შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.
სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.
ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.
როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი“. ტრენერი შეეხო აქტუალურ თემებს: საჯარო პოლიტიკის ციკლი და ძირითადი ელემენტები, საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ ადვოკატირებისა და ლობირებისთვის. ხაზგასმულ იქნა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების ადვოკატირების მნიშვნელობა ეროვნულ დონეზე, რაზეც ტრენერმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. აღინიშნა, რომ ტრენინგი სასარგებლო იყო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის კუთხით.
ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან Kvinna till Kvinna იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების ადვოკატირებისათვის.
პროექტის კოორდინატორი რეგინა ეგოროვა მიესალმება ფონდის ადვოკატირების ინიციატივებს, რომელიც „ქვევიდან ზევით“ პრინციპით იდენტიფიცირებულია თავად ქალთა თემის აქტიური ჯგუფების მიერ, კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად მგრძნობიარე სისტემის (GREWS) გამოყენებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით თვალსაჩინოს ხდის არა მხოლოდ არსებულ საჭიროებებს, არამედ ქალთა ჯგუფების წარმოდგენებს მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო ცვლილებებზე.
სასიხარულო იყო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლის ინიციატივა - თავადაც ჩაერთოს საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაში.
გუბში რცხილნარის დარგვა უნდათ. დედალაურში - ცენტრალური გზის მოასფალტება. ძეძილეთის და გოჩა-ჯიხაიშის მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემა აქვთ.
ეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემებია. მოგვარების გზაც მოიძებნა...
ელექტრონული პეტიცია!
ეს თანამედროვე და მოხერხებული მექანიზმია.
პეტიცია (ლათ. „petitio“) არის წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების ორგანოებისადმი, კოლექტიური შუამდგომლობა.
ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა და გააადვილა პეტიციაზე ხელმოწერები, გააუმჯობესა მოქალაქეთა დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან. ინტერნეტ რესურსების გააქტიურებას ემსახურება ჩვენი პროექტიც „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.
დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.
დასრულდა პროექტის ახალი კომპონენტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ზუგდიდის ამომრჩევლისთვის ონლაინ პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის/კონსულტაციის აპლიკაციის“ (VAA) გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის გუნდი კონსულტაციებზე სამომავლო საქმიანობის საბოლოო დეტალებს აზუსტებს.
მომზადდა და კონსულტანტთან შეჯერდა პლატფორმაზე განსათავსებელი კითხვარი. განსაზღვრულია შეხვედრების ლოკაცია, სამიზნე ჯგუფები, გათვალისწინებულია შეხვედრების სპეციფიკა პანდემიის შეზღუდვების პირობებში.
ფონდ „სოხუმს“ მიღებული აქვს კარგი გამოცდილება საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მსგავსი პლატფორმის დანერგვის კუთხით, რაც პროექტის განხორციელებისას დაგვეხმარება.
პროექტის ფარგლებში 50 შეხვედრა ჩატარდება. პირველი შეხვედრები ივნისის ბოლოს იგეგმება. პლატფორმის გაცნობის კუთხით მალე დაიწყება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებიც.
ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.
პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.
მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.
მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...
რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.