რა არის ფოტოებით შანტაჟი?

  • პარასკევი, 12 დეკემბერი 2025

▶️ Video

 

ფოტოებით შანტაჟი არის ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, რომელიც ხშირად იწყება თითქოს სიყვარულითა და ნდობით.

„თავიდან ყველაფერი თითქოს სიყვარულით დაიწყო. „გამომიგზავნე ფოტო, მხოლოდ ჩემთვის იქნება“... მაგრამ ეს ნდობა გადაიქცა შიშად, მუქარად და ემოციურ ძალადობად,“ — ლიკა, 23 წლის

ფოტოების ან პირადი მასალის უნებართვო გავრცელების მუქარა გამოიყენება კონტროლის, შიშის და ძალაუფლების მოსაპოვებლად.

ნდობა დანაშაული არ არის.
დანაშაულია მისი ბოროტად გამოყენება.

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

რა არის კიბერ თვალთვალი?

  • პარასკევი, 12 დეკემბერი 2025

▶️ Video

 

ქეთის ისტორია გვიყვება ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ხშირად შეუმჩნეველ ფორმაზე — კიბერ თვალთვალზე.

ურთიერთობაში ლოკაციის გაზიარება თითქოს ზრუნვის ნიშნით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა ქეთის ყოველდღიური ცხოვრების სრულ მონიტორინგად. მისი გადაადგილება მუდმივი დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა: სად მიდიოდა, ვისთან მიდიოდა, როდის ბრუნდებოდა და რატომ „ქრებოდა“ რუკიდან.

ის, რაც თავდაპირველად უსაფრთხოებისა და მზრუნველობის გამოვლინებად აღიქმებოდა, რეალურად კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა.

ეს არ არის სიყვარული.
ეს არ არის ზრუნვა.
ეს არის კონტროლი — ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ფორმა.

თუ მსგავსი გამოცდილება გაქვთ, იცოდეთ: თქვენ არ ხართ მარტო.
ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა რეალურია, ხოლო მისი ამოცნობა — პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავისუფლებისა და უსაფრთხოებისკენ.

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

▶️ Video

 

ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ქალთა მიმართ ძალადობა (TFVAW) ხშირად შეუმჩნევლად იწყება: ყოველდღიურ ციფრულ კომუნიკაციებში, ურთიერთობაში „ნდობის“ სახელით გაზიარებულ წვდომებსა და კონტროლის ნორმალიზებაში.

ვიდეოში წარმოდგენილია თამარის რეალური ისტორია. მისი მონათხრობი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში პაროლების გაზიარება, პირადი სივრცის შეზღუდვა და მუდმივი კითხვები თავდაპირველად სიყვარულად აღიქმებოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში კი - კონტროლისა და თავისუფლების დაკარგვის წყაროდ გადაიქცეს.

„პაროლები მივეცი, რადგან მეგონა, ასე შენდებოდა ნდობა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. კითხვები, აკრძალვები, კონტროლი... ყველაფერი სიყვარულის სახელით. და მე ნელ-ნელა ვკარგავდი საკუთარ თავს,“ — თამარი.

ქალთა და გოგონათა მიმართ ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობა უხილავია, მაგრამ მისი შედეგები რეალური და მძიმეა. ის ზღუდავს ადამიანის ავტონომიას, უსაფრთხოების განცდას და თვითიდენტობას.

თუ არსებობს განცდა, რომ ვინმე აკონტროლებს თქვენს ციფრულ სივრცეს, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ურთიერთობა არ უნდა მოითხოვდეს პირადი თავისუფლების დათმობას.

თავისუფლება არასოდეს უნდა იყოს სადავო.

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

სასიხარულო იყო ფინალური შეხვედრა სენაკში. დასრულდა ჭრა-კერვის საბაზისო კურსი. ორი თვის განმავლობაში ქალებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს და ბოლოს სერტიფიკატებიც მიიღეს.

ყოველ მათგანს კარგი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი აქვს და აწი ყველაფერი მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ფოთში

ფოთის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს 16-დღიან კამპანიაზე: ისტორიასა და ძირითად მიზნებზე, ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შემუშავებულ თემატურ საინფორმაციო მასალებს საკუთარ თემში გაავრცელებენ და აქტიურად ჩაერთვებიან ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს თვითდახმარების ჯგუფის სათემო ინიციატივები. წარმოდგენილი განაცხადები დამტკიცდა და განხორციელება დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელშიც გაერთიანებულია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ძალადობა ბოროტებაა! ჩვენ ვგმობთ ძალადობას! არ მივცეთ კონფლიქტს გამწვავების საშუალება!

ასე მოგვიწოდებდნენ ეს გოგო-ბიჭები 16-დღიანი კამპანიის დროს. ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები მინიაქციებს აწყობდნენ თავიანთ სკოლებში, ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებთან, არიგებდნენ თემატურ მასალებს და ამრიგად უერთებდნენ თავიანთ საპროტესტო ხმას კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის თვითდახმარების ჯგუფში შეხვედრაზე მოწვეული იყო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტოს ქუთაისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების  დაწესებულების უფროსი ნინო ხონელიძე.

შეხვედრის მიზანი იყო ჯგუფის წევრთა ინფორმირება ძალადობის შესახებ, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ადგილობრივი და სახელმწიფო სერვისების პოპულარიზება.

მათ  მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე, ასევე გადაეცათ ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო მასალები.

შეხვედრის მეორე ნაწილი სათემო ინიციატივების თემას დაეთმო. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პროექტები და როდის შეძლებენ მათ დაწყებას. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

რას მოიაზრებს 16-დღიანი კამპანია, რა ისტორია აქვს და რა მიზანი? - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან, რადგან  შეხვედრა  კამპანიის ფარგლებში გაიმართა.  

მონაწილეებმა  დააფიქსირეს, რომ ქალზე ძალადობა არის ბოროტება და ბოროტებას ქალთა ინფორმირებულობა უნდა დაუპირისპირდეს. ჯგუფის წევრებს გადაეცათ თემატური ბროშურები, რომელთაც საკუთარ თემებში დაარიგებენ. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯგუფის მიერ წარდგენილ სათემო ინიციატივებზე. განაცხადები დამტკიცებულია და ინიციატივები  დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.   

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ქალთა ფონდმა „სოხუმი“ გამართა რეგიონული კონფერენცია „16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის შედეგების გაზიარება.

კონფერენციას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 10 მუნიციპალიტეტიდან — ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალურ მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის პრევენცია როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ასევე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.

კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ პანელს:

ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობა
პრაქტიკული გამოცდილება: რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება, თემის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

ახალგაზრდების ინიციატივები
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კამპანიები და მცირე თემობრივი პროექტები, სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების მზარდი როლი თემების პოზიტიურ ცვლილებაში.

ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა
ფოკუსი: ფსიქოლოგიური დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრები, მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რომ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხე არის ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა — ონლაინ თვალთვალი, კიბერბულინგი, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა და ციფრული მანიპულაცია.

პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები