„პირველად ვიგრძენი ასეთი დიდი დახმარება, იმედი, პატივისცემა. გავიგე სოციალური სერვისებისა და ჩემი უფლებების შესახებ, როგორ მივაღწიო სამართლიანობას. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ყურადღებისა და სითბოსთვის, გისურვებთ დიდ წარმატებებს ამ რთულ საქმეში, რომელსაც აკეთებთ“.

ეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარებილიტაციო ცენტრის ერთ-ერთი სტუმრის სიტყვებია.

2024 წელს ცენტრში 71 ბენეფიციარმა გაიარა რეაბილიტაცია (39 ქალი და 32 არასრულწლოვანი).

ცენტრში ტარდება ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის და ბავშვებთან ურთიერთობის ასისტენტის კომპლექსური მუშაობა ძალადობის მსხვერპლ, ძალადობაგამოვლილ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებთან.

ცენტრიდან ყველა ქალი უფრო ძლიერი მიდის, თავდაჯერებული, ინფორმირებული. მათმა უმეტესობამ შეცვალა თავისი ცხოვრება.

იანვრის მეორე ნახევარში სარებილიტაციო ცენტრმა ახალი სტუმრები მიიღო და გაგრძელდა ჩვეული მუშაობა ქალებთან და ბავშვებთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გულახდილი საუბარი ფსიქოლოგთან

  • სამშაბათი, 24 დეკემბერი 2024
  • 634 ჯერ

ხონის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ქალებთან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ონლაინ გამართა  სამი ინდივიდუალური და ორი ჯგუფური შეხვედრა. შეხვედრის პროცესში მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, გულახდილობით, გამოხატავდნენ ნდობას. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე და ითვალისწინებდნენ მათთვის მიცემულ რჩევებს.

საკმაოდ რთული ქეისებია ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტებებში. აღინიშნა, რომ მათ ოჯახებში შეინიშნება ძალადობის ზრდის ტენდენცია, აქვთ ურთიერთობების პრობლემები. ერთ-ერთ ქალს, რომელიც სახლიდან წავიდა, საკუთარი ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ დაბრუნდეს ქმართან ცნობილი მოტივით: „რას იტყვის ხალხი?“, „სირცხვილია“, „მოგვეჭრა თავი“ და ა.შ.

ახლოვდება ახალი წელი და ქალები ცდილობენ პოზიტიურად, იმედით და სიხარულით შეხვდნენ 2025 წლის შემობრძანებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გოგოლესუბანი - არის ასეთი პატარა სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. აქაური ქალების თხოვნით, ჩვენმა ორგანიზაციამ  ჩამოაყალიბა ჭრა-კერვის კურსები და მასწავლებლად მოიწვია მათი თანასოფლელი მკერავი ნანა გოგოლაძე.

ქალებმა დიდი მონდომებით გაიარეს ორთვიანი საბაზისო კურსი. ყველა მათგანი კმაყოფილია მიღებული ცოდნით და კურსების გაგრძელებას ითხოვენ.

ბოლო მეცადინეობაზე კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) შესახებ ჩაატარა ვორკშოპი თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის საექთნო განათლებისა და ფარმაციის პროფესიული სტუდენტებისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები.

ვორკშოპის ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა: ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის  ყველაზე გავრცელებული ფორმების მიმოხილვა, კიბერუსაფრთხოება და თავდაცვის მექანიზმები.

„ჩვენი სასწავლებლის ქალები და გოგონები აღიჭურვენ ორგანიზებული ცოდნით, რაც  ონლაინ სივარცეში ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებულები ვართ, რომ მსგავსი არაფორმალური განათლებით შევავსოთ ის ცოდნა და უნარები, რასაც ფორმალური განათლებით იღებენ ჩვენი სტუდენტები და ისინი მაქსიმალურად ძლიერები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიულ ცხოვრებაში, პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ანა ჯავახიშვილმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო მიმართულებით.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ცენტრების მობილიზატორების ინიცირებით გაიმართა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები: დისკუსია-დებატები, ნახატების გამოფენები, ფილმის ჩვენებები, პრეზენტაციები. ერთმნიშვნელოვნად  აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი მის მიმართ.

16-დღიანი კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მასში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრი მონაწილეობდა.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდანაა ჩართული საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. წელს განსაკუთრებით იაქტიურეს ახალგაზრდებმა. ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებმა ინიცირებული ღონისძიებები ჩაატარეს ზუგდიდის, სენაკის, სამტრედიის, წყალტუბოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. მათ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა არაძალადობრივი გარემოს ფორმირებაში.

გეგმით გათვალისწინებული იყო 30-მდე ღონისძიების ჩატარება, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კამპანიამ მასშტაბური ხასიათი ვერ მიიღო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ პარასპეციალიტების ჯგუფმა პროტესტი მინი-აქციით გამოხატა. ეს ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა თემში იმუშაოს კონფლიქტური და რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირებისთვის. პარასპეციალიტების საქმიანობა ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად. ამიტომაც ჩაერთნენ ისინი აქტიურად 16-დღიან კამპანიაში.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

29-30 ნოემბერს ქუთაისში, სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „პარასპეციალისტების მომზადება სოციალური სამუშაოსთვის“. ტრენინგს ესწრებოდა 20 ქალი დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან: ვანის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და აქტივისტი ქალები.

მონაწილეები გაეცნენ სოციალური მუშაობის არსს და მის მნიშვნელობას, მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებული მხარდაჭერის სერვისებსა და პროგრამებზე. მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, ეფექტიანად იმუშაონ ადგილობრივ თემებში ძალადობის რისკ-ჯგუფებისა და მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირებისთვის. ასევე - დაეუფლონ პარასპეციალისტისთვის დამახასიათებელ  უნარ-ჩვევებს, განამტკიცონ კონსულტაციების და დახმარების გაწევის პრაქტიკა  არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირებისთვის.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვიდეორგოლს 2024 წლის ივნისში ოთხი პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,027 ქალმა 10 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ანგარიშები ორიენტირებული იყო მოწყვლადი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე.

რისკების ინდიკატორების რუკა ხელმისაწვდომია აქ - https://sosfsokhumi.ge/fsdata2024

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები