ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა აპრილში გამართული ტრენინგების ციკლი შეაფასეს და მიღებული ინფორმაციების საჭიროებაზე ისაუბრეს.
„ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგები, მომცა აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელ თემებში გარკვევის შესაძლებლობა.“
„ტრენინგების ციკლი დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ და შევძლოთ ჩვენი საჭიროებების პრიორიტეტულობის გარკვევა და ადვოკატირება.“
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მომავალი თვის სატრენინგო თემებზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
24.02.22 – დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო და ჩვენ ყველანი, ფონდი „სოხუმის“ ქალები – ომი უკრაინაში!
25.02.22 – უკრაინელ ქალთა მხარდასაჭერად დავწერეთ მიმართვა და ყველგან დავაგზავნეთ!
26.02.22 – დავიწყეთ თანხების შეგროვება უკრაინელების მხარდაჭერისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ 54 თანამშრომელმა უკრაინის დახმარების სხვადასხვა ფონდში გადარიცხა თანხა.
28.02.22 – დამატებით შევაგროვეთ 1500 ლარი და შევიძინეთ ბავშვის საკვები, პამპერსი, ქალის ჰიგიენური საშუალებები და 12 ყუთი ჩავიტანეთ თბილისში, დახმარების მიღების პუნქტში უკრაინაში გასაგზავნად.
უკრაინაში ყველა ნაცნობ თუ უცნობ ქალთა ორგანიზაციას გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი და ვეკითხებოდით: რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?
08.03.22 - ქუთაისში მოვაწყვეთ აქცია „ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოლიდარობა - უკრაინელ ქალებს!“ აქციაში მონაწილეობდნენ ქალები მთელი დასავლეთ საქართველოდან.
10.03.22 - დავიწყეთ ქუთაისში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარება.
28-29 აპრილს ონლაინ შეიკრიბნენ ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი ბიუჯეტი, სამოქალაქო ბიუჯეტირება.“
სატრენინგო თემის განხილვა ინტერაქტიული ჩართულობით გაგრძელდა. ჯგუფურმა მუშაობამ და დისკუსიებმა მონაწილეებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა. უკუკავშირით დაფიქსირდა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში.
ამ ტრენინგით დასრულდა ერთთვიანი სატრენინგო ციკლი (4 ტრენინგი), რომელმაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სათანადო უნარებით მოამზადა. ისინი აქტიურად იმუშავებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ადგილობრივ დონეზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის სამოქმედო გეგმის დანერგვისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
აინტერესებთ: როდის ჩატარდება შემდეგი ტრენინგი. მოეწონათ და იმიტომ. მათი უკუკავშირი ასეთია:
- საინტერესო და საჭიროა კონფლიქტის და ძალადობის თემაზე ტრენინგების ჩატარება.
- სულ სხვაა ცოცხლად ჩატარებული ტრენინგი!
- კარგია პატარა სცენების გათამაშება, თემაც უკეთ გავიგეთ და ვიხალისეთ კიდეც...
- ახალი და სასარგებლო ინფორმაცია გავიგე დღეს.
ტრენინგები ტყიბულის, თერჯოლის და ქობულეთის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარიმართა - ცოცხლად, როლური თამაშებით, სავარჯიშოებით და დისკუსიებით.
არანაკლებ საინტერესო იყო ჩოხატაურის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ონლაინ ჩატარებული ტრენინგებიც.
მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ერთვებოდნენ დისკუსიაში, გულახდილად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და მსხვერპლთა დახმარება უფრო ეფექტიანი რომ იყოს, პროცესში რეფერირების სხვა სუბიექტებიც უნდა იყვნენ ჩართული - ამ მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის, ჩოხატაურის, ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
- მსხვერპლი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს მარტო. მას სჭირდება მხარდაჭერა, რათა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა საერთო პოზიცია. ძალადობაგამოვლილმა ქალებმა ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობას.
შეხვედრების მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ სერიოზულ დახმარებას გაუწევს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რათა სრულფასოვან ინფორმაციებს ფლობდნენ არსებულ სერვისებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგის მუშაობა მიმდინარეობს რეგიონებში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მოქმედებს და ასევე ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისიდან.
აპრილში იყო გასვლები თერჯოლის, ქობულეთის, სენაკის და ზუგდიდის (სოფელი ხურჩა) მუნიციპალიტეტებში. ქალებთან გაიმართა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები - ესწრებოდა 21 მონაწილე. ასეთ შეხვედრებზე ხშირად გამოვლინდება ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებთანაც სპეციფიკური ურთიერთობა იწყება. ასე იყო აპრილშიც – იდენტიფიცირებულია ოჯახში ძალადობის 4 მსხვერპლი. ფსიქოლოგმა მათ მისცა პირველი რეკომენდაციები და გააგრძელა ფსიქოთერაპიული სესიები.
ცოცხალი შეხვედრების შესაძლებლობის მიუხედავად, ისევ გრძელდება ონლაინ ინდივიდუალური სესიები - თვის მანძილზე ფსიქოლოგს ინტერნეტით დაუკავშირდა 15 ბენეფიციარი.
ქალთა ფონდი „სოხუმმა“ აქტიური მუშაობა დაიწყო უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.
ჩვენს ბაზაში 61 ადამიანია, 23-მა მათგანმა უკვე დატოვა საქართველო. დარჩენილთაგან 4 ადამიანი ნათესავებთან ცხოვრობს, დანარჩენები ქირაობენ, ან არიან ნაცნობებთან, რომელთაც უსასყიდლოდ დაუთმეს საცხოვრებელი. ფეისბუქზე შექმნილია ჯგუფი, სადაც იკრიბება ყველა აქტუალური ინფორმაცია.
ქალთა ფონდ „სოხუმს“ კავშირი აქვს თბილისის ორგანიზაციასთან «Допомога Украине», მათ იციან იმ დახმარების შესახებ, რომლის გაწევაც ჩვენ შეგვიძლია. ისინიც გვიზიარებენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენთვის. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „მოწყალება“, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს ანაწილებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების შეფასების მიზნით გრძელდება ონლაინ ანკეტირება ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე. ყველას საჭიროება ერთმანეთს ჰგავს: საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი.
მაკა ჯიშკარიანმა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ერთ-ერთი კურსი დაამთავრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მანამდე არასოდეს ჰქონია შეხება ამ საქმესთან. ყველასგან გამოირჩეოდა. რამდენიმე თვეში მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მეტი სტიმული მიეცა. მერე კურსის მასწავლებლობა შესთავაზეს. ახლა თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს ბენეფიციარებს.
ახლანდელი ჯგუფი განსაკუთრებული მყავსო, - სიხარულით ამბობს - მონდომებულები, ნიჭიერები, დაუზარებლები, საოცარი იდეები აქვთ, გულით აკეთებენ საქმეს. ნახევარ სიტყვაში იგებენ ყველაფერს. იმდენად კრეატიულები არიან, რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან...
ისინი ჩამოიყვანეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან, სადაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მოქმედებს.
ი. 37 წლის – ოჯახში ყველაზე უფროსი იყო. მამას ეხმარებოდა დების და ძმების მოვლაში მას შემდეგ, რაც დედამ ოჯახი მიატოვა. ბავშვობიდან გამოიარა განსაცდელი და მიიღო ტრავმები. ორჯერ გათხოვდა. ძალადობის მსხვერპლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დისშვილის მეურვეა. თავადაც მეორე შვილი პრობლემური ჰყავს - სამშობიარო ტრავმებით. ეს არის ოჯახი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში სამ ბავშვთან ერთად ის 10 დღე იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპლექსური ყოველდღიური ფსიქორეაბილიტაცია. ძალადობის მსხვერპლთან აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი. პირველად ჩაერთო პედაგოგი, რომელიც ბავშვებით იყო დაკავებული – თამაშობდა მათთან, ატარებდა სხვადასხვა აქტივობას.