუფი და დავიწყეთ მათი დახმარება.

მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პრევენციული ღონისძიებების (ინსტრუმენტების) ეფექტიანობას. 

თვითმმართველობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს და ახალ მიდგომებს პრევენციული მექანიზმების გასაძლიერებლად.

თებერვალში ჩატარდა 15 ჩაღრმავებული  ინტერვიუ და 3 ფოკუს-ჯგუფი პედაგოგებთან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ძალადობის მსხვერპლებთან და რეფერირების სხვადასხვა  სუბიექტთან ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები