ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისი ჟრიამულით აივსო. ქუთაისელ, წყალტუბოელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს ტრენერმა რუსუდან კარკაძემ ჩაუტარა ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.

განხილული იყო შემდეგი საკითხები: მედიაწიგნიერება, ციფრული ინსტრუმენტები, დეზინფორმაცია, კიბერბულინგი. მონაწილეები დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა კონკრეტულ მეთოდს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მიზნით. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ვებგვერდს და შეასრულეს სახალისო ონლაინ ტესტი  დეზინფორმაციის არსის უკეთ გაგების მიზნით.

ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს ანკეტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა სამშვიდობო აქტივობებში ჩასართავად.

დასრულდა ციკლი „5 ART“ - გაიმართა 5 შეხვედრა უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ ლტოლვილ ბავშვებთან. თერაპიული შეხვედრების მიზანია, ბავშვებს  განუვითარდეს ემოციების და იმ სიტუაციების ურთიერთკავშირის უნარი, რომელშიც ისინი იძულებით აღმოჩნდნენ. შეხვედრები ეხმარება ბავშვებს ემოციური სტრესის და თანმხლები სიმპტომების აღმოფხვრაში, საკუთარ თავთან და სხვებთან სწორად ურთიერთობაში, ნეგატიური იმპულსების და რეაქციების პოზიტიურად გარდაქმნაში.

შედეგები თვალსაჩინოა: სტრესის მოხსნა, გადაჭარბებული ცნობიერი კონტროლის შესუსტება, ურთიერთნდობა, ფიზიკური სილაღე. 7-დან 12 წლამდე 10-მა ბავშვმა 5 საინტერესო დღე გაატარა ქალთა ფონდ „სოხუმში“ და დაუმეგობრდა ერთმანეთს.

მუშაობა წარიმართა მცხეთა მთიანეთის რეგიონალური ჰაბის მხარდაჭერით

მოკლე სამუშაო თვის მიუხედავად, აქტიური იანვარი გამოუვიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს. მან ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამას გარდა ონლაინ 12 ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა რეგიონებში და 13 ინდივიდუალური ფსიქოტერაპიულ სესია - ქუთაისში. უპასუხა 8 სატელეფონო ზარს და დაეხმარა ბენეფიციარებს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.

ფსიქოლოგი ყოველდღე მუშაობდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. აქ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობდა იურისტი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ატარებდა სახალისო-შემეცნებით საათებს.

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „აქ ისე კარგად ვგრძნობ თავს, წასვლა არ მინდა. მიხარია, რომ ახლა მეტი ვიცი, უფრო ინფორმირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო... დიდი მადლობა თქვენ - 34 წლის მანძილზე ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი, თბილი და სასიამოვნო დღეები“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი წყალტუბოში

წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „მტიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირება“, რომელსაც დევნილთა სხვადასხვა თემში მცხოვრები აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები დაესწრნენ.

მონაწილეებმა გაიგეს ადვოკატირების არსი, მოახდინეს საკუთარ ჩასახლებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბეს ადვოკატირების სტრატეგიული გეგმა.

პრაქტიკული მაგალითებით და სავარჯიშოებით მონაწილეებმა გააანალიზეს  ადვოკატირების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. ყურადღება გამახვილდა SWOT ანალიზზე, რამაც მონაწილეებს დაანახა ადვოკატირების ჯგუფის  ძლიერი და სუსტი მხარეები. ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარება მათ ადვოკატირების წარმატებით წარმართვაში.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

9 ახალი ადამიანი დაემატა უკრაინელთა რაოდენობას იანვარში და ახლა 387 ადამიანია. როგორც წინა თვეებში, ახლაც გაეწია მათ დახმარება სხვადასხვა სახით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სურსათის ვაუჩერების დარიგებაა. იანვარში ორგანიზაციამ შეისყიდა 52 ცალი 100-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც დაურიგა 39 ოჯახს. ამას გარდა, 4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები, 6-მა ოჯახმა კი მიიღო თანხა ბინის ქირის დასაფარად.

საჭიროებების მიხედვით, არის სხვა სახის მხარდაჭერაც: ტელეფონის საფასურის გადახდა, ონკოავადმყოფებისთვის კონსულტაციების, გადასხმების და წამლების ხარჯის ანაზღაურება.

ყველაფერი ეს შეიძლება მცირეა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი გვემადლიერება ამ სტაბილური მხარდაჭერისთვის, რომელიც თითქმის ორი წელია გრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა ვანში

მონიტორინგის ჯგუფმა გააგრძელა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს დაეთმო.  

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პროგრამა, რაც, მათი აზრით, დიდი მხარდაჭერაა ისეთი ოჯახებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შვილების განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე შეხვდა რისკის ჯგუფის და სოციალურად დაუცველ ქალებს, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. შეხვედრები წარიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრის ძირითადი თემა „კონფლიქტის მოგვარება“ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა განიხილეს ქეისები კონფლიქტთან დაკავშირებით. კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, თითქმის ყველა ურთიერთობაში იჩენს თავს. რადგან კონფლიქტი გარდაუვალია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ ეს არ მოინდომა მასში ჩართულმა ყველა მხარემ. შეხვედრაზე მყოფ ქალებს ფსიქოლოგმა  გაუზიარა რჩევები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა ჩვეულ რიტმში

იანვარი მოკლე სამუშაო თვე იყო. მეორე შემაფერხებელი ფაქტორიც გამოჩნდა - სეზონური გრიპის ვირუსი. ამის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრებთან. მუშაობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდა - 5 ტრენინგი ადგილებზე გაიმართა, 5 კი - ონლაინ ფორმატში.

ეს იყო საინტერესო, აქტიური და დასამახსოვრებელი ტრენინგები მონაწილეებისთვის: აქტუალური თემების განხილვა, გულახდილი საუბრები საკუთარ პრობლემებზე. პარალელურად დაიწყო ლიდერების მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით საინტერესო ეტაპია მათ ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს და "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივ კვლევას შეუდგნენ. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “მშვიდობა, ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები” . მონაწილეებმა მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გუნდური ტიპის სავარჯიშოებში ჩაერთნენ, სამშვიდობო სახის ინიციატივები შეიმუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. ტრენინგს USAID-ის პროგრამების მართვის სპეციალისტი, ახალგაზრდული პროგრამების მრჩეველი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელი- გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები