ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის გონება მიმართულია დასვენებისკენ, ამიტომ ფსიქოლოგის შეხვედრების თემა იყო „განტვირთვა და დასვენება“. თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენებას, რადგან სამსახურით და საშინაო საქმეებით დატვირთული კვირის შემდეგ ძალების აღდგენა აუცილებელია.
როდესაც ვახსენებთ დასვენებას, პირველი, რაც გვახსენდება, არის ძილი, მაგრამ გამოძინება საკმარისი არ არის. არსებობს განტვირთვის სხვადასხვა ფორმა. შეხვედრებზე სწორედ განტვირთვის 7 ფორმებზე ისაუბრეს: ფიზიკური, მენტალური, სოციალური, სულიერი, ემოციური, სენსორული და შემოქმედებითი განტვირთვა. დასვენება არ არის წელიწადში ერთხელ ქალაქგარეთ ან ქვეყნის საზღვრებს მიღმა წასვლა. განტვირთვის სახეობებიდან მარტივი აქტივობის ამორჩევა და შესრულება ყოველდღიურად შეგვიძლია - ეს აუცილებელია შინაგანი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ ივლისში შეხვედრები გამართა ჩოხატაურის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სამტრედიის, წყალტუბოს და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.აღინიშნა,რომ ადვოკატირების გეგმის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება,რაც პრობლემების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანია.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა და დაბეჭდა „წლიური ანგარიში 2023“. როგორც შესავალშია აღნიშნული, 2023 წელს ჩვენ ვიმუშავეთ 12 პროექტში, რომლებიც ქალთა კეთილდღეობისკენ იყო მიმართული.
პროექტი: „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ქალთა მხარდაჭერის ცენტრები და ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში, სარეაბილიტაციო ცენტრი ქუთაისში, დღის სარეაბილიტაციო ცენტრები, ფორუმ-თეატრი, მონიტორინგი და ადვოკატირება. (ორგანიზაცია Brot für die Welt მხარდაჭერით - გერმანია)
პროექტი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები 10 მუნიციპალიტეტში, ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ (გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით - კანადა).
პროექტი „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ - ქალებთან მუშაობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, სამედიცინო და ეკონომიკური კომპონენტები (USAID-ის მხარდაჭერით და პარტნიორობით ორგანიზაციასთან ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“).
თერჯოლელი ქალებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო - პრაქტიკული სწავლება ესთეტიკური ცენტრის „სოფიანას“ ბაზაზე მიმდინარეობს მისი დამფუძნებლის, კოსმეტოლოგ სოფიო ბანძელაძის მენტორობით
დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები სწავლობენ კლასიკურ კოსმეტოლოგიას, სახის კანის ტიპებს, მათთან დაკავშირებულ დაავადებებს, მოვლას, წმენდას, მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს და სახის მასაჟს
ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებით, ეს სასწავლო კურსი თერჯოლელ ქალებს ახალ პროფესიულ უნარს შესძენს, რაც შეუძლიათ დამოუკიდებელ საქმედ აქციონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
30 მედიცინის მუშაკი შეიკრიბა წყალტუბოში ჩატარებულ ტრენინგზე (ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ჩოხატაურის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან).
ტრენინგის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ტრენინგი იყო საინტერესო. გავამახვილებ ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“...
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება, გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. აუცილებელია, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხონის ქალთა ქსელის წევრებთან ონლიან ფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ქსელის წევრებმა გამოკვეთეს ადგილობრივი თემის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გადაჭრიან.
შეხვედრაზე მოხდა პრობლემების რანჟირება პრიორიტეტების მიხედვით. გადაწყდა, რომ ქსელის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას დევნილთა თემს გააცნობენ, რის შემდგომაც შეიმუშავებენ განაცხადს და წარადგენენ დასაფინანსებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის 4 ახლადაშენებულ კორპუსში 720 დევნილი ოჯახი ცხოვრობს (მალე კიდევ 2 კორპუსი დაემატება).
ქალები საფრთხის შემცველი ღია არხის კაპიტალურად დახურვას და ბეტონის ფილებში მოქცევაზე საუბრობენ. არხი არ არის დახურული და მოსახლეობისთვის საშიშია. ხშირად არხიდან ამოდიან ქვეწარმავლები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ და მათთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. არხს არ აქვს დამცავი ჯებირები, ამიტომ ადვილად შეიძლება ვინმე ჩავარდეს. ძლიერი ქარის დროს არხი ივსება ნაგვით, ძლიერი წვიმების დროს კი წყალი გადმოდის.
ქალებს, ასევე, აწუხებთ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები, რისთვისაც გადასასვლელზე სავალდებულო გაჩერების მოთხოვნის ზოლის განთავსებას ითხოვენ
ადვოკატირების საკითხებზე გადამზადებული საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას იქ მცხოვრებ ადამიანებს უზიარებენ და ყველას მოუწოდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ნინო გორგოძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის ფორმებსა და მის აუცილებლობაზე საკუთარ დასახლებებში აგრძელებენ აქტიურ შეხვედრებს. ნიკეას ქუჩის #21-ში მცხოვრები დევნილების პრობლემას წარმოადგენს შენობის დანესტილი კედლები, რომლებიც უხვი ნალექის დროს უფრო ზიანდება და ადამიანების ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის. გამოკვეთილი პრობლემის მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრების მიერ მზადდება წერილი და იგეგმება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები, რომელთაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრი უწევს კოორდინირებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია: „გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის - ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ პასუხისმგებლიანი გაშუქების სტანდარტები“ შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს ძალადობაგამოვლილი ქალების და ქალი უფლებადამცველების შესახებ ისტორიების პასუხისმგებლიან და ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით. მასში განხილულია ძალადობაგამოვლილი ქალების დადანაშაულების თავიდან აცილების კონკრეტული სტრატეგიები, მათ გამბედაობასა და გაძლიერებაზე ფოკუსირებული თხრობის მნიშვნელობა და საზოგადოებაში გენდერული ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის კლიმატის ხელშეწყობის აუცილებლობა.
გზამკვლევში მოცემული რჩევების დაცვა ხელს შეუწყობს ჟურნალისტების მხრიდან ეთიკურ, მგრძნობიარე და პასუხისმგებლიან გაშუქებას, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გააზრებას და მხარდაჭერის კულტურის ხელშეწყობას.