ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან.

პრეზენტაციის საშუალებით, მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE.

მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულმა პრაქტიკამ, რომელსაც გზამკვლევში ერთ-ერთი თავი ეთმობა.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების თაობაზე ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი ხელისუფლება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან; გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიები, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტი შედეგად დაზარალებული ქალები - თემის ლიდერები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ძირითად აქტივობებზე და იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში.

საქართველოს პარლამენტში გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პრეზენტაცია - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.

მოხსენება საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ წარადგინა. პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მოაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ მონაწილეობდა თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.

სექტემბერში აქტიურად მიმდინარეობდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა. ორგანიზაციამ დახმარების ახლებური მეთოდი შეიმუშავა. გამზადებული პაკეტის (სურსათი, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები) ნაცვლად შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა  ბენეფიციარებს.

ამ თვეში 8 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას (სულ 331 ადამიანია ბაზაში). მათთვის შეძენილ იქნა 180 ვაუჩერი და დახმარება გაეწია 110 ოჯახს  (15 ოჯახს - ხელმეორედ).

უკრაინელ ლტოლვილებს, თავიანთი საჭიროებების მიხედვით სხვა დახმარებაც გაეწიათ: 6 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა; სამმა მიიღო თანხა კომუნალური გადასახადებისთვის; ერთ-ერთ ონკოპაციენტს დაუფინანსდა 647 ლარის ანალიზები  მეორემ კი ჩვენი დახმარებით შეიძინა 286 ლარის წამლები.

ჩვენი მხარდაჭერის სამსახური ზრუნავს უკრაინელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ერთ-ერთი ბენეფიციარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ესწრება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსებს და ძალიან მოსწონს მეცადინეობების ფორმატი.  6 ქალი მონაწილეობდა ბათუმში გამართულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე კი თვის მანძილზე კვლავინდებურად უტარებდა მსურველებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ ჯვარცხმაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თემის აქტიურ ნაწილთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებაზე ბოსნია და ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაზე - ყოველივე ეს აღწერილია გზამკვლევში „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.

მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის, ძალადობის მსხვერპლთა/რისკ ჯგუფის დახმარების, ძალადობის პრევენციის საკითხებში.    

მონაწილეთა თქმით, საზოგადოების მიერ პრობლემის ღრმა გაცნობიერების, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე რთულია პროგრესის მიღწევა ძალადობის მასშტაბების შემცირებაში. გამოიკვეთა მიმართულებები, სადაც ისინი ხედავენ თავიანთ აქტიურ როლს და აქვთ სურვილი, მჭიდროდ ითანამშრომლონ ფონდ „სოხუმთან“.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

„ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვალ მეცადინეობაზე. ეპოქსიდზე ვმუშაობ, ვქსოვ. თიხასთან შეხება პირველი იყო და კარგად გამომივიდა“, - ამბობს რუსუდან გვეტაძე.

ირმა კლდიაშვილმა ფეისბუქზე ნახა მასწავლებლის მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება და ძალიან დაინტერესდა. კურსებზე შემოიტანა განაცხადი და, როგორც ამბობს,  გაკვეთილებმა მოლოდინი გაამართლა.

თამუნა ნანავა ის გოგოა, ზამთარში, ფეისბუქზე ეზოს თოვლის ბაბუების „კონკურსის“ და ერთგვარი ბუმის დროს  ქალი რომ „გამოძერწა“ თოვლისგან. დედა მხატვარია. თავადაც ნიჭიერია:

- ხელოვნების ყველა სფეროს ვაფასებ. ვქსოვ სათამაშოებს, რემონტიც მეხერხება, ხეზე კვეთაც მინდა დავიწყო. პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ვისწავლე, მთელი პროცესი მომწონს, განსაკუთრებით კესანების კეთება, თოჯინების  დამზადება.

ასე ამბობდნენ კურსის მონაწილეები ცოტა ხნის წინ...

ამ შეხვედრებზე ჩვენ ვისმენთ ინფორმაციებს, რომლებიც ყველას გვჭირდება! ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე და გვაქვს შეგრძნება, რომ მარტო არა ვართ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას ჩვენს გვერდით არიან  ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, - ასეთი შეფასებები ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მონაწილეთა აზრით,  ყველა არსებული სერვისი მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაცია უნდა მისწვდეს ყველა ბენეფიციარს, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენონ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აქტიურად იმუშავეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებმა, მათი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ასევე მსხვერპლთა დახმარების კუთხით.

ინფორმირების პარალელურად ძალადობის 10 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. აღნიშნულ ქეისებზე მუშაობა ჩვენი ორგანიზაციის რესურსებით მიმდინარეობს. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა ძალადობის წინააღმდეგ (WAVE). ამ პუბლიკაციაში საქართველოს მაგალითად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკაა მოყვანილი. სწორედ ამ პუბლიკაციაზე და ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებაზე ისაუბრა ფონდის წარმომადგენელმა კოკის და დიდინეძის სკოლებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ  პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და ჩვენი აქტივისტი ქალები. მათი თქმით, ისინი კარგად იცნობენ ფონდ „სოხუმს“, ეს მართლაც წარმატებული ორგანიზაციაა და კარგია, რომ ამის შესახებ მსოფლიო მასშტაბითაც გაიგებენ.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

მშვიდობა იწყება შენით-ამ სლოგანით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშიროს დღე აღნიშნა.

ქალბატონების შეფასებით, მშვიდობა უალტერნატივოა.მათ საკუთარ როლსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები