სექტემბრის პირველ დღეებში კოალიცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრმა ორგანიზაცია „მერკურმა“ ორი შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან. პანდემიის შეზღუდვების გამო იყო შერეული ფორმატი, როგორც ონლაინ, ისე - მოქალაქეთა მცირე ჯგუფებთან.
შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილი ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე მიიღეს ინფორმაცია. ცდილობდნენ, გაერკვიათ მისი გამოყენების წესი. ზოგიერთებმა კი დაუფარავად გამოხატეს აგრესია საარჩევნო აქტივობის მიმართ.
მონაწილეთა ნაწილი ნაკლებად იცნობს პარტიების პროგრამას, თუმცა არჩევნებზე წასვლას აპირებს და მიაჩნია, რომ პლატფორმიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები და მათი ინტეგრირების მნიშვნელობა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარედგინება ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ხელს შეუწყობს ქალებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულფასოვან წინასაარჩევნო კომუნიკაციას და გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკუთარ ამომრჩეველთა საჭიროებებზე შესაბამის უკუკავშირს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ 3-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების სემინარი.
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გეგმის ლოკალიზაცია და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სემინარზე მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.
ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:
ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.
ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.
იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.
ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
კოკი/ხურჩის ჯგუფთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი: კოკის თემში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენებისა და გართობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ჯგუფმა შეიმუშავა და დაამტკიცა ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყებს აქტიურ კამპანიას ამ კუთხით.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირებიის კამპანიის შედეგად დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დასუფთავება გადაწყვიტა სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა.
მესამე შეხვედრა გაიმართა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ქვეგრანტის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტზე ისაუბრეს. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვარიანტის განხილვას. ეს დოკუმენტი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობის“ მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დებულება საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივია, მასში ანტიკორუფციული ხედვა რვა სხვადასხვა მიმართულებით არის გადმოცემული. ანტიკორუფციული დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს დოკუმენტმა, რომ სექტემბერში დამტკიცდეს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების მხარდაჭერით წყალტუბოში ორი პროექტი დაფინანსდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. პროექტები, რომლის რეალიზებასაც ახალგაზრდები გეგმავენ, მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდული ჯგუფების გააქტიურებას, მათ ინფორმირებულობას ეკოლოგიურ საკითხებზე, თვითმმართველობის პროგრამებზე და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირებას იწყებს პრობლემაზე: მოსახლეობის არაინფორმირებულობა ადგილობრივ პროგრამებზე. საერთო განხილვის შემდეგ დამტკიცდა ადვოკატირების გეგმა. სექტემბრიდან ადვოკატირებით განსაზღვრული აქტივობები დაიწყება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობაში საინტერესო სიახლეებია, ჯგუფის წევრები ახალი პროექტით ახალგაზრდებთან ინტერაქციას შეეცდებიან. პროექტი სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ახალგაზრდები საკუთარი გზავნილით საზოგადოებას თავიანთ ინტერესებზე მოუყვებიან.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი „სამხედრო დასახლებაში“ ყველაზე აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას შეეცდება - პრობლემა გზაჯვარედინზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებაა. მის ადვოკატირებას ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან ერთად ცენტრალურ დონეზე შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „იმედი“ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ორგანიზაციამ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.
მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს ონლაინ პლატფორმა - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესავსებად. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, პლატფორმაზე განსათავსებელ კითხვებზე.
მონაწილეთა შეფასებით, პროექტი ძალიან საინტერესოა. ამომრჩეველი იღებს ტელევიზიებისაგან განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)