კოპიტნარის დასახლებაში, Danner-ის პროექტის ფარგლებში, დასრულდა საბაზისო ერთთვიანი ჭრა-კერვის კურსი, რომლის მიზანი ქალების პრაქტიკული უნარების განვითარება და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
ერთი თვის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს კერვის საწყისი ტექნიკები, იმუშავეს პრაქტიკულ დავალებებზე და საკუთარი ხელით შექმნეს პირველი ნამუშევრები. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
მონაწილეების შეფასებით, კურსი მათთვის მხოლოდ პროფესიული უნარის შეძენა არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარ შესაძლებლობებში მეტად დარწმუნებულიყვნენ, ახალი ინტერესი აღმოეჩინათ და ეფიქრათ, როგორ შეიძლება მიღებული ცოდნა მომავალში პირად თუ ეკონომიკურ გაძლიერებად აქციონ.
„თავიდან მეგონა, ვერ შევძლებდი, მაგრამ როცა ჩემი ხელით შეკერილი ნივთი დავინახე, საკუთარ თავში ახალი ძალა აღმოვაჩინე“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქალების თვითრწმენის გაზრდას, პრაქტიკული უნარების განვითარებას და ადგილობრივ დონეზე მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ონლაინ ფორმატში გამართა გაერთიანებული საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ტრავმა-ინფორმირებული მიდგომები ოჯახში ძალადობის კონტექსტში“.
შეხვედრამ 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გააერთიანა. მონაწილეებმა შეაჯამეს ვორკშოპების ფარგლებში მიღებული ცოდნა, ისაუბრეს პრაქტიკულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების გამოყენება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში.
დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ ტრავმა-ინფორმირებული მიდგომა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. ეს არის ქალის გამოცდილების, შიშის, დუმილის, გაურკვეველი რეაქციებისა და გადაწყვეტილებების უფრო ღრმად გაგების მცდელობა. მონაწილეთა შეფასებით, ასეთი ცოდნა ეხმარება სპეციალისტებსა და თემის წარმომადგენლებს, ძალადობაგამოვლილ ქალებთან ურთიერთობისას ნაკლები შეფასება და მეტი უსაფრთხოება შექმნან.
შეხვედრაზე მონაწილეებმა გააზიარეს, რომ მიღებული ცოდნის შემდეგ მათთვის უფრო ნათელი გახდა, რატომ შეიძლება ქალმა ვერ ისაუბროს პირველივე შეხვედრაზე, რატომ უჭირს დახმარების თხოვნა და რამდენად მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.
განხილვისას ასევე გამოიკვეთა ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებები - ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების უფრო ფართოდ დანერგვა, სერვისების გაძლიერება, სპეციალისტების გადამზადება და ქსელური თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სივრცეები მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო გამოწვევების დასანახად და ქალთა მხარდაჭერის უფრო ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
კოპიტნარის დასახლებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქალებისთვის კერვის კურსი დაიწყო.
კურსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ახალი პრაქტიკული უნარი, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და ჩაერთონ ისეთ სივრცეში, რომელიც მათთვის ცოდნის მიღებასთან ერთად, ურთიერთობის, თვითგამოხატვისა და გაძლიერების შესაძლებლობაცაა.
პირველ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ კურსის მიზანს, სამუშაო პროცესს და იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად შეისწავლიან. შეხვედრამ თბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მონაწილეების მხრიდან იგრძნობოდა მოლოდინი, ცნობისმოყვარეობა და სურვილი, რომ ახალი ცოდნა რეალურ შესაძლებლობად აქციონ.
კერვა მხოლოდ ტექნიკური უნარი არ არის. ერთი შეხედვით, ის ნემსით, ძაფითა და ქსოვილით იწყება, თუმცა ხშირად გაცილებით მეტს ნიშნავს — ახალი გამოცდილების მიღებას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და მომავლის მიმართ უფრო მკაფიო ხედვის გაჩენას.
მსგავსი კურსები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, ახალი უნარების განვითარება და სოციალური თუ ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები.
წინ მონაწილეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ელით ახალი ცოდნა, პრაქტიკული მუშაობა, გამოცდილების გაზიარება და, შესაძლოა, ისეთი შესაძლებლობების აღმოჩენაც, რომლებიც კურსის დასაწყისში ჯერ მხოლოდ მოლოდინის სახით არსებობდა.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში“.
ტრენინგში მონაწილეობდა 20 სამედიცინო პერსონალი - ექიმები და მედდები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების, სენსიტიური კომუნიკაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სტერეოტიპული მიდგომების გავლენაზე, ტრავმის შემდეგ ქალის ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალთან პირველი კონტაქტი ქალისთვის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის დასაწყისი.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეფერირების მექანიზმს. ემა კამკიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების როლი, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობები, დოკუმენტირების საკითხები, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და რისკების შეფასების მექანიზმები.
ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის ბლოკს ფასილიტაციას უწევდა ხათუნა გოგუა. მონაწილეებმა იმუშავეს იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია ძალადობაგამოვლილ ქალთან ისე, რომ არ გაღრმავდეს მისი შიში, სირცხვილი ან დაუცველობის განცდა.
დისკუსიისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეფერირების დოკუმენტაცია უნდა იყოს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული, რათა მისი გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში უფრო ეფექტურად იყოს შესაძლებელი და დამატებითი დისკომფორტი არ შეუქმნას არც მსხვერპლს და არც სამედიცინო პერსონალს.
„ჩვენ, ექიმები, არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე. მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია ჩვენს საქმიანობაში“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
„მივდივართ ემოციურად და ინფორმაციულად სავსეები. დავფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შეხება ძალადობაგამოვლილ ქალებთან და მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — თქვა ტრენინგის მონაწილემ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას. ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის როლი მხოლოდ დიაგნოზითა და მკურნალობით არ შემოიფარგლება — ის უკავშირდება ქალის უსაფრთხოებას, ნდობას და მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები მოდიან მძიმე გამოცდილებით: გადაუმუშავებელი ტრავმებით, ხანგრძლივი სტრესით, უიმედობის განცდით, დაბალი თვითშეფასებით და რთული სოციალური მდგომარეობით. თუმცა ამ სირთულეების მიღმა მათში არის ბრძოლის უნარი და ბედნიერი მომავლის რწმენა.
სწორედ რწმენის გასაძლიერებლად ქალებს შევთავაზეთ პოლიმერული თიხის მასტერკლასი, რომელიც პედაგოგმა მაკა ჯიშკარიანმა ჩაატარა. შემოქმედებითი პროცესი მხოლოდ ხელსაქმე არ ყოფილა - ეს იყო თერაპიული გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შინაგანი რესურსების გააქტიურება.
მასტერკლასის მონაწილე ქალების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა ბუნებრივი ნიჭი და დიდი სურვილი, რომ ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს.
მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობოდა ფერი, ემოცია და სიახლის იმედი. ეს დღე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ცვლილებისკენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შემაჯამებელი შეხვედრები 10 მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული კლუბების წევრები ფინალურ შეხვედრებზე იხსენებენ ნასწავლს, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, ავლენენ ლიდერის და ტრენერის უნარებს, აჯამებენ გამოცდილებას, საუბრობენ სწავლების პროცესის გავლენაზე და იმ ცვლილებებზე, რომელთაც ყოველი მათგანი გრძნობს.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრების უმეტესობას გადაეცა სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით გამორჩეულ წევრებს კი ტრენერის სტატუსი მიენიჭა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრების ნაწილი ონლაინ გაიმართა. წალენჯიხის ჯგუფმა ონლაინ ისაუბრა მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა მხარდაჭერა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ იჩენს ქალების მიმართ. შეხვედრის ერთი ნაწილი სწავლებას მიეძღვნა - ტრენერმა ქრისტინე ქუთათელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის თემაზე და უპასუხა შეკითხვებს.
სენაკში ყურადღება გამახვილდა ქალთა სოლიდარობის თემაზე, ძალადობის პრობლემაზე და განსაკუთრებით - ციფრულ ძალადობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდა ჩვენი გამოცემა „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა – ამოიცანი და დაიცავი თავი“.
ქობულეთის და დანარჩენი ჯგუფების მორიგი შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა. ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე. მუშაობაში ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელმაც ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა.
მოსწონთ ქალებს შეხვედრები, სადაც მსჯელობენ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე. ჯგუფის მუშაობამ ახალი ცოდნა და გამოცდილება შესძინა თითოეულ მათგანს. იმედი აქვთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მეტის გაკეთება შეუძლიათ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს პროექტის ფარგლებში. ჯგუფის წევრებს ამიტომაც არ გასჭირვებიათ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება. შეფასებისთვის შემუშავდა ონლაინ ანკეტა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად გასცეს პასუხები.
შეხვედრაც ონლაინ ჩატარდა. ქალების პასუხებში კარგად გამოჩნდა, რას მიაღწიეს პროექტის მიმართულებით მუშაობისას, რა ცვლილებები განხორციელდა თითოეული მათგანის ცხოვრებასა და დევნილთა თემში.
ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს, რომ ინიციატივები თემის საჭიროებების მიხედვით განხორციელდა და ერთწლიანი მუშაობა ნაყოფიერი იყო.
მაგალითად, ამ ფოტოებში კარგად ჩანს განსხვავება - როგორი დაზიანებული იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში საბავშვო სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის შედეგად ბავშვებს და ახალგაზრდებს ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
