ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, თავის ოთხ წევრთან - კერძოდ, სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა) - თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.
აღნიშნული სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არა მარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორებმა წარმოადგინეს თავიანთი სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპთან: 1) ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ; 2) გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ; 3) ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის ანგარიშს - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“. ანგარიშში შეფასებულია მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტიანობა და ასახულია მათ წინაშე არსებული გამოწვევები, რაც აფერხებს აღნიშნულ განყოფილებების მიერ მოწყვლადი და კრიზისული ოჯახებისთვის ქმედითი და მათ საჭიროებაზე მორგებული დახმარების და მომსახურების გაწევას. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის განყოფილებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ჩატარდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების და მონიტორინგის ჯგუფის და ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“.
მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. საუბარი შეეხო ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. შედგა დიალოგი საკითხების გარშემო, რომლებიც ეხება სერვისებს და არსებულ გამოწვევებს.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე სოციალურად ორიენტირებული ადგილობრივი ღონისძიებებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს, რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა. განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო აქტივობებში ქალთა ჩართულობაზე გამახვილდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრის მეორე ნაწილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის გეგმის განხილვას დაეთმო . მნიშვნელოვანია ის, რომ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 16 დღიან კამპანიას საკუთარი აქტივობებით შეუერთდება. მშვიდობის შენარჩუნება, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე კი სოფელ დიდინეძის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.დეტალურად ისაუბრეს , თუ რა ღონისძიებებს დაგეგმავენ კამპანიის ფარგლებში. ჯგუფის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს სამშვიდობო აქტივობებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე .
თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).
„ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“ - ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
შეხვედრას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. ასევე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე. დაფიქსირდა რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდის ამ კუთხით მუშაობის ეფექტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.
შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.
როგორი იყო ოქტომბერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობენ?
ვთხოვეთ მათ, მოკლედ ესაუბრათ თავიანთ მუშაობაზე.
მარინა სტეპანენკო: „ოქტომბერში გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართა. ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ოჯახიდან განშორების სტრესი, მარტოობა, დაბნეულობა, დაუცველობის განცდა. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პოვნა და მიღება. ასევე, გაუგო საკუთარ თავს და დაეხმარო“.
მანანა გოცირიძე: „ოქტომბერში შედგა პირველადი შეხვედრები ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებთან. ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი ტკივილი და ტრაგედია, იცის თანაგრძნობა და მადლიერები არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.
ანა შალიმოვა: „ყოველთვიურად ვეცნობი უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ოჯახებს. ბევრი ჩამოდის ჩემი მშობლიური ხერსონიდან. ხშირად, სამსახურისკენ რომ მივდივარ, ვხვდები უკრაინულ ოჯახებს, რომელთ შვილები სკოლაში მიჰყავთ. ვესალმებით და ვუღიმით ერთმანეთს. უკვე 30-ზე მეტი უკრაინულ ოჯახს ვიცნობ ჩვენი ულამაზესი უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ვაგრძელებ საკონსულტაციო მუშაობას და ჩემს მომსახურებას ვთავაზობ ბავშვებს და მოზარდებს. მე ვეხმარები შფოთვის შემცირების კუთხით, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, ფობიებისა და პანიკისგან თავის დაღწევში. ჩემი მუშაობა გულისხმობს ჩემი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებას და ამიტომ ვცდილობ, ყურადღება მივაქციო ჩემს განათლებას და სწავლებას“.
Zoom პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესი და ეტაპები“.
შეხვედრაში ჩაერთნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქსელის წევრებმა დეტალურად განიხილეს „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოკატირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა - რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. ასევე ისაუბრეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.
შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზე.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით