ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ივნისში 12 შეხვედრა გამართა ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამოიკვეთა ქალთა ინტერესი ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. გაიცა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა განქორწინებას და ალიმენტის მიღებას. გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარი. უწყებათშორისო საბჭოს შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბენეფიციარის ქეისი და მას მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. პროცესში ჩაერთო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, რომელმაც უზრუნველყო ბენეფიციარის თავშესაფარში გადაყვანა და საჭირო სერვისების - განათლება და დასაქმება - შეთავაზება.
ქალაქ ქუთაისში ივნისის განმავლობაში გაიმართა 9 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა. სულ - 65 ბენეფიციარი. ძირითადი თემა - როგორ ავიცილოთ თავიდან ნეგატიური გრძნობები ოჯახური ურთიერთობების რეგულირებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. როგორც აღინიშნა, ადამიანი ცდილობს გაექცეს ტკივილს, უსიამოვნო ემოციებს. რაიმე გრძნობის განდევნის ეფექტი მოკლევადიანია, მერე კი ტკივილი ძლიერდება. ამიტომ სჯობია ტკივილის წყაროს პოვნა, ტკივილის აღიარება და მუშაობა აზროვნების შესაცვლელად.
ოჯახში ძალადობა, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები - ძირითადად, ამ საკითხებს ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების მიერ ორგანიზებული იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ხონში შეხვედრას დაესწრნენგამგეობის თანამშრომლები. სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეხვედრა გაიმართა სკოლის პედაგოგებთან და სოფლის მცხოვრებლებთან. წყალტუბოს, სენაკის, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვა თემებთან ერთად ტრეფიკინგის თემასაც შეეხნენ. ქუთაისში გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარი. ქალები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. გაიცაინდივიდუალური კონსულტაციები.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ შეხვედრებთან ერთად ხშირად ეწყობა ფსიქოლოგიური კონსულტაციები ცალკეულ ადამიანებთან. ასე იყო ამჯერად სენაკში. ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა ბენეფიციარის თხოვნით, რომელიც იმყოფება მანიპულაციის ქვეშ. მუშაობა წარიმართა ტრავმებთან, შიშებთან, გამოყენებული იყო ასოციაციური ბარათების მეთოდი. ინდივიდუალური მუშაობა გაგრძელდება.
როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობების მოგვარების და ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემაზე გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
შეხვედრაზე ბევრ რამეზე ითქვა და ერთგვარი დასკვნაც გაკეთდა: ჩვენ ჩვენითვე ვიშხამავთ სიცოცხლეს ბრაზით, შურით, წვრილმანებზე დარდით, პრობლემებზე ფიქრით და იმით, რომ განტვირთვა არ შეგვიძლია. არადა, განტვირთვის, მთავარზე კონცენტრაციის ცოდნა - ნამდვილი ხელოვნებაა და მაშინ ცხოვრებაც უფრო მსუბუქი და უკეთესი გახდება.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შედგა ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 12 ბენეფიციარი 26-დან 69 წლამდე. შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ, როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობებისა და ძალადობის პრევენციისთვის.
თვითდადანაშაულება, საკუთარი თავით უკმაყოფილება - მთავარი თემები იყო მსჯელობისთვის. ამისკენ მიდრეკილები არიანისინი, ვისაც არასტაბილური თვითშეფასება აქვს და ნებისმიერ წარუმატებლობას თავის თავზე იღებს და ეშინიათ მარცხის. შინაგანი კრიტიკოსი თრგუნავს მის სურვილებს, მისწრაფებებს, ამუხრუჭებს გეგმებს. ასეთი ადამიანი იკეტება თავის თავში და არ უნდა რაიმეს შეცვლა ცხოვრებაში. ამიტომ პრობლემას ორივე მხრიდან უნდა შეხედოთ, ემოციური და თავისუფალი აზროვნების ჩართვით, - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევები.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო საუბარი - როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობებისა და ძალადობის პრევენციისთვის?
ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ესწრებოდა 15 ბენეფიციარი.
დარდი, უიმედობა, ცხოვრების უაზრობა და შინაგანი კრიტიკოსის ხმა ხელს გვიშლის თავისუფალ ცხოვრებასა და ნაყოფიერ მოქმედებაში. რა ხდება, როცა არაფერს ვაკეთებთ და ნეგატიური ემოციები სადღაც სიღრმეებშია დაბლოკილი? ეს დეპრესიის განვითარების წყაროა და შემდეგ საჭიროა ძალისხმევა და დრო, რათა გავარღვიოთ ბნელი წრე.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა 13 ბენეფიციარის მონაწილეობით. ჯგუფი შერეული იყო - მონაწილეობდნენ ქალები და გოგონები. შეხვედრა მეტაფორული ასოციაციური ბარათებით წარიმართა, რაც დაეხმარა მონაწილეებს, მიეღოთ მზა დასკვნა ხასიათის, შესაძლებლობების და სულიერი მდგომარეობის შესახებ. ამასთანავე, ხელი შეუწყო ტაბუდადებული და განსახილველად რთული საკითხების წამოწევას.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა 22-70 წლის ასაკის დევნილ ქალებთან. შეხვედრის თემა წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ საუბარი ახალგაზრდა დედების ინტერესის მიხედვით წარიმართა: რატომ არიან ჩვენი პატარები აგრესიულები, რატომ არ ესმით ჩვენი, რატომ გვსაყვედურობენ უფროსები, რომ არასწორად ვზრდით შვილებს, რას ნიშნავს სწორი აღზრდა...
ფსიქოლოგმა უპასუხა ახალგაზრდა დედების ყველა შეკითხვას. შეხვედრა ინტერაქტიულ სტილში ჩატარდა.
მაისში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეავსეს მსხვერპლთა 11 ანკეტა. ამ რეალურ შემთხვევებში მოთხრობილია ძალადობის შესახებ ქმრის თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.
10 შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალია, ერთ შემთხვევაში - ხანდაზმული მამაკაცი. მათგან მხოლოდ სამმა მიიღო ფსიქოლოგის კონსულტაცია, ამდენივე ადამიანი შეხვდა იურისტს.