ქუთაისში, ბავშვის უფლებათა ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბავშვის უფლებადამცველები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის მმართველები და დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.
მონაწილეებმა გაეცნენ კვლევას „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითად ასპექტებზე“, ძირითად მიგნებებს, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის მიმართულებით იკვეთება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის პოზიტიურ ზეგავლენაზე, საინტერესო პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომელთაც ამ სფეროში აწყდებიან. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მშობლებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სუბიექტებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაზრდას, სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოში ქალთა კონგრესი მარტში დაარსდა. მისი ჩატარების იდეა წარმოიშვა 2024 წელს პოლონელ ქალთა კონგრესში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობის შემდეგ. კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს და თაობის ქალებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან აქტუალური საკითხებით: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები. ქალთა კონგრესს ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს ორგანიზაციასთან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.
კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, აქტივისტ ვერო მელუასთან ერთად საუბრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს დევნილები ტვ „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „ხალხთან ერთად“.
„ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დევნილები არიან, საზოგადოების ყურადღების მიღმაა და პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ან ძალიან იშვიათად, პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ნაწილი,“ - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.
როგორ აისახება ოჯახში ძალადობა ქალების ცხოვრებაზე? რა ბარიერებს აწყდებიან ისინი და როგორია გამოსავალი?
ეს ვიდეო დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ასახავს ქალთა გამოცდილებებს, გამოწვევებს და გაძლიერების გზებს. ვიდეოს საფუძვლად უდევს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა და მხარდაჭერის სერვისები.
ქსელურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები და გოგონები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის შემფასებლის ანალიზს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
რესურსებზე და შესაძლებლობებზე წვდომა – ქალებმა აღნიშნეს, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საჭირო რესურსები და შესაძლებლობები, როგორ აწყდებიან ბარიერებს და რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.
სოციალური ცვლილებების მხარდაჭერა – მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ თემში არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, განსაკუთრებით დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების კონტექსტში.
დისკუსიამ წარმოაჩინა ქალთა საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაეხმარება მომავალი ინიციატივების უკეთ დაგეგმვას. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის დადებით მხარეებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ წალენჯიხაში საბაზისო ჭრა-კერვის კურსი გახსნა.
კურსი თებერვალში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პედაგოგმა ნანა კალანდიამ თავის სახლში გამოყო ადგილი და უკვე მოეწყო ყველაფერი, რაც სწავლებისთვისაა საჭირო - შეტანილია საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები...
ქალები ინტერესით სწავლობენ თარგების გამოჭრას, კერვას, მუშაობენ დიზაინზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს და ვანის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრებზე განხილული იყო მუნიციპალური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებული სერვისები. სამტრედიის ჯგუფი ახალი წევრებით შეივსო, ამიტომაც გაჩნდა ახალი ქეისები. საჭიროა მათი დროულად დამუშავება და თითოეულზე რეაგირება. ქობულეთში ჯგუფის წევრებმა თავიანთი პრობლემები და საჭიროებები დააფიქსირეს. საჭიროებებზე ისაუბრეს თერჯოლაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკსა და ხობში. ჩოხატაურელ ქალებს სურვილი აქვთ, გაიარონ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები, რადგან ეს თერაპიასთან ერთად დასაქმების ერთ-ერთი გზაა.
ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთან პერიოდულად მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მათ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ათივე მუნიციპალიტეტში დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, შვილების და მშობლების ურთიერთობები - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა ახალგაზრდებთან ერთად.
ახალგაზრდები აქტიურობდნენ თემების განხილვაში, თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკრებილებს უზიარებდნენ საკუთარ მაგალითებს. აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება მშობლებთან.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მარტში ჩასატარებელი შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ და ასევე გაეცნენ საგრანტო პროექტის დეტალებს, რომელიც გამოცხადებული აქვს ფონდ „სოხუმს“ ტრენინგების მონაწილეებისთვის.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, ტრენინგები ჩატარდა შეფერხებების გარეშე.
მარტში ფონდი „სოხუმის“ ტრენერები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებს დაინახავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)