ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ახალი წელი 16 იანვარს დაიწყო საინტერესო შეხვედრებით. გულახდილი საუბრისკენ განაწყო მონაწილეები შერჩეულმა თემამ „ნაადრევი ქორწინება“. მათ ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, მშობლებისა და საზოგადოების როლზე. არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როგორ დაინგრა ადრე შექნილი ოჯახი, როგორ დარჩა მარტო 17-18 წლის გოგონა შვილთან ერთად. ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააფიქსირეს განათლების და დასაქმების პრობლემები.

აღინიშნა, რომ ქორწინებას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ და  ასეთი საუბრები სწორედ ამის გააზრებას უწყობს ხელს.

პუბლიკაციები

ფონდი „სოხუმის“ პირველი პუბლიკაცია იყო „ქალთა ხმა“, პატარა ფორმატის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც  ქუთაისის სტამბაში დაიბეჭდა 2001 წლის 29 ნოემბერს. „ქალთა ხმა“ წლების მანძილზე იყო ორგანიზაციის პერიოდული გამოცემა (უფრო დიდი ფორმატის გაზეთი, ჟურნალი) - სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტირაჟით.

ჟურნალ-გაზეთების პარალელურად, ფონდი „სოხუმი“ საქმიანობის მიმართულებების მიხედვით გამოსცემს ანგარიშებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ანალიტიკურ სტატიებს და პოლიტიკურ დოკუმენტებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს...

ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები  ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას  გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.

ქვეყანაში ცოტაა სივრცე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ურთიერთობებისა და გართობისთვის, ეს სერიოზული გამოწვევაა რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები. მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი  პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება: მისი თაოსნობით წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „ლიდერ გოგონათა სკოლა“, რომელმაც არაერთ დევნილ გოგონას გაუხსნა გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისა და წარმატებისკენ.

ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.

ორგანიზაცია სისტემატური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი“ ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ  პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი,  მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.

გენდერული თანასწორობა

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

იანვარში ფსიქოლოგმა და იურისტმა 6 ჯგუფური დისტანციური შეხვედრა გამართეს ხონის, სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის - მონაწილეობა მიიღო 28-დან 67 წლამდე 35-მა ადამიანმა.

შეხვედრებზე საუბარი იყო იმის შესახებ, როგორ უნდა მართონ ნეგატიური ემოციები და რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი Covid-19 პანდემიის დროს და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში.

ფსიქოთერაპიულ და იურიდიულ კონსულტაციებს იღებენ ასევე ოჯახური წყვილები და ინდივიდუალური ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს უფასო სერვისი, თანაც - სახლიდან გაუსვლელად, მათთვის ძალიან დიდი დახმარებაა.

 

ფორუმ-თეატრის იანვრის ცხოვრება ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ  აქტიურად. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ახალგაზრდა მსახიობების მომზადებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოკოლაჟები.

დაიწყო ახალი რუბრიკა - ფორუმ-თეატრის ყველა მსახიობი გადაიღებს პერსონალურ ვიდეოს.

აქტიურად გრძელდება სარეპეტიციო პერიოდიც. უკვე შეიმუშავეს თებერვლის  გეგმა. ფორუმ-თეატრის ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე შეხვდება მაყურებელს...

https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი წლიდან აქტიური მუშაობის გეგმა - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა: „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“. შეხვედრაზე შეირჩა პრეზენტატორი, რომელიც თვის ბოლოს ფორუმზე წარადგენს ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და გავლენას მუნიციპალიტეტზე.

ასევე საუბარი შეეხო მესამე მონიტორინგს და საგრანტო კონკურსს, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები