ბიზნესის დაგეგმვა, მარკეტინგის არსი და მისი მნიშვნელობა, მარკეტინგული სტრატეგია, ბიზნეს ოპერაციები, მენეჯმენტი და იურიდიული საკითხები, ფინანსური მენეჯმენტი - ამ საკითხებზე გაიმართა ორდღიანი ტრენინგი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მათ მისცა შესაძლებლობა, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, ტრენინგის შემდეგ კი ბიზნესპროექტების დაწერასაც შეძლებენ.
მომდევნო ეტაპი ბიზნესიდეების კონკურსია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები ჩაერთვებიან კონკურსში. საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა გაძლიერება, მათი მხარდაჭერა გულისხმობს იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალებისათვის. ზამთრის უამინდობამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან მომართვიანობაც გაიზარდა. ცენტრების მობილიზატორები პრობლემათა მოგვარებას თვითმმართველობის დახმარებით ცდილობენ.
ქობულეთში მარტოხელა დედას, ტყიბულში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს მუნიციპალური პროგრამებით შეშის მორები გადაეცათ. სენაკში წარმატებით დასრულდა ადვოკატირების პროცესი ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდასაჭერად - ოჯახი თვითმმართველობის პროგრამით ისარგებლებს.
აღნიშნული საკითხები გამოვლინდა იმ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელთაც ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ეწევიან. ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრებს 47 ადამიანი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც 15 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ სენაკის, სამტრედიის, თერჯოლის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ზუგდიდის, ხონის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები, ჟურნალისტები ტყიბულის, ფოთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თერჯოლის მედიაორგანიზაციებიდან, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები.
ღონისძიების პირველ ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პროექტის არსზე ისაუბრეს, ასევე მის ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ და დღესდღეობით ყველაზე საჭირო ვებგვერდზე - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრულ რესურცენტრსა (http://gbvdigitalresourcecenter.ge/) და მის პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტებში - შედეგები და გამოწვევები.
- ჩვენს ირგვლივ არიან ქალები, რომლებიც ამ პრობლემებით ცხოვრობენ. ყველა ოჯახში უნდა შეაღწიოს ინფორმაციამ და ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ ძალადობის შემთხვევაში ის მარტო არ არის, - ასე ფიქრობენ შეხვედრის მონაწილეები, რომლებიც მიღებულ ინფორმაციებს სხვადასხვა თემში გაავრცელებენ და ამით ხელს შეუწყობენ ძალადობის პრევენციას ოჯახებში.
ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს ბაღდათში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სამტრედიაში სხვადასხვა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების თქმით, საზოგადოებას ჯერ კიდევ სჭირდება ძალადობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, რათა სწორად შეაფასოს შედეგები.
შეხვედრებმა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას შეუწყო ხელი, გაიზარდა დახმარების მსურველთა რიცხვი: ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და იურისტმა კოკში და ბაღდათში გამოვლენილ კონკრეტულ ქეისებზე დაიწყეს მუშაობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემაზე ჩაატარა მრგვალი მაგიდა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტები ოზურგეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან - კრიმინალური პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
აღინიშნა ადგილობრივ დონეზე ერთობლივი ძალისხმევის და კოორდინირების ნაკლებობა. შეკრებილებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და დაეხმარება მსხვერპლს. ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა კოორდინირების ხელის შემშლელი, ხელის შემწყობი ფაქტორები და ასევე - როგორ გაუმჯობესდეს კოორდინაცია და გააქტიურდეს მუშაობა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების ჩართულობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდმა „სოხუმმა“ ონლაინ მრგვალ მაგიდასთან შეკრიბა ხონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურები, პედაგოგები. შეხვედრაზე გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის და დახმარების მხრივ არსებულ სიტუაციაზე. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, სადაც განთავსებულია სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანაგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული დარგობრივი მიგნებები და რეკომენდაციები თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა - ნინო კორინთელმა და ლინდა ჩიხლაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელს - ანა ბენდელიანს გააცნეს.
შეხვედრაზე ორივე მხარეს საკუთარი გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა მიეცა. ფონდი "სოხუმის" წარმომადგენლებმა ყურადღება მოწყვლადი კატეგორიის ქალთა დასაქმების ხელშეწყობისთვის იმ სპეციფიკურ საჭიროებებზე გაამახვილა, რომელიც დეტალურადაა მიმოხილული ჩვენს კვლევაში და ამასთან, იმ ბარიერებზეც ისაუბრეს, რომლებსაც ჩვენი ბენეფიციარები ყოველდღიურად აწყდებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სეანსის ბოლოს ნანამ (პირობითი სახელი) მადლობა გადაუხადა ფსიქოლოგს. თვალცრემლიანმა უთხრა, რომ დამშვიდდა, ძველებურად არ შფოთავს, ოჯახშიც დალაგდა ურთიერთობები...
ის ერთ-ერთია იმ ქალებისგან, ვინც ჩვენს საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო სერვისს იღებს, თავის პრობლემებს აგვარებს და პოზიტიურად იცვლება...
ფსიქოლოგი და იურისტი სისტემატურ მუშაობას ატარებენ რეგიონებში. იანვარში მათ 6 ჯგუფური შეხვედრა ჩაატარეს სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.
ფსიქოლოგმა და იურისტმა ინტენსიურად იმუშავეს ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან, ონლაინ - კრიზისულ ოჯახებთან. 20-ზე მეტი ბენეფიციარი განაგრძობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას.
აქტიური მუშაობის კიდევ ერთი შედეგი: უწყებათშორისმა კომისიამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა ერთ ქალს - ფონდი „სოხუმის“ მიერ შეკრებილი ინფორმაციისა და მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე.
„ამ თემაზე ბევრია სასაუბრო, ოჯახში ძალადობა აზიანებს არ ამხოლოდ ერთ ადამიანს, ერთ ოჯახს, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს უნდა აღიქვას ყველამ“.
„ძალადობას არ უყვარს დაგვიანება, პირიქით დროული რეაქციაა საჭირო“.
ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ჩოხატაურის, თერჯოლის, ტყიბულის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს.
სამობილიზაციო შეხვედრები ეხმარება მონაწილეებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ძალადობაზე რეაგირების კუთხით არსებულ სერვისებსა და მექანიზმებზე. შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)