12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.
ამ თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს ფონდი „სოხუმიც“, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობს ახალგაზრდებთან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, გააკეთეს პრეზენტაციები, მიაწოდეს თავის თანატოლებს ამომწურავი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ, აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ხოლო შეხვედრების ბოლოს მოაწყვეს დისკუსია თემაზე თუ რა გამოწვევებს ხედავს ახალი თაობა დღევანდელ რეალობაში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა რეგიონული ქსელის შექმნას. მასში გაერთიანდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ, შეფასდა არსებული სიტუაცია და გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იკვეთება გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესში.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელის შექმნა? ამ ინსტრუმენტის გამოყენება რას შეცვლის საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაში და როგორია მოსალოდნელი შედეგები? - დისკუსია, ძირითადად, ამ მიმართულებით გაგრძელდა.
13 და 27 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომების ძირითადი თემები იყო: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასთან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკა გამახარიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაპირებით, აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას ცალკე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება.
ივლისის თვეში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში წყალტუბო, სენაკი, ხონი, ქუთაისი, წალენჯიხა და ზუგდიდი ჩატარდა საინფომაციო შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან.
ძირითადი საკითხი, რომლის განხილვაც მოხდა შეხვედრებზე იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
ქალბატონებს მიეწოდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროგრამები არის წარმოდგენილი მათ მუნიციპალიტეტებში, როგორ ჩავერთოთ ამ პროგრამებში, თანამშრომლობის რა შესაძლებლობები არსებობს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ლიზი ტყაბლაძე - ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...
„ამ პროექტის ფარგლებში გავეცანი ჩემთვის საინტერესო საკითხებს და გამოვიმუშავე ახალი უნარები, რომელსაც შემოდგომში გამოვიყენებ სხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.
ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო საპროექტო განაცხადის შევსება და ბიუჯეტის შედგენა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფდი კედლის მოხატვას, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება გამოემჟღავნებინათ თავისი კრეატიულობა და სასურველი შედეგიც მივიღეთ...
ამ პროექტში ჩართულობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ყოველმხრივ განვითარებასა და ზრდას.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ახლა სამი ფსიქოლოგი მუშაობს უკრაინელ ლტოლვილებთან.
მანანა გოცირიძე, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრში და სარეაბილიტაციო ცენტრში, უკრაინელების ფსიქოემოციურ განწყობაზეც ზრუნავს.
მეორე ფსიქოლოგი, მარინა სტეპანენკო, კიევიდანაა. ახლა მესამე ფსიქოლოგიც გვყავს - ანია შალიმოვა ხერსონიდან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხრიდანაც კარგი ჟესტია - უცხო ქალაქში თავისი პროფესიით დაასაქმო ადამიანი, შემოსავალიც ჰქონდეს და თანაკუთხელებსაც დაეხმაროს.
საქმე ყველასთვის სამყოფია: 197 ადამიანია ჩვენს საინფორმაციო ბაზაში და ყველას სჭირდება გამხნევება, ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევა...
მანანა გოცირიძე: შევხვდი ოჯახებს, რომლებიც ჩამოვიდნენ კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან. მარტო ამ ქალაქების დასახელებაც კმარა, რომ მივხვდეთ, რა გადაიტანეს, რას განიცდიან... ტარდება პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება და თითოეულთან იგეგმება შემდგომი შეხვედრები. როცა მათთან მივდივართ, პროდუქტებიც მიგვაქვს და, ვფიქრობ, ესეც კარგი დახმარებაა.
„გამიმართლა, რომ დამაკავშირეს ფონდ „სოხუმს“. დღე, როდესაც ტელეფონი გადმომცეს, მთელი ცხოვრება გამყვება. რწმენა დამიბრუნდა ამ საოცარი ადამიანების წყალობით“.
„ქალთა ფონდი „სოხუმს“ აქვს ტრადიცია, ადამიანებს უთხრას: „შენ არ ხარ მარტო“. ეს ჩემთვის სტიმულია, იმედიანად გავაგრძელო ცხოვრება“.
ეს უკუკავშირი მოჰყვა აქციას, რომლის ფარგლებშიც მოწყვლადი ჯგუფების 10 ქალს SAFE YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გადასცეს საჩუქრად. აქციამ 7 მუნიციპალიტეტი მოიცვა: თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი და ქობულეთი. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალური მდგომარეობის უკეთ აღქმას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ფსიქოლოგთან შეხვედრები ივლისში ვანის, ქობულეთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს. ამ მუნიციპალიტეტებში გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები 34 ბენეფიციარის მონაწილეობით.
შეხვედრების შედეგები: გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება მუშაობა.
გასვლითი შეხვედრების გარდა ონლაინ ჩატარდა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 9 ბენეფიციართან.
ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიმდინარეობდა მუშაობა 16 ადამიანთან და ერთ ოჯახურ წყვილთან.
მუშაობას თანდათან დადებითი შედეგები მოაქვს და ბენეფიციარები მადლობას გამოხატავენ უკეთესი განწყობის, პრობლემების მოგვარების, ოჯახური ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესების გამო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.
ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.
ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.
მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.
კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი - 12%, კაცი - 32%, ორივე - 56%.
ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.
ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.
კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?