ონლაინ ფორმატში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა, პრობლემებზე იდენტიფიკაცია, მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სიტუაცია...
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრმა - ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით 4 შეხვედრა ჩაატარა -ძირითადად, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. შეხვედრებმა მოიცვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: კახათი, ანაკლია, ინგირი. მოდერატორებმა ისაუბრეს, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას, როგორია გამოყენების ინსტრუქცია და რას მოიცავს ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული კითხვარი.
მოქალაქეები ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას ხმის ელექტრონულ მრიცხველზე. თავადაც წარმოაჩინეს საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტისგან მეტ მონაწილეობას ელოდებიან. გამოიყო საკონტაქტო პირები, რომლებიც პლატფორმის ამოქმედების შემდეგ კიდევ შეხვდებიან მოქალაქეებს.
ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის სამმა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტრენინგზე, რომელიც პროექტების წერას ეძღვნებოდა. შემდეგ მათ ჯგუფის დანარჩენ წევრებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა და ინფორმაციები.
ჯგუფმა აქტიურად იმუშავა ორ პროექტზე, რომელიც საკონკურსო კომისიას უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინონ დასაფინანსებლად. ეს მათი პირველი გამოცდილებაა და ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. მათ დაასახელეს ქალაქში არსებული აქტუალური პრობლემები, მათგან ყველაზე პრიორიტეტული შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. ჯგუფი შეეცდება პრობლემის მოგვარებას და ეს ჯგუფის წევრებს მეტი მუშაობის მოტივაციას მისცემს.
ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით ჩატარდა შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის ყოფილ სკოლა-ინტერნატის და ვექტორის დევნილთა ჩასახლებებში.
დევნილთა ნაწილში შესამჩნევი იყო ნიჰილიზმი და უნდობლობა საარჩევნო თემატიკის მიმართ და მათ განემარტათ აპლიკაციის პოლიტიკურად ნეიტრალური ხასიათი. მათი განცხადებით, სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს არ აქვთ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ, ამიტომაც მსგავსი აპლიკაცია მათთვის საინტერესოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მინიპროექტების შედეგები შეაჯამეს ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ასევე განიხილეს რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საჯარო მმართველობის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით - ეს, ძირითადად, ეხება მოქალაქეთა და მერიის წარმომადგენელთა უნარების ამაღლებას ელექტრონული სერვისების გამოყენების კუთხით.
შეხვედრაზე გამოიყო ის აქტივობები, რომლებიც ჯგუფმა პროექტის დასრულებამდე უნდა შეასრულოს და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: შამგონას და ინგირის და ქალაქის სხვადასხვა ჩასახლების დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებთან. შეხვედრის მიზანი - ონლაინ პლატფორმის - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის გაცნობა, რაც თვალსაჩინოს ხდის წინასაარჩევნო პროგრამებს და მოქალაქეს უჩვენებს მის პოზიციასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ სუბიექტს. შეხვედრის მონაწილეებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დააფიქსირეს არჩევნების თემის მიმართ, თუმცა აპლიკაციის იდეით დაინტერესდნენ.
როგორც წინა თვეებში, ხონში ივლისშიც სამი შეხვედრა ჩატარდა - ერთი ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში და ორიც - ქალთა ჯგუფებში.
ახალგაზრდებმა აქტიურად იმუშავეს პროექტებზე, იმსჯელეს გათვალისწინებულ აქტივობებზე, განიხილეს და დახვეწეს ყველა დეტალი, რათა საკონკურსო კომისიას წარუდგინონ დასაფინანსებლად.
ქალთა საინიციატივო ჯგუფებში ქალებმა ისაუბრეს უამრავ პრობლემაზე, რომელთა მოგვარება უნდათ, თუმცა ხელი არ მიუწვდებათ. ბოლოს მათთვის პრიორიტეტული საკითხები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმაც გაწერეს.
„ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ოჯახის წევრების მისამართით აგრესიის გამოხატვა ძალადობის ფორმაა. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებას დიდი დანიშნულება აქვს.“
„ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი კი არა, მოძალადეც ვიყოთ.“
„ძალიან ხშირად, როცა შეხვედრაზე ვისმენ ძალადობის ისტორიებს, ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო ძალადობის წინააღმდეგ. ამ საკითხზე დისკუსიები მოქალაქეებს უფრო ინფორმირებულს ხდის.“
ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება და განიხილება ძალადობის იდენტიფიკაციისა და პრობლემაზე რეაგირების საკითხები.
ძალადობა ოჯახში - რამდენად გახსნილია საზოგადოება ამ თემაზე სასაუბროდ, რა უშლის ხელს პრობლემათა იდენტიფიკაციას, რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული რეაგირების მექანიზმებზე, ვის მიმართავენ საჭიროების დროს - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები ბაღდათის, წალენჯიხის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. პრობლემებზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობასთან რისკჯგუფის ოჯახების გამოვლენისა და ადრეული რეაგირების კუთხით.
მონაწილეთა აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.