„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რომლებიც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთული მისაღწევია“.

„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად? მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა, ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“.

„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფი ერთიანდება და ეს დიდი ძალაა“.

ეს არის  ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები.  დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის მორიგი მე-6 ტრენინგი 13-14 მაისს ჩატარდა თემაზე „კოალიცია და ქსელები“.  

მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანების ფორმებს, გუნდური მუშაობის დაგეგმვას და რესურსების სწორად განაწილებას.

ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა საკითხის უფრო კარგად გააზრებისთვის.

  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა ქალზე, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები - ამ საკითხებზე გაიმართა საუბრები ვანის, სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გახსნილობა გაზრდილია, თუმცა, ამავდროულად ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რადგან ბევრმა არ იცის, რა რეაგირება მოახდინოს ძალადობის შემთხვევაში, როგორია მისი პასუხისმგებლობა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები აუცილებელია, რათა ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს და საზოგადოება მზად იყოს, დაუპირისპირდეს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები: მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციას და ეფექტიან რეაგირებას ქალთა დასაქმების ხელშეწყობის - ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით. ასევე მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ძალადობის პრევენციისთვის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტყიბულში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სამსახურების და საზოგადოების  სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრების ციკლი „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“   პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში  თვითმმართველობების  როლის გაზრდას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების მიგნებები: მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების რეალიზაციის საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები. გაკეთდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრის პრეზენტაცია (http://sosfsokhumi.ge/).

უშუალო დიალოგის დროს ითქვა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს, რა ღონისძიებებით დაუპირისპირდეს ძალადობას. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები. პოზიტიური შეფასება მიეცა სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაციას, რისი შედეგიც იყო ბავშვთა უფლებების განყოფილება. მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შედეგად მოხდა მისი სამსახურად ჩამოყალიბება, რაც თვალსაჩინოს ხდის მოცემული რგოლის მნიშვნელობას ოჯახების გაძლიერების საკითხში.

აღინიშნა, რომ ქალთა ფონდი „სოხუმისა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს, გამოიკვეთა სამომავლო პარტნიორობის კონტურები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამუშაო შეხვედრა ვენაში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - ვენაში კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დაწყებისთვის. პროექტის მიზანია, შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების და პრევენციის საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელთაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.

პროექტში ჩართულნი არიან WAVE წევრი ორგანიზაციები -  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/

ეკატერინე  გამახარია დაესწრო WAVE-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სხდომის ბოლო სესიას (11 მაისი), სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ WAVE-ის პროექტები და ქსელის წევრ ორგანიზაციებში დაგროვილი ფართო ექსპერტიზა გახადონ უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი ქალთა ორგანიზაციებისათვის.

ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, წინ მივდიოდით, ვურთიერთობდით, ვიცინოდით, ვსწავლობდით, ვხარობდით, ვგიჟდებოდით ჩვენს ქალაქზე და ჩვენს ქვეყანაზე! „რუსკი მირის“ მოსვლამდე...

24 თებერვალმა სამუდამოდ ამოატრიალა ჩვენი ცხოვრება და გადაგვიხაზა ყველა გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი რუსულად მოლაპარაკეა, ჩვენ არასოდეს გვითხოვია გათავისუფლება ან დაცვა!

25 თებერვლიდან მოყოლებული, მთელი მელიტოპოლის რაიონი ოკუპაციაშია. ოკუპაციაში ცხოვრება... ცხოვრება არ არის, ეს თავის გადარჩენაა მხოლოდ.

ახლა მოსახლეობის დაუცველ ფენებზე მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით სოფლებში და ქალაქის შემოგარენში... რამდენიმე თვეა, ადამიანებს პენსია არ აუღიათ, საკვების მარაგი ამოწურულია, მედიკამენტები გაუთავდათ, სოციალური შემწეობებიც არ არის, მესამე თვეა...

 

„მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“ - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.

მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობას https://sosfsokhumi.ge/

ასევე, ქალთა კლუბის ერთ-ერთმა მონაწილემ - ნათია ჯიმშელეიშვილმა ისაუბრა საკუთარ წარმატების ისტორიაზე, განვლილ გზაზე - თუ როგორ მიაღწია ყველაფერს. 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში ბაღდათში ჩატარდა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები. შეხვედრის ორგანიზატორია ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების პრობლემის შეფასებისთვის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობას: ბავშვთა მოვლის რა სერვისები არსებობს, რა უნდა დაიხვეწოს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. როგორც აღინიშნა, კვლევამ ზუსტად ის მიგნებები გამოკვეთა, რაც ამ კუთხით რეალურად ბარიერს წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფის ქალებისთვის.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე. დაფიქსირდა, რომ საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, რადგან ეფექტიანი შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისის პირველ რიცხვებში სამი ტრენინგი გაიმართა აქტუალურ თემებზე: ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში და კონფლიქტის მართვის გზები. სენაკის და ზუგდიდის ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ადგილზე ჩატარდა საინტერესო ტრენინგები  დისკუსიებით და როლური თამაშებით. ვანის ახალგაზრდულ ჯგუფთან კი მუშაობა ონლაინ წარიმართა, არანაკლები აქტიურობით.

სამივე შეხვედრას 65 მონაწილე ესწრებოდა. ყველა მათგანისთვის ეს არის სივრცე წარმატებულ თანატოლებთან შეხვედრის, მნიშვნელოვანი ამბების გაგების და ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ამიტომაც მოუთმენლად ელოდებიან ყოველ მორიგ შეხვედრას.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები