ამ მესიჯების ადრესატი სოფია წირღვავაა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელი, რომელიც უკრაინელებთან მუშაობს. სამადლობელი სიტყვები საერთო ჩათში იწერება. ამ ჩათში სოფია აწვდის მათ ყველა ინფორმაციას, რომელიც გამოადგებათ (მაგ., ვაკანსიაზე, ან იუნისეფის დახმარების შესახებ ბავშვებისთვის)...

ჩვენი ორგანიზაციის დახმარება მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ძნელბედობამ საქართველოში ჩამოიყვანა.

ჩვენი მხარდაჭერა არის:

დახმარება სურსათით და ჰიგიენის საშუალებებით - იანვარში ასეთი პაკეტები 45-მა ოჯახმა მიიღო.

კომუნალური გადასახადების დაფარვა - გაეწია 9 ოჯახს.

საცხოვრებლის დაქირავება - ეს დახმარება 13-მა ოჯახმა მიიღო.

ფორუმ-თეატრის განახლებული შემადგენლობა აგრძელებს ამ უჩვეულო თეატრის ტრადიციებს.

იანვარში ახალგაზრდა მსახიობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.  წარმოდგენები ჩატარდა ორ სოფელში: კოკსა და დიდ ნეძში. სკოლებში შეკრებილმა  მაყურებლებმა ნახეს რამდენიმე სცენა: შეყვარებულებზე,  ოჯახური ძალადობის თემაზე, დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ. ყველა სცენა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. სწორედ ამიტომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი დაინახა როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლებში.

მაყურებელი იმდენად აქტიური იყო, რომ ყველა სცენაში მოხდა ჩართულობა, შემდგომ კი დისკუსიები გაიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტყიბულის და სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბრის თემა იყო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაში. ამ პროცესში გარკვეული როლი ენიჭება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/. აქ ადამიანი იპოვის ბევრ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ძალადობის პრევენციასა თუ რეაგირების მექანიზმების განსაზღვრაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისთვის საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობა.

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო:

„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“

ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც  ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობასთან პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. ასევე აღინიშნა, რა იგეგმება მომავალში და რა დაპირებები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

პრობლემების ადვოკატირების პროცესი გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

მობილიზატორები - მთავარი აქტორები

  • ოთხშაბათი, 25 იანვარი 2023
  • 189 ჯერ

- ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შედეგად არაერთმა ქალმა შეცვალა თავისი ცხოვრება, რადგან ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი უფრო აქტიურები ხდებიან, - ეს ცენტრების მობილიზატორების შეფასებაა.

ჩოხატაურის, ქობულეთის, ბაღდათის, სენაკის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იანვარში ექვსი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. კონფლიქტების გამომწვევი რისკების აღმოფხვრა და პრობლემების დარეგულირება იდენტიფიცირების შემდგომი პროცესია. ამ პროცესის მთავარი აქტორები - მობილიზატორები მზად არიან, ყველა ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინონ. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჩემს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო და საშინელი რამ იყო. ფსიქოლოგთან პირველი შეხვედრიდან ექვსი თვე გავიდა და იმდენი ცვლილება მოხდა, რომ ვერ ვუყრი თავს. დიაგნოსტიკამ დაფიქრების საფუძველი მომცა, რეკომენდაციები ქმედებებად იქცა, ემოციურად უკეთ ვიგრძენი თავი და ახალი მიზნების მიღწევის ძალაც გამიჩნდა. ბევრი რამ აღმოვაჩინე ჩემში. დიდი მადლობა მანანა გოცირიძეს“, - ეს სიტყვები დაწერა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ერთ-ერთი კლიენტია.

იანვარში ფსიქოლოგმა ჯგუფური და, მოთხოვნის შესაბამისად, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, თერჯოლის, ჩოხატაურის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებმა მოიცვა 45 ბენეფიციარი. კლიენტების ერთმა ნაწილმა - 16 ადამიანმა - თერაპიული სამუშაოები ქუთაისში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიარა. ყველა მათგანს აქვს დადებითი შედეგები, რაც თვიდან თვემდე უმჯობესდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მივდივართ და სითბოთი სავსე მოგონებები მიგვაქვსო, ამბობდნენ დიდებიც და პატარებიც... იმედიანად წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის იანვრის ყველა ბინადარი - ორი ქალი და 6 ბავშვი.

მათთან კომპლექსური მუშაობა ჩატარდა: სოციალური მუშაკი თავის საკეთებელს აკეთებდა, ფსიქოლოგი - თავისას. ცალკე მიდიოდა მუშაობა ბავშვებთან.

ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე: „რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი და ჩვენი ვალია, დავეხმაროთ უკეთესი გზის პოვნაში. ეს დღეები ვმუშაობდით იმაზე, როგორ დაალაგონ ურთიერთობები, როგორ მოახერხონ სოციუმში ადაპტაცია, დაძლიონ ემოციური და ყოველდღიური პრობლემები.“

ბავშვებთან მუშაობის ასისტენტი ანა ლომიძე: „პირველ დღეს ბავშვები ფრთხილები არიან. მეორე დღიდან მათი გონება გათავისუფლებულია ზედმეტი საყოფაცხოვრებო ფიქრისგან. სავარჯიშოებით, დავალებებით აცნობიერებენ, რა უფლება-მოვალეობები აქვთ. იწყებენ საუბარს ოჯახზე, პრობლემებზე. ერთ-ერთმა თქვა: ,,აქედან რომ გავალ, ბაბუას და მამას სარკის წინ დავუდგები და ვეტყვი, რომ ცუდად იქცევიან და არ დავანებებ, რომ დედა და ბებია ატირონ“. სარეაბილიტაციო ცენტრში ქალებთან ერთად ბავშვებიც ძლიერდებიან. ისინი ზრუნავენ დედებზე, ჩვენ ერთად ვამზადებთ დედიკოებისთვის სიმბოლურ საჩუქრებს“....

ქალთა ქსელის მუშაობა ხონში

ხონში შექმნილი ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუნიციპალიტეტში მუშაობას დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქსელის აქტივისტები თვალს ადევნებენ იმ პრობლემების ადვოკატირების დინამიკას, რომლებიც მათ მიერ იქნა წამოჭრილი. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პრობლემების ნაწილი უკვე აისახა ბიუჯეტში და ისინი 2023 წელს ეტაპობრივად გადაიჭრება. განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ინფრასტრუქტურული საკითხების ლობირება: საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეკეთება და საწვიმარი ღარების დამონტაჟება.

ქსელის მოდერატორი შეხვდა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  გენდერული საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ის აქტივობები, რომლებიც ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე დააფიქსირა ხონის ჯგუფმა - ეს ხელს შეუწყობს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები